Facebook Twitter

26 ოქტომბერი, 2018 წელი,

№ას-1384-2018 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ქ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „კ–ის“ სარჩელი შპს „ქ–ს მიმართ, რომლითაც ის მოითხოვდა შპს „ქ–თვის შპს „კ–ის სასარგებლოდ დავალიანების სახით 55 931 ლარის გადახდის დაკისრებას, დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის საოქმო განჩინებით, შპს „ქ–ს“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

4. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდა მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 25 ლარი.

6. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა 2018 წლის 11 ოქტომბერს ჩაიბარა.

7. კერძო საჩივრის ავტორმა 2018 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ამავე წლის 11 ოქტომბერს ჩაჰბარდა. სსსკ-ის მე-60-ე 61-ე მუხლების შესაბამისად ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 12 ოქტომბერს და დასრულდა ამავე წლის 15 ოქტომბერს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, კერძო საჩივრის ავტორმა 2018 წლის 16 ოქტომბერს, ანუ საპროცესო ვადის დარღვევით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი შემოიტანა.

10. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე, 416-ე, 63-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ქ–ს“კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ქ–ს“ (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150 დაუბრუნდეს გ.ო–ის (პ/ნ ....) მიერ 2018 წლის 2 აგვისტოს #0 საგადახდო დავალების მიხედვით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარიდან - 25 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მზია თოდუა