საქმე №ას-370-370-2018 2 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ბ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ვ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. თ. ვ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, დასაქმებული ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, დამსაქმებელი ან მოვალე) მიმართ, მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების _ 9 391 ლარისა და 2014 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 23 დეკემბრამდე დაყოვნებული თანხის 0,03%-ის _ 3 155,16 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 24 ივლისიდან 2013 წლის 31 მარტამდე მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიის ოფისმენეჯერის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა ყოველთვიურად 1 500 ლარს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მოპასუხე სისტემატურად აგვიანებდა მოსარჩელისათვის კუთვნილი შრომის ანაზღაურებას. 2014 წლის 31 მარტს, პირადი განცხადების საფუძველზე, დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოპასუხე კომპანიას მის სასარგებლოდ ერიცხება სახელფასო დავალიანება 9 391 _ ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ კრედიტორი კომპანიაში მუშაობდა 2012 წლის 24 ივლისიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით. მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1 500 ლარს, მაგრამ მხოლოდ სრული დატვირთვის დროს, სხვა შემთხვევაში, მას სხვა თანამშრომლების მსგავსად, ხელფასი მიეცემოდა ფაქტობრივად ნამუშევარი დღეების მიხედვით. პარალელურად, კრედიტორი დასაქმებული იყო სხვა ადგილზეც, ამიტომ მოპასუხე კომპანიაში სრული დატვირთვით ვერ მუშაობდა. ბუღალტრული გადარიცხვების შესაბამისად, კომპანიას სახელფასო დავალიანება არ ერიცხება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 3 216,48 ლარის, ასევე, 2014 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 23 დეკემბრამდე დაყოვენების ყოველი დღისათვის 3 216,48 ლარის 0,07%-ის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კრედიტორმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 4800 ლარის (დაბეგვრის შემდგომ), ასევე, 2012 წლის აგვისტოს ხელფასის დაყოვნებისათვის 23.93 ლარის, 2012 წლის ნოემბრის ხელფასის დაყოვნებისათვის 60.80 ლარის, 2012 წლის დეკემბრის ხელფასის დაყოვნებისათვის 58.80 ლარის, 2013 წლის იანვრის ხელფასის დაყოვნებისათვის 60,78 ლარის, 2013 წლის აპრილის ხელფასის დაყოვნებისათვის 86.02 ლარის, 2013 წლის აგვისტოს ხელფასის დაყოვნებისათვის 74.76 ლარის, 2013 წლის სექტემბრის ხელფასის დაყოვნებისათვის 83.59 ლარის, 2013 წლის დეკემბრის ხელფასის _ 900 ლარის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის გადახდა 2014 წლის 10 იანვრიდან 2014 წლის 23 დეკემბრამდე, 2014 წლის იანვრის თვის ხელფასის _ 1 500 ლარის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07% გადახდა 2014 წლის 10 თებერვლიდან 2014 წლის 23 დეკემბრამდე, 2014 წლის თებერვლის ხელფასის _ 1 500 ლარის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07% გადახდა 2014 წლის 10 მარტიდან 2014 წლის 23 დეკემბრამდე, 2014 წლის მარტის ხელფასის _ 900 ლარის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის გადახდა 2014 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 23 დეკემბრამდე.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელე ექვსთვიანი ვადით (3 თვე სტაჟირება, 3 თვე გამოსაცდელი ვადა) მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის, ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის გზის სარეკონსტრუქციო პროექტზე დოკუმენტ-კონტროლის პოზიციაზე და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1 500 ლარით, დაბეგვრის შემდგომ, ნამუშევარი დღეების პროპორციულად. ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ გააგრძელა მუშაობა მოპასუხესთან და მის მიერ მიღებული ყოველთვიური სარგო შეადგენდა 1 500 ლარს;
1.2.2. 2014 წლის 31 მარტს, მოპასუხე კომპანიაში თითქმის ორი წლის განმავლობაში მუშაობის შემდეგ, მოსარჩელე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;
1.2.3. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს გაუცემელი ხელფასი და შრომის ანაზღაურების დაყოვნებისათვის ყოველდღიური 0,07%-ის გადახდა 23.12.2014 წლამდე, კერძოდ: 2012 წლის აგვისტოს ხელფასის - 500 ლარის, 2012 წლის ნოემბრის ხელფასის - 1 000 ლარის, 2012 წლის დეკემბრის ხელფასის - 1 000 ლარის, 2013 წლის იანვრის ხელფასის - 500 ლარის, 2013 წლის აპრილის ხელფასის - 91 ლარის, 2013 წლის აგვისტოს ხელფასის - 1 300 ლარის, 2013 წლის სექტემბრის ხელფასის - 200 ლარის, 2013 წლის დეკემბრის ხელფასის - 900 ლარის, 2014 წლის იანვრის ხელფასის - 1 500 ლარის, 2014 წლის თებერვლის - 1 500 ლარის, 2014 წლის მარტის 900 ლარის - გადახდა, ასევე, შრომის ანაზღურების დაყოვნებისათვის 0,07%-ის გადახდა 2014 წლის 23 დეკემბრიდან ჯამში 3 155.16 ლარი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა სახელფასო დავალიანების გადახდა 3 216,48 ლარის ოდენობით. ასევე, დაყოვნებული თანხის _ 3 216,48 ლარის დაყოვნების ყოველი დღისთვის 0,07%-ის გადახდა 2014 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 23 დეკემბრამდე. აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მხარეებმა შეადარეს მოპასუხესთან არსებული ხელფასის დარიცხვა-მიღების მონაცემები და 12.12.2017წ. სხდომაზე დაადასტურეს, რომ მოსარჩელეს რეალურად მიღებული აქვს 01.10.2013 წლამდე ხელფასი (ამ თარიღამდე ხელფასის სახით მისაღები თანხა, იხ.: 12.12.2017წ. სხდომის ოქმი), შესაბამისად, მსჯელობის საგანი გაუცემელი 2013 წლის დეკემბრის ხელფასის - 900 ლარის, 2014 წლის იანვრის ხელფასის - 1 500 ლარის, 2014 წლის თებერვლის - 1 500 ლარის, 2014 წლის მარტის - 900 ლარის დაკისრებაა. ამ პერიოდში შრომითი ურთიერთობების არსებობა დაადასტურა მოპასუხემ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით, სადაც მიუთითა, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან დაინიშნა 24.07.2012წ.-დან 2014 წლის მარტის ჩათვლით. შემდგომ მოპასუხემ უარყო ამ პერიოდში მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა. სადავო პერიოდის ხელფასის გაუცემლობას მოპასუხე ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელე 2013 წლის 1 ოქტომბრიდან დასაქმდა ბრიტანეთის საელჩოში და არ ასრულებდა შრომით მოვალეობებს. ანუ მოპასუხის პოზიცია ხელფასის ამ პერიოდზე არგაცემაა და არა ნაწილობრივ ანაზღაურება. მოსარჩელე არ უარყოფს შესაბამის ცვლებში საელჩოში მუშაობას, თუმცა, განმარტავს, რომ მას არ შეუწყვეტია შრომითი ურთიერთობა მოპასუხესთან. მისი სამუშაო ბრიტანეთის საელჩოში და შრომითი ვალდებულებები მოპასუხესთან ქმნიდა მოპასუხის წინაშე სამუშაოს ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას. საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერით, მათ შორის, უშუალოდ მოპასუხის უფლებამოსილ თანამშრომლებთან შრომითი კომუნიკაციის ამსახველი მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე 2014 წლის აპრილამდე შრომით ურთიერთობაში იყო მოპასუხესთან (იხ.: 26.12.2017წ. სხდომის ოქმი 12:33:18-12:57:37). მიმოწერის ავთენტიკურობა სადავო არ გამხდარა. მიმოწერით დგინდება, რომ მოსარჩელე ახორციელებდა შრომით უფლება-მოავლეობებს სადავო პერიოდშიც, იღებდა სამსახურებრივ დავალებებს, ასრულებდა მათ. ის მიმოწერას აწარმოებდა კონტრაქტორებთანაც. ამ მტკიცებულებების გასაბათილებლად მოპასუხემ წარადგინა ე.წ. ტაბელები. 12.12.2017წ. სხდომამდე იგი უთითებდა, რომ 01.10.2013წ.-მდე მოსარჩელე იღებდა ხელფასს არასრულად, მხოლოდ ნამუშევარი დროის პროპორციულად, შემდეგ კი გაირკვა, რომ 01.10.2013წ.-მდე მოსარჩელეს ხელფასი სრულად ჰქონდა მიღებული. წინა პერიოდში მოსარჩელის შესაბამის აღრიცხვაზე მონაცემებით ტაბელები წარმოდგენილი არ ყოფილა. გარდა ამისა, მოსარჩელე თანამშრომელთა სიაში არ ფიქსირდება 2013 წლის ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში, 2014 წლის თებერვალში და ფიქსირდება 2014 წლის იანვარსა და მარტში. გაურკვეველია, რა პრინციპით ხდებოდა ტაბელების შედგენა. საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა საწარმოში ე.წ ტაბელების წარმოების შიდაკორპორაციული რეგულაცია, შესაბამისად, ნების გამოვლენისა და აღრიცხვის წესი და მისი სისწორის შემოწმება შეუძლებელია. საქმეში არსებული მიმოწერით დასტურდება, რომ მოპასუხეს ზოგადად ჰქონდა გარკვეული ფინანსური პრობლემები, რაც საწარმოში ხელფასების გაცემის საკითხსაც ეხებოდა, რაიმე მტკიცებულება, რაც დაადგენდა არასრული სარგოს სახით ხელფასის გაცემისა და მისი დაანგარიშების წესს, საქმეში არ მოიპოვება. საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის სტაჟირების და გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ხელფასზე ცალკე შეთანხმება, ამასთან, დადგენილია, რომ 2013 წლის ოქტომბრამდე ყოველთვიური ხელფასი გაიცა 1 500 ლარის ოდენობით (დაბეგვრის შემდგომ). საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო პერიოდში შრომითი ვალდებულებების ნაწილობრივი შესრულება. მიმოწერა ასახავს, რომ რა საჭიროებაც ჰქონდა მოპასუხეს და რა დავალებებსაც იღებდა მოსარჩელე, სათანადოდ რეაგირებდა, შესაბამისად, არსებობს ამ პერიოდზე გაუცემელი ხალფასის დაკისრების საფუძველი;
1.2.4. 2013 წლის დეკემბრის (900 ლარის), 2014 წლის იანვრის (1 500 ლარის), 2014 წლის თებერვლის (1 500 ლარის), 2014 წლის მარტის (900 ლარის) ხელფასის ჯამი შეადგენს 4 800 ლარს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა მხოლოდ 3 216,48 ლარი, რაც მას არ გაუსაჩივრებია;
1.2.5. აპელანტი ასევე მოითხოვს ხელფასის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტს 23.12.2014წ.-მდე. მოპასუხემ წარმოდგინა ხელფასის გაცემის დაყოვნების გამო პირგასამტეხლოს დაანგარიშება, რომელიც სხდომაზე განმარტა მოპასუხის უფლებამოსილმა თანამშრომელმა. წესი, რომ თითოეული თვის ხელფასი უნდა გაცემულიყო მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. რაც შეეხება დაანგარიშებას, მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ კუთხით, რომ ჩარიცხვები არ იყო იდენტიფიცირებული (რომელი ჩარიცხვით რა იფარებოდა). მოპასუხის განმარტებით, ყოველი მომდევნო ჩარიცხვით იფარებოდა არსებული (წინა) დავალიანება. თავად ჩარიცხვები (მათი ოდენობა) სადავო არ გამხდარა, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2012 წლის აგვისტოს ხელფასის დაყოვნებისათვის 23.93 ლარის (2,58+7,70+13,65) გადახდა; 2012 წლის ნოემბრის ხელფასის დაყოვნებისათვის 60.80 ლარის (1,12+0,40+12,25+24,50+22,53) გადახდა; 2012 წლის დეკემბრის ხელფასის დაყოვნებისათვის 58,80 ლარის გადახდა; 2013 წლის იანვრის ხელფასის დაყოვნებისათვის 60,78 ლარის (2,28+0,02+58,48) გადახდა; 2013 წლის აპრილის ხელფასის დაყოვნებისათვის 86.02 ლარის (1,16+84,86) გადახდა; 2013 წლის აგვისტოს ხელფასის დაყოვნებისათვის 74.76 ლარის (25,94+48,82) გადახდა; 2013 წლის სექტემბრის ხელფასის დაყოვნებისათვის 83,59 ლარის (22,81+32,76+3,40+24,62) გადახდა; 2013 წლის დეკემბრის ხელფასის 900 ლარის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის გადახდა 2014 წლის 10 იანვრიდან 23.12.2014 წლამდე; 2014 წლის იანვრის ხელფასის 1 500 ლარის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07% გადახდა 2014 წლის 10 თებერვლიდან 23.12.2014 წლამდე; 2014 წლის თებერვლის თვის ხელფასის 1 500 ლარის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07% გადახდა 2014 წლის 10 მარტიდან 23.12.2014 წლამდე; 2014 წლის მარტის ხელფასის 900 ლარის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07% გადახდა 2014 წლის 1 აპრილიდან 23.12.2014 წლამდე (2014 წლის მარტის ხელფასზე 0,07 %-ის გადახდა დაეკისრა არა 10 აპრილიდან (როგორც სხვა თვეებში), არამედ 1 აპრილიდან, რამეთუ განაცდური გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, დაკისრებული იყო (თუმცა ნაწილობრივ) ამ თარიღიდან, რაც მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია).
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა განმარტებები და მართებულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, როგორც შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის, ისე _ შრომის ანაზღაურებისა და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის თაობაზე, ამ მხრივ სწორად იქნა განაწილებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი (სსსკ-ის 102-ე მუხლი) და იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ დაამტკიცა სადავო პარიოდში შრომითი საქმიანობის განხორციელების ფაქტი, ხოლო მოპასუხემ ვერ წარადგინა შესაბამისი ანაზღაურების გაცემის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა და 32-ე მუხლის საფუძველზე სწორად დააკმაყოფილა სარჩელი ნაწილობრივ. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომის ანაზღაურების, ასევე, ანაზღაურების დაყოვნებისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ა. მ-ის მიერ 04.04.2018წ. #12 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ბ-ს“ (ს/კ #2-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ა. მ-ის მიერ 04.04.2018წ. #12 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე