საქმე№ა-3789-შ-95-2018 26 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.პ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ვენის, ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის
# 6 P 111/17g-14 გადაწყვეტილება
დავის საგანი – მეურვედ დანიშვნა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ვენის, ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის # 6 P 111/17g-14 გადაწყვეტილებით, ლ.ზ–ას უფლებამოსილ პირად (მეურვედ) დაინიშნა ავსტრიის მოქალაქე მ.პ., მცხოვრები 1020 ვენაში, ....
2. მ.პ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2018 წლის 22 მარტიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 აგვისტოს განჩინებით მ.პ–ს შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ.პ–ს შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
4. ვენის, ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის # 6 P 111/17g-14 გადაწყვეტილებით, უდავოდაა დადგენილი, რომ ლ.ზ–ას უფლებამოსილ პირად (მეურვედ) დაინიშნა მისი შვილი მ.პ..
5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების თანახმად, უფლებამოსილი პირის (მეურვის) დანიშვნა ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე. სასამართლო გონივრულ ვადებში დაამტკიცებს, საჭირო იქნება თუ არა მეურვეობის გაუქმება ან შეცვლა და გასცემს შესაბამის ბრძანებებს. ასევე, მას, ვინც დანიშნულია უფლებამოსილ პირად (მეურვედ) შეუძლია გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანოს სასამართლოში. ზემოაღნიშნული გადაწყვეტლებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას 2018 წლის 22 მარტიდან.
6. გადაწყვეტლების გამოტანისას ვენის, ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლო დაეყრდნო ავსტრიის სამოქალაქო ქოდექსის 268-ე პარაგრაფის მე-3 ნაწილის მე-3 პუნქტს.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მეურვე არის როგორც ავსტრიის, ისე საქართველოს მოქალაქე, ხოლო პირი რომელსაც მეურვეობა ესაჭიროება საქართველოს მოქალაქეა.
9. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არის საქმეში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, 68-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.პ–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ვენის, ლეოპოლდშტადტის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის # 6 P 111/17g-14 გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.ზ–ას უფლებამოსილ პირად (მეურვედ) დაინიშნა მ.პ.;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი