22 სექტემბერი, 2016 წელი,
№ას-576-551-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ი/მ ჯ.ზ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ს.პ.ჯ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ნასყიდობის ფასის გადახდა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2014 წლის 3 და 10 ოქტომბერს ი/მ ჯ.ზ–სა (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემძენი) და შპს „ს.პ.ჯ–ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამყიდველი) შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (შემდეგში - ხელშეკრულება) საფუძველზე, მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 2 079 ლარის ღირებულების საწვავი (შემდეგში - საწვავი) (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, (შემდეგში სსკ-ის), 477-ე მუხლი).
2. 2014 წლის 3 და 10 ოქტომბერს გაფორმებული ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურები (შემდეგში - ნსაფ), სერია „..“, ინდივიდუალური ნომრები - 920194 და 932454 (იხ. ს.ფ. 14-15; ტ.1), ადასტურებს მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან 2 079 ლარის საწვავის შეძენას, ასევე, იმავე თარიღებით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით დადგენილია მოპასუხის მიერ 2 079 ლარის საწვავის ტალონების მიღების ფაქტი (იხ. ს.ფ. 90-91; ტ.1).
3. მიღება-ჩაბარების ორივე აქტს ხელს აწერს მოსარჩელის უფლებამოსილი წარმომადგენელი დ.მ. (შემდეგში მინდობილი პირი ან წარმომადგენელი).
4. მოპასუხის წარმომადგენლის მიერ, შეძენილ საწვავის ტალონებზე გაცემული საგადასახადო ანგარიშფაქტურები ელექტრონულად გაცემის დღესვე დადასტურებულ იქნა მოპასუხის სახელით.
5. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და საწვავის ღირებულება არ გადაიხადა.
6. 2015 წლის 25 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის წინააღმდეგ 2 079 ლარის დაკისრების მოთხოვნით {სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილი}.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი იმ საფუძვლით, რომ მას მოსარჩელისაგან საწვავი არ შეუძენია და, შესაბამისად, არც რაიმე სახის ვალდებულება არ გააჩნია.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 079 ლარის გადახდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ს 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლები.
8.1. საქალაქო სასამართლომ დადაგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც გამყიდველმა შემძენს მიაწოდა 2 079 ლარის საწვავი. მყიდველის მიერ ფულადი ვალდებულება არ შესრულებულა, შესაბამისად, მოპასუხეს/მყიდველს ეკისრებოდა მოსარჩელისათვის/გამყიდველისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.
9. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
9.1. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული;
9.2. გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტობრივ უსწორობებზე დაყრნობით, კერძოდ, მოპასუხე მიუთითებს, რომ არსებობდა დამტკიცებული, ელექტრონული ანგარიშფაქტურა, თუმცა მას არ დაუდასტურებია და ამიტომ სადავოდ ხდიდა გარიგების ნამდვილობას;
9.3. მოსარჩელეს არც საწვავის და არც ტალონების პირადად მოპასუხის მიერ გატანის ან გამოყენების თაობაზე რაიმე სახის დოკუმენტი/საბუთი სასამართლოში არ წარმოუდგენია;
9.4. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ საწვავის ტალონები მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე მისთვის უცნობმა პირმა გაიტანა. სასამართლომ საწვავის ტალონების მიმღები პირი, არასწორად მიიჩნია მის წარმომადგენლად, მხოლოდ ის, რომ აღნიშნული პირისათვის ცნობილი იყო მოპასუხის საიდენტიფიკაციო მონაცემები (პირადი ნომერი და პაროლი), არ ქმნიდა მითითებული პირის წამომადგენლად მიჩნევის საფუძველს. სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ ხელშეკრულება მოსარჩელესთან წარმომადგენლის მეშვეობით დადო, არასწორია და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას.
9.5. აპელანტის მითითებით, არ არსებობს რაიმე სახის ირიბი თუ პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საწვავის მიმღები პირი, მისი წარმომადგენელი იყო.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება.
10.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებთან მიმართებით, ვინაიდან ანგარიშფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშფაქტურა ეგზავნება უშუალოდ მყიდველს და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება მესამე პირს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხის სახელით ელექტრონულად დადასტურებული იქნა სადავო საწვავზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, მოსარჩელისათვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო, რომ მინდობილი პირი სადავო გარიგებების დადებისას მოქმედებდა, როგორც მოპასუხის წარმომადგენელი, რის გამოც აღნიშნული გარიგებები წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის - მოპასუხისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საწვავი მოპასუხემ შეიძინა.
10.2. სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების საფუძველზე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის ნამდვილად წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს საწვავის ღირებულება - 2 079 ლარი.
10.3. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა.
11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი დასაბუთებით:
11.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინების დასაბუთების მიზნით არასწორად მიუთითა სსსკ-ის 104.3 მუხლზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმა არეგულირებს ურთიერთობებს, როდესაც წარმომადგენლობითი ურთიერთობა რეალურად არსებობს, მაგრამ წარმომადგენელი არ მიაწვდის ინფორმაციას უფლებამოსილების არსებობის თაობაზე, თუმცა მეორე მხარე ივარაუდებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობის თაობაზე, ასეთ დროს გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის. მათ შემთხვევაში კი, სრულიად განსხვავებული ვითარება იყო, კერძოდ, წარმომადგენლობითი ურთიერთობა რეალურად არ არსებობდა, ხოლო წარმომადგენელმა მიაწოდა ინფორმაცია მეორე მხარეს ასეთის არსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებაზე, რომ მათ შემთხვევაში წარმომადგენლობითი ურთიერთობა მინიჭებული იყო, თითქოსდა, ზეპირად, მაშინ, როცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა. საგადასახადო ანგარიშფაქტურის ელექტრონულად დადასტურება არცერთ შემთხვევაში ავტომატურად არ გულისხმობს, რომ მყიდველმა მიიღო ანგარიშფაქტურით შეთანხმებული საქონელი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის (სსკ-ის 477-ე მუხლი) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მხარეებს წარმოეშვათ უფლება-მოვალეობები. გამყიდველი ვალდებული იყო, კასატორისათვის მიეწოდებინა საწვავი, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ვალდებული იყო, მიეღო საწვავი და გადაეხადა ფასი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი ანგარიშფაქტურები და მიღება-ჩაბარების აქტები ადასტურებს კასატორის მიერ მოწინააღმდეგე მხარისაგან საწვავის შეძენასა და მიღებას. აქედან გამომდინარე, შემძენი ვალდებული იყო, სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაეხადა ნასყიდობის ფასი - 2 079 ლარი.
17. ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის ინდივიდუალურ მტკიცებულებად შეფასების პირობებში საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნებს და განმარტავს, რომ „ნსაფ“ საჯარო სამართლის სფეროს მიკუთვნებული, კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სპეციალური დანიშნულების მქონე დოკუმენტია და ემსახურება საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებულ მიზანს - გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივი მდგომარეობის, ასევე, საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების განსაზღვრას. მიუხედავად ამისა, პალატა ამ მტკიცებულების ღირებულებით ძალას სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის არ უარყოფს, რადგანაც მისი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად შეფასებით შესაძლებელია, დადასტურებულ იქნეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი. უშუალოდ „ნსაფ“ თაობაზე კასატორის პოზიციის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლით, რომლის პირველი და 11 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო ანგარიშფაქტურა შეიძლება, გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. ამავე კოდექსის 1751 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია შემოიღოს ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც შეიცავს როგორც სასაქონლო ზედნადებით, ისე საგადასახადო ანგარიშფაქტურით (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურებით) გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, და განსაზღვროს მისი გამოწერისა და წარდგენის წესი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №..ნ ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია, განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინრეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის, www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე, საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის გადაყვანას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებს მას ავტორიზაციის შესახებ. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უგზავნის წერილობით უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, ვიდეოზარის/წერილობითი განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით.
18. ამ მტკიცებულების პარალელურად მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც შემძენის ნაცვლად ხელს აწერს წარმომადგენელი. მართალია, საქმეში არ არის მოპასუხის მიერ მინდობილი პირისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი, თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის კონკრეტული თავისებურების გათვალისწინებით, ეს გარემოება ვერ გახდება ნასყიდობის საგნის მიწოდების ფაქტის დადასტურებულად მიჩნევაზე უარის თქმის საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის 107-ე და 709-ე მუხლების დისპოზიციებიდან გამომდინარე, დავალების ხელშეკრულება შეიძლება, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით დაიდოს და მისი არსებობის მტკიცება, მოცემულ შემთხვევაში, ევალებოდა გამყიდველს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). წერილობითი ფორმა, ბუნებრივია, ამარტივებს მტკიცების ტვირთს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია შემდეგი უდავო გარემოებათა ერთობლიობა: შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის გამოყენებით ავტორიზებულმა მომხმარებელმა დაადასტურა „ნსაფ“ (რაც, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, უდავოდ უქმნიდა გამყიდველს რწმენას, რომ შემძენი დაეთანხმა ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებს); „ნსაფ-ში“ მითითებული პირობების შესაბამისად, ნასყიდობის საგნის მიღებაზე ხელი მოაწერა პირმა, რომელმაც განაცხადა, რომ მოქმედებს შემძენის დავალების ფარგლებში. ამ გარემოებათა ერთობლივი ანალიზი იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების წინაპირობას, რომ წარმომადგენელი შემძენის დავალების ფარგლებში მოქმედებდა, რომლის მიმართაც განხორციელებული შესრულებით გამყიდველის ვალდებულება შეწყდა, ხოლო საპასუხო შესრულების ვალდებულება წარმოეშვა შემძენს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან. (იხ. სუსგ; #ას-1701-1685-2011, 22.10.2012; #ას-389-373-2016, 28.06.2016).
20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ ჯ.ზ–ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი