26 ოქტომბერი, 2018 წელი,
საქმე №ა-4108-შ-104-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ-ის“ ფილიალი საქართველოში
მოწინააღმდეგე მხარე – დსს აზერბაიჯანის რ-ის ფილიალი საქართველოში
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლო #2-ის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება (საქმე # 2-2 (82)-137/2018)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლო #2-ის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე # 2-2 (82)-137/2018) თავდაპირველი მოსარჩელის - დსს აზერბაიჯანის რ-ის ფილიალის საქართველოში (ს/კ ….) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელის ავტორის - აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ-ის“ ფილიალის საქართველოში შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული და ფაქტობრივად შეძენილი საქონლების, შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურების ღირებულებებთან ერთად შპს „მ. კ. რ–ის“ შეკვეთის საფუძველზე მომზადებული (დადგენილი) დაახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ღირებულებებს შორის განსხვავება 82 733 225 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი საშუალების გამო ვალდებულების შესრულება დაეკისრა დსს აზერბაიჯანის რ–ის საქართველოს ფილიალს. შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–ის“ ფილიალმა საქართველოში შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლო #2-ის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და ცნობის შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 4 მაისს ხოლო მისი აღსრულება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ განხორციელებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთმითითებული შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეს, დსს აზერბაიჯანის რ–ის ფილიალს საქართველოში გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ქ. თბილისი, ..... და 19 სექტემბერს ჩაჰბარდა.
6. მოწინააღმდეგე მხარე დსს აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალმა საქართველოში კანონით დადგენილ ვადაში თავისი წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც მან მიუთითა ზემოაღნიშნული გადწყვეტილების ფაქტობრივ გარემოებებსა და სარეზოლუციო ნაწილზე, მანვე განმარტა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–ის“ ფილიალის საქართველოში შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლო #2-ის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების (საქმე # 2-2 (82)-137/2018) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლო #2-ის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი მოსარჩელის - დსს აზერბაიჯანის რ–ის ფილიალის საქართველოში (ს/კ .....) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელის ავტორის - აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–ის“ ფილიალის საქართველოში შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული და ფაქტობრივად შეძენილი საქონლების, შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურების ღირებულებებთან ერთად შპს „მ.კ.რ–ის“ შეკვეთის საფუძველზე მომზადებული (დადგენილი) დაახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ღირებულებებს შორის განსხვავება 82 733 225 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი საშუალების გამო ვალდებულების შესრულება დაეკისრა დსს აზერბაიჯანის რ–ის საქართველოს ფილიალს. შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
8. აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–ის“ ფილიალმა საქართველოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
9. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს შესულია კანონიერ ძალაში 2018 წლის 4 მაისიდან და ექვემდებარება აღსრულებას, იგი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ასევე დგინდება, რომ მოსარჩელე და მოპასუხე საქმის განხილვაში იღებდნენ მონაწილეობას.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
11. სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ მინსკის კონვენციის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობით აღიარებს და აღასრულებს შემდგომ გადაწყვეტილებებს, გამოტანილთ სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს, მათ შორის სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიალურ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით (შემდგომ - გადაწყვეტილებებს), გარდა იმ შემთხვევებისა რომლებიც გათვალისწინებულია მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობებს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, გათვალისწინებულთ 51 მუხლში, განიხილავენ იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოები, რომელთა ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ, პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ. ამავე კონვენციის 53-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.
12. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლო #2-ის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება (საქმე # 2-2 (82)-137/2018) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, მინსკის კონვენციის 51-ე, 54-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–ის“ ფილიალი საქართველოში შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლო #2-ის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება (საქმე # 2-2 (82)-137/2018), რომლითაც ხელშეკრულებაში გათვალისწინებული და ფაქტობრივად შეძენილი საქონლების, შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურების ღირებულებებთან ერთად შპს „მ.კ.რ–ის“ შეკვეთის საფუძველზე მომზადებული (დადგენილი) დაახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ღირებულებებს შორის განსხვავება 82 733 225 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი საშუალების გამო ვალდებულების შესრულება დაეკისრა დსს აზერბაიჯანის რ–ის საქართველოს ფილიალს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი