Facebook Twitter

საქმე №ას-282-282-2018 4 მაისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ღ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ. ღ-ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან დამსაქმებელი) მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებილს ბრძანების ბათილად ცნობის, მუზეუმის ფონდების მცველის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სტრუქტურული ცვლილებები განპირობებული იყო სახელფასო ფონდის შემცირებით, ამასთან, შრომითი ურთიერთობა შეწყდა შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის სადავო ბრძანება და დასაქმებული აღდგენილ იქნა მუზეუმის ფონდების მცველის ტოლფას თანამდებობაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გათავისუფლებიდან სამუშაოზე აღდგენამდე განაცდურის _ თვეში 350 ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დადგენილი ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის მოტივით, ასევე, აპელანტს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, მოპასუხეს ჩაჰბარდა საპროცესო ვადის დარღვევით, ჩაბარებიდან 14-დღიან ვადაში მან გაასაჩივრა იგი სააპელაციო წესით. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით სააპელაციო პალატამ სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან ერთად აპელანტს დაავალა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის მიზეზის მითითება. მოპასუხე ორგანიზაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო, აპელანტს გამორჩა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის მითითება, თუმცა, მან ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და ამავე ვადის დაცვით მიმართა სააპელაციო პალატას, გასაჩივრებული განჩინებით კი, საპროცესო ვადის დარღვევის მოტივით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი განცხადებით დასტურდება, რომ საპროცესო ვადის დარღვევა გამოწვეულია სასამართლოს ბრალით (მოსამართლის შვებულებაში ყოფნის გამო), სასამართლომ მხოლოდ იმ მოტივით, რომ აპელანტს გამორჩა ამ ვადის დარღვევის მიზეზის მითითება, არ უნდა დატოვოს განუხილველად სააპელაციო საჩვარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 და 369-ე მუხლების გამოყენება-განმარტებისა და ამ კუთხით ფაქტობრივი გარემოებების შეფასების სისწორე. ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე ინფორმირებული იყვნენ მხარეები;

1.2.2. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა 2017 წლის 29 სექტემბერს. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2017 წლის 19 ოქტომბერი, 30-ე დღე _ 29 ოქტომბერი;

1.2.3. საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ მოპასუხემ, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით მიმართა კანონით გათვალისწინებული ზემოხსენებული ვადის დარღვევით _ 2017 წლის 6 ნოემბერს, თუმცა, დასტურდება ისიც, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო მოთხოვნის დაკმაყოფილება და მოგვიანებით, 2017 წლის 13 ნოემბერს, საკუთარი ინიციატივით გაუგზავნა მხარეს. რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ადრესატს ჩაბარდა 2017 წლის 16 ნოემბერს. საპროცესო ვადის ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ათვლის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარზე დართული საფოსტო კონვერტის შესწავლით დასტურდება, რომ საჩივარი ფოსტას ჩაბარდა ამავე წლის 30 ნოემბერს, ანუ მხარემ დაიცვა გასაჩივრების 14-დღიანი ვადა (სსსკ-ის 61.3 მუხლი);

1.2.4. სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და აპელანტს დაავალა:

ა) სახელმწიფო ბაჟის _ 336 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა;

ბ) სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გადაცილების მიზეზის მითითება;

გ) ხარვეზის გამოსწორების ვადა განსაზღვრა 10 (ათი) დღით და აპელანტს განემარტა მისი გამოუსწორებლობის შედეგების შესახებ;

1.2.5. განსაზღვრულ ვადაში აპელანტმა მიმართა სასამართლოს განცხადებით და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

1.2.6. 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით, იმ მოტივით, რომ მხარეს არ ჰქონდა მითითებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გადაცილების მიზეზი, სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარემ ხარვეზი სრულყოფილად არ გამოასწორა და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

1.3. საკასაციო პალატა ხაზგასმით არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, როგორც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების, ისე _ ხარვეზის ნაწილობრივ გამოუსწორებლობის თაობაზე და განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი-მე-4 ნაწილები ამომწურავად ადგენს იმ წინაპირობათა ჩამონათვალს, რომელსაც სააპელაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს, რათა იგი ფორმალურ-პროცესუალური თვალსაზრისით გამართულად იქნეს მიჩნეული და მიექცეს განსახილველად, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის დისპოზიცია კი, იმპერატიულია და ადგენს, რომ ხარვეზის დადგენა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არა თუ სააპელაციო სამართალწარმოების, არამედ საქმის განხილვის არცერთი ინსტანციის მარეგულირებელი წესები არ იძლევა შესაძლებლობას, სასამართლომ დაადგინოს ხარვეზი და მხარეს მოსთხოვოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადის დარღვევის მიზეზის განმარტება, რადგანაც, თუკი მოსამართლე დაასკვნის, რომ გასაჩივრების საპროცესო ვადა დარღვეულია, მიუხედავად ამ ვადის დარღვევის საპატიო მიზეზის არსებობისა, ვალდებულია, საჩივარი დატოვოს განუხილველად, რადგანაც ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის მიზეზის გადაცილების ნაწილში მხარეს არასწორად დაუდგინდა ხარვეზი და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა არასწორად დაედო საფუძვლად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, საქმის მასალებით დგინდება და სააპელაციო პალატაც იზიარებს, რომ ამ ნაწილში ხარვეზი დროულად იქნა გამოსწორებული.

1.4. საპროცესო ვადის საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო/საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადით შეზღუდვა სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპს ემყარება, თუმცა ეს ვადა სასამართლოს მხრიდან ყოველთვის ზედმიწევნით უნდა იქნეს შესწავლილი, რათა დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს ამავე კოდექსის მე-2 მუხლით, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამასთანავე, სასამართლოს მხრიდან საკითხის ზედმიწევნითი ანალიზი უზრუნველყოფს მოგებული მხარის ინტერესების დაცვასაც, რაც გონივრული პროპორციაა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 მუხლი).

1.4.2. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის კონტექსტში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რაიონულმა სასამართლომ, მიუხედავად მხარის მიერ საპროცესო ვადის დარღვევით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნისა, ვერ უზრუნველყო მოპასუხის ინტერესების დაცვა, მან გადაწყვეტილება მოგვიანებით გაუგზავნა მხარეს და ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მან დადგენილ ვადაში წარადგინა სააპელაციო საჩივარი (იხ. ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.2.-1.2.3. პუნქტები). ამ ფაქტების ყოველმხრივი ანალიზი (სსსკ-ის 105-ე მუხლი) ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია სასამართლოს მხრიდან საპროცესო ვადის დარღვევის თაობაზე, საფუძვლიანია.

1.5. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუშვებელია მხარეს წაერთვას მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმის მასალების ანალიზი არ იძლევა უალტერნატივო დასკვნის საფუძველს იმისა, რომ თავად მხარემ დაარღვია ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი