საქმე №ას-466-466-2018 2 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სს „თ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოვალე) მიმართ, მოხმარებული ელექტროენერგიის (გადანაწილებული) დავალიანების _ 5 907,32 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სს „თ-ის“ #3-- აბონენტად რეგისტრირებულია შ. გ–ი. 2013 წლის 23 დეკემბერს მოპასუხესთან გაფორმდა დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება და დაგროვებული დავალიანება - 6 640,66 ლარი გადაუნაწილდა 90 თვეზე. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა განისაზღვრა 73,79 ლარით. მოპასუხე არ ფარავს აღიარებულ დავალიანებასა და მიმდინარე მოხმარებული ელექტორენერგიის საფასურს, რის გათვალისწინებითაც კრედიტორს წარმოეშვა უფლება, მოითხოვოს თანხის სრულად გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ აბონენტად რეგისტრირებული შ. გ–ი, იყო მისი პაპა, რომელიც გარდაცვლილია. დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მოხდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გათიშული იყო ელექტროენერგია და ვალის გადანაწილების შეთანხმების გარეშე მოსარჩელე უარს აცხადებდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე. მხარე თანახმა არ იყო ხანდაზმული დავალიანების გადახდაზე, მისთვის რომ ყოფილიყო შესაძლებელი ხანდაზმული თანხის გადახდაზე ეთქვა უარი, არ დათანხმდებოდა ხელშეკრულების დადებას. ხელშეკრულების გაფორმების გარეშე კი, არ ხდებოდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კრედიტორმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. თბილისში, ე.ბ–ის ქ#41-ში სს „თ-ის“ #3-- აბონენტად რეგისტრირებულია შ. გ–ი. მოპასუხე არის მისი შვილიშვილი, რომელიც ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე და მოიხმარდა ელექტროენერგიას;
1.2.2. აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე;
1.2.3. 2013 წლის 23 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება და მოპასუხეს 90 თვეზე გადაუნაწილდა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების _ 6 640,66 ლარის გადახდა, თვეში 73,79 ლარის გადახდის პირობით. გადანაწილებული თანხის გადახდის დასაწყისად განისაზღვრა 2014 წლის იანვარი;
1.2.4. #3-- აბონენტის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5 907,32 ლარს, საიდანაც 2 513,55 ლარი შეადგენს გადანაწილებული თანხის მიმდინარე დავალიანებას, ხოლო 3 393,90 ლარი გადანაწილებული თანხის დარჩენილ (მომავალში გადასახდელ) ოდენობას (20.02.2018წ. სხდომის ოქმი 13:14:46-13:17:15);
1.2.5. დავალიანების რესტრუქტურიზაციის შემდგომ პერიოდში მოპასუხის მიერ გადახდილი თანხების საერთო ჯამი, მათ შორის ვაუჩერის სახით დარიცხული თანხები, შეადგენს - 1 242,70 ლარს, ხოლო გადანაწილების შემდგომ სარჩელის აღძვრამდე პერიოდში აბონენტის მიერ მოხმარებული და ანაზღაურებული ელექტროენერგიის საფასური _ 109,49 ლარს;
1.2.6. აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 23 დეკემბერს გადანაწილებულ იქნა აბონენტის მიერ 2000 წლიდან 2013 წლის 23 დეკემბრამდე მოხმარებული ელექტროენერგია. დავალიანება წარმოშობილი იყო 2012 წლის 10 ივლისს და შეადგენდა 7 040,66 ლარს. 2013 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, თუ მოვალე ერთხელ მაინც დაარღვევდა გადახდის გრაფიკს, კრედიტორი უფლებამოსილი იყო, გადანაწილებული დავალიანების სრულად დაფარვის მოთხოვნით მიემართა სასამართლოსთვის;
1.2.7. სარჩელი აღძრულია 2015 წლის 3 ნოემბერს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს, რომლებიც ძირითადად დავალიანების ხანდაზმულად არასწორად მიჩნევას შეეხება და იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი. უპირველესად პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სემეკის 2008 წლის 18 დეკემბრის #20 დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით, და რადგანაც რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას მოპასუხეს არ განემარტა ხანდაზმული დავალიანების გადახდაზე უარის თქმის შესახებ, ასევე, ხელშეკრულების გაფორმება განპირობებული იყო ელექტროენერგიის მიწოდების აუცილებლობით, რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, როგორც მართლსაწინააღმდეგო, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია და სამართლებრივი ძალა არ გააჩნია, გარდა ამისა, სასამართლომ დავალიანების წარმოშობის მომენტი და ხანდაზმულობის საკითხი სწორად შეაფასა სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლების კონტექსტში და სწორად მიიჩნია, რომ ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოვალეს შეუძლია, უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მოთხოვნის ხანდაზმულობის, ასევე, ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-383-364-2015, 27 მაისი, 2016 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 04.04.2018წ. #72932 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 295,36 ლარისა და მის მიერვე 30.04.2018წ. #73769 საგადახდო დავალებით გადახდილი 4,64 ლარის, სულ _ 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „თ-ს“ (ს/კ #2--) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 04.04.2018წ. #72932 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 295,36 ლარისა და მის მიერვე 30.04.2018წ. #73769 საგადახდო დავალებით გადახდილი 4,64 ლარის, სულ _ 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე