Facebook Twitter

საქმე №ას-561-561-2018 18 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. თ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ი. გ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი ან დაზარალებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. თ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან მოვალე) მიმართ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის _ 5 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 14 აპრილს, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მოსარჩელეს დაუზიანდა ჯანმრთელობა, რის გამოც 2016 წლის 18 აპრილამდე კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა, დიაგნოზით: სხეულის დაზიანებები, ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, მარცხენა ნათხემის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა, მარცხენა ბარძაყის მიდამოს დაჟეჟილობა, პირველი დონის ინტენსიური თერაპია. მკურნალობის შემდგომ დაზარალებულს მიეცა წოლითი რეჟიმის რეკომენდაცია და დაენიშნა მკურნალობა ბინაზე. ავტოსაგზაო შემთხვევისას სამართალდამრღვევ პირად მიჩნეულ იქნა მოპასუხე. მოსარჩელემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, სულიერი ტანჯვა და, მიუხედავად მოპასუხისადმი დახმარების მოთხოვნით არაერთგზის მიმართვისა, ამ უკანასკნელის მხრიდან არავითარი ზომები არ იქნა მიღებული, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიემართა სასამართლოსათვის. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ მოთხოვს იმ არამატერიალურ ზარალს, რაც მან განიცადა მოპასუხის მხრიდან ჯანმრთელობის დაზიანების გამო, თანხა მოიცავს ასევე მკურნალობისა და სარეაბილიტაციო პერიოდის განმავლობაში მისთვის ტკივილისა და ტანჯვის მიყენების ზარალსაც, რაც გამოიხატა წოლით რეჟიმში, საწოლზე მიჯაჭვაში, მორალურ შეურაცხყოფაში, რასაც აყენებდა მოპასუხე სრული გულგრილობისა და დაზარალებულის მდგომარეობით დაუინტერესებლობის გამო.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ავტოსატრასპორტო შემთხვევის საქმეზე სისხლის სამართლის წარმოება შეწყდა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო. მართალია მოპასუხე მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად, თუმცა, მხოლოდ ადმინისტრაციული სახის ჯარიმა დაეკისრა სიჩქარის გადაჭარბებისთვის, ხოლო, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შეჯახებას და ამ მიზეზით მოპასუხის ჯანმრთელობის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. მოპასუხე არაერთგზის მივიდა მოსარჩელის მოსანახულებლად სურსათ-სანოვაგით დატვირთული, თუმცა ეს უკანასკნელი სთხოვდა ყოველ თვიურად ფულად დახმარებას, რისი საშუალებაც მას არ გააჩნდა, თუმცა, არაერთგზის შესთავაზა მოსარჩელეს გონივრული თანხა - 500 ლარის ოდენობით, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა. კრედიტორი ყოველთვის ფეხზე ხვდებოდა და მწოლიარე არასოდეს უნახავს. გარდა ამისა, მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე მზაობა გამოხატა მორიგების ფარგლებში მოსარჩელისთვის 500 ლარის გადახდის თაობაზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოვალეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დამაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა 2 000 ლარის გადახდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი შეცვლით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელეს 2016 წლის 14 აპრილს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება და 2016 წლის 18 აპრილამდე გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას კლინიკაში, დიაგნოზით: სხეულის დაზიანებები, ქალა -ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, მარცხენა ნათხემის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა, მარცხენა ბარძაყის მიდამოს დაჟეჟილობა, პირველი დონის ინტენსიური თერაპია. მკურნალობის შემდგომ მიეცა წოლითი რეჟიმის რეკომენდაცია და დაენიშნა მკურნალობა ბინაზე;

1.2.2. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიხედვით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად აღძრულ საქმეზე სისხლის სამართლის წარმოება შეწყდა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, ამასთან, მოპასუხე მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად და სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა. მოპასუხის მიერ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შედეგად დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც მოსარჩელემ განიცადა მორალური ზიანი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს, რომლებიც სასამართლოს მხრიდან მორალური ზიანის დაკისრების წინაპირობების არასწორად დადგენას უკავშირდება. იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ სწორედ კასატორის მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციას მოჰყვა სხეულის დაზიანება, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მოპასუხე), მიუხედავად ბრალისა, ვალდებულია, პასუხი აგოს მართლსაწინააღმდეგო შედეგზე, რაც ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანია. სააპელაციო სასამართლომ სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილი და დადგენილი გარემოებების, ასევე, დაზარალებულის ასაკისა თუ მკურნალობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სწორად შეაფასა მორალური ზიანის ოდენობა 2 000 ლარით. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. მრავალთა შორის მაგ: სუსგ-ებები: #ას-452-431-2015, 28.09.2015წ; #ას-594-562-2015, 06.11.2015წ.). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 14.05.2018წ. #12 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე-–----- თ------ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ე-–----- თ------ეს (პ/#0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 14.05.2018წ. #12 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი