26 ოქტომბერი, 2018 წელი,
საქმე №ა-3101-შ-81-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება საწარმოო-კომერციული დაწესებულება "მ."
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე #მ-160/2017)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს "ფ–ს" ღია სააქციო საზოგადოება საწარმოო-კომერციული დაწესებულება "მ–ს" სასარგებლოდ დაეკისრა ვალის ძირითადი თანხის სახით - 36 259,31 აშშ დოლარი, საურავი - 11 276,65 აშშ დოლარი და ღია სააციო საზოგადოება საწარმოო-კომერციული დაწესებულება "მ–ს" სარეგისტრაციო და საარბიტრაჟო ხარჯების ასანაზღაურებლად - 6 838 აშშ დოლარი.
2. ღია სააქციო საზოგადოება საწარმოო-კომერციული დაწესებულება "მ–ს" წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთმითითებული შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეს, შპს „ფ–ს“ დირექტორ ლ.რ–ს 2018 წლის 2 ოქტომბერს ჩაჰბარდა.
5. მოწინააღმდეგე მხარე შპს „ფ–ს“ კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ღია სააქციო საზოგადოება საწარმოო-კომერციული დაწესებულება „მ–ს“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს "ფ–ს" ღია სააქციო საზოგადოება საწარმოო-კომერციული დაწესებულება "მ–ს" სასარგებლოდ დაეკისრა ვალის ძირითადი თანხის სახით - 36 259,31 აშშ დოლარი, საურავი - 11 276,65 აშშ დოლარი და ღია სააციო საზოგადოება საწარმოო-კომერციული დაწესებულება "მ–ს" სარეგისტრაციო და საარბიტრაჟო ხარჯების ასანაზღაურებლად - 6 838 აშშ დოლარი.
7. ღია სააქციო საზოგადოება საწარმოო-კომერციულმა დაწესებულება „მ–მა“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
8. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-9 მუხლით დგინდება, რომ მათ შორის არსებობდა შეთანხმება, რომ ყველა დავა, რომელიც წარმოიშობა ხელშეკრულებიდან უნდა გადაწყდეს რუსეთის ფედერაციის სავაჭრო სამრეწველო პალატასთნ არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მისი რეგლამენტის შესაბამისად. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ასევე დგინდება, რომ მოპასუხეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა სასარჩელო მასალა. არბიტრმა მოპასუხეს შეატყობინა საქმის განხილვის შესახებ და განუსაზღვრა 30 დღე პოზიციის წარმოსადგენად. აღნიშნული გზავნილი მოპასუხეს ჩაჰბარდა. მოპასუხეს ასევე გაეგზავნა და ჩაჰბარდა შეტყობინება არბიტრის დანიშვნის შესახებ, თუმცა მას არ წარუდგენია არც შესაგებელი, არც აცილება და არც სხვა რაიმე შეპასუხება არბიტრის მიერ დავის განხილვასთან დაკავშირებით.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
10. 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ნიუ იორკის კონვენცია) მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია ცნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონედ და აღასრულოს ისინი იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმების შესაბამისად, სადაც მოითხოვება ამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოთ მოცემულ მუხლებში დადგენილი პირობების გათვალისწინებით. დაუშვებელია იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა დაა აღსრულებისათვის, რომელთა მიმართაც გამოიყენება ეს კონვენცია, დაწესებულ იქნას არსებითად უფრო მაღალი პირობები ან უფრო მაღალი გადასახადი ან სახელმწიფო ბაჟი, ვიდრე დაწესებულია ადგილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულებისათვის. ამავე კონვენციის მე-4 მუხლი ჩამოთვლის იმ დოკუმენტებს რომლებიც სასამართლოში უნდა წარადგინოს მხარემ რომელიც მოითხოვს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას. ამავე კონვენციის მე-5 მუხლი ჩამოთვლის იმ შემთხვევებს, რა დროსაც უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას შეიძლება უარი ეთქვას იმ მხარის მოთხოვნით, რომლის წინააღმდეგაც არის იგი მიმართული. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს შესაბამისად არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
11. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ნიუ იორკის კონვენციის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ღია სააქციო საზოგადოება საწარმოო-კომერციული დაწესებულება „მ–ს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე #მ-160/2017), რომლითაც შპს "ფ–ს" ღია სააქციო საზოგადოება საწარმოო-კომერციული დაწესებულება "მ–ს" სასარგებლოდ დაეკისრა ვალის ძირითადი თანხის სახით - 36 259,31 აშშ დოლარი, საურავი - 11 276,65 აშშ დოლარი და ღია სააციო საზოგადოება საწარმოო-კომერციული დაწესებულება "მ–ს" სარეგისტრაციო და საარბიტრაჟო ხარჯების ასანაზღაურებლად - 6 838 აშშ დოლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი