Facebook Twitter

საქმე №ას-1175-2018 19 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს „ი. გ.“, ნ. კ-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.მ.მ.ა ინვესტიციები“ („B.M.M.A INVESTMENTS“) (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება ხელახალი განხილვის მიზნით

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „ბ.მ.მ.ა ინვესტიციებმა“ („B.M.M.A INVESTMENTS“) (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი. გ.“ და ნ. კ-ის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

მოპასუხეებიდან ნატალია კვანტალიანმა სარჩელი არ ცნო, ხოლო შპს „ი. გ.“ შესაგებელი არ წარუდგენია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ი. გ.“ და ნ. კ-მა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება ხელახალი განხილვის მიზნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შპს „ი. გ.“ და ნ. კვ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კასატორებს დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად ნ. კ-ის მიერ მ. წ-ის სახელზე შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი ან ნ. კ-ის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის, მათ შორის შპს „ი. გ.“ – 8 000 ლარის და ნატალია კვანტალიანს - 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების დედნები.

ნ. კ-ათვის ხარვეზის განჩინებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო შპს „ი. გ-ათვის“ დადგენილ ვადაში მ. წ-ძემ სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომელსაც თან ერთვის ნ. კ-ნის მიერ მ. წ-ძის სახელზე გაცემული რწმუნებულება, კასატორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და ნ. კ-ნის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამასთან, განცხადებაში მ. წ-ძე აღნიშნავს, რომ სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად საერთო ჯამში უნდა დაედგინა მხოლოდ 8 000 ლარი, ვინაიდან შპს „ი. გ.“ და ნ. კ-ნი არიან სოლიდარული მოვალეები და იმ შემთხვევაში თუ ნ. კ-ნი სახელმწიფო ბაჟის სახით ცალკე გადაიხდის 6 000 ლარს, ხოლო შპს „ი. გ.“ – 8 000 ლარს, მაშინ კასატორების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა გაორმაგებული იქნება, რადგან დავის საგნის საერთო ღირებულება, რომლის გადახდასაც სარჩელით ნ. კ-ნს ედავებიან, წარმოადგენს 467 500 აშშ დოლარს, რომელშიც შედის შპს „ი. გ-ათვის“ გადასახდელად დასაკისრებელი თანხაც. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ თუ სასამართლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობას დაადგენს საერთო ჯამში 8 000 ლარს, ნ. კ-ნი მზადაა დამატებით გადაიხადოს 2 000 ლარი, ხოლო თუკი სასამართლო შპს „ი. გ.“ ცალკე დააკისრებს სახელმწიფო ბაჟს 8 000 ლარს, განმცხადებელი შუამდგომლობს სასამართლომ ნაწილობრივ გაათავისუფლოს შპს „ი. გ.“ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და გადასახდელად დაუდგინდეს სახელმწიფო ბაჟი 2 000 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივრის, საქმეში არსებული მასალების, წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნ. კ-ნის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო შპს „ი. გ.“ უნდა გაუგრძელდეს ხარვეზის შევსების ვადა შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შპს „ი. გ.“ და ნ. კ-ნის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კასატორებს დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად ნ. კ-ნის მიერ მ. წ-ძის სახელზე შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი ან ნ. კ-ნის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის, მათ შორის შპს „ი. გ.“ – 8 000 ლარის და ნ. კ-ნს - 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების დედნები.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორებს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ... ქ. 12. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებებით დგინდება რომ, ნ. კ-ნის სახელზე გაგზავნილი გზავნილი ჩაიბარა ნ. კ-ნის ბიძაშვილმა ს. ფ-მა 2018 წლის 4 ოქტომბერს, მანვე ჩაიბარა შპს „ი. გ.“ სახელზე გაგზავნილი გზავნილიც 2018 წლის 4 ოქტომბერს, ნ. კ-ზე გადასაცემად (იხ. ტ. 2, ს.ფ. 611-612). ვინაიდან შპს „ი. გ.“ შემთხვევაში გზავნილი ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა, აღნიშნულის გამო ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა კომპანიის წარმომადგენელს მურმან წიქვაძეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ლ. ქ. პირველი ჩიხი #.... (საადვოკატო ბიურო „წ-ძე და კ-ძე“) და ჩაბარდა პირადად ადრესატს 2018 წლის 9 ოქტომბერს (იხ. ტ. 2, 614).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა ნ. კ-ათვის დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2018 წლის 5 ოქტომბერს და ამოიწურა 2018 წლის 11 ოქტომბერს.

2018 წლის 12 ოქტომბერს, ანუ ნ. კ-ათვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, მ. წ-ძემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა ნ. კ-ნის მიერ მ. წ-ძის სახელზე გაცემული რწმუნებულება, კასატორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და ნ. -

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან დადგენილია, რომ ნ. კ-ნს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო საჩივრის მისი მოთხოვნის ნაწილში განუხილველად დატოვების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარეს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 6000 ლარი.

რაც შეეხება შპს „ი. გ.“ წარმომადგენლის მოსაზრებას სახელმწიფო ბაჟის დაანგარიშებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ბ.მ.მ.ა ინვესტიციების“ („B.M.M.A INVESTMENTS“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ი. გ.“ მოსარჩელის შპს „ბ.მ.მ.ა ინვესტიციების“ („B.M.M.A INVESTMENTS“) სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 220 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მოპასუხე ნ. კ-ნს მოსარჩელე შპს „ბ.მ.მ.ა ინვესტიციების“ („B.M.M.A INVESTMENTS“) სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 247 500 აშშ დოლარის გადახდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება გადასახდელი თანხით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით კასატორებს ინდივიდუალურად დაეკისრათ დავალიანების გადახდა, საკასაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დაანგარიშებული კასატორების მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა თითოეულისათვის დაკისრებული დავალიანების მიხედვით.

რაც შეეხება შპს „ი. გ.“ წარმომადგენლის შუამდგომლობას კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია, სასამართლოს წინაშე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, დაადასტუროს თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის წარმომადგენელი შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კასატორის ნაწილობრივ გათავისუფლების თაობაზე ისე, რომ არ წარმოუდგენია კასატორის ფინანსური მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მის გადახდისუუნარობას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შპს „ი. გ.“ გაუგრძელდეს ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალოს წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის – 8 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63, 64-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ი. გ.“ და ნ. კ-ნის საკასაციო საჩივარი ნ. კ-ნის მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად;

2. ნ. კ-ნს ( პირადი ნომერი 01006005440) დაუბრუნდეს მ. წ-ძის (პირადი ნომერი 01....) მიერ 2018 წლის 12 ოქტომბერს N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 6000 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. შპს „ი. გ.“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ი. გ.“ გაუგრძელდეს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალოს მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);

5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნას შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

6. განემარტოს კასატორს, რომ, თუ მითითებულ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდება, საკასაციო საჩივარი შპს „ი. გ.“ მოთხოვნის ნაწილში არ მიიღება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად და დარჩება განუხილველი;

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური