Facebook Twitter

საქმე №ას-877-819-2017 11 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ა. ი-ი, მ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ქ-ა (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხეები: ლ., ს., ნ. და გ. ი-ები

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ნატო ქაჯაიამ (შემდგოში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ავთანდილ იოსელიანის, მზია გერლიანის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები ან მფლობელები), ს., ნ. და გ. ი-ების (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხეები) მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი, ქ.თბილისში, სოფელ ....., ს. ქ#25-ში მდებარე უძრავი ქონების გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მესაკუთრისათვის გადაცემის მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით ავთანდილ იოსელიანმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენია, იგი ამ ქონებით გამდიდრდა უსაფუძვლოდ, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 თებერვლის სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს სადავო უძრავი ქონება;

3.2. ამავე სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებით მოპასუხეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში და მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მათი გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის არსებითად განსახილველად დაბრუნება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომელიც მოგვინებით, 2017 წლის 11 მაისის განჩინებით გაგრძელდა, თუმცა, სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რის გამოც ვერ გამოასწორა მხარემ იგი. ასევე არ იქნა გათვალისწინებული ის, რომ აპელანტებს ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი, რომელიც ხშირად ავადმყოფობს და საჭიროებს მკურნალობას, მანვე არ გაითვალისწინა აპელანტების ბოლო შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. სასამართლოს ამგვარი ქმედებით კერძო საჩივრის ავტორების მიმართ დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებული ფუნდამენტური პრინციპი, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ ორივე მხარის კანონიერი ინტერესი თანაბრად უნდა დაიცვას. გაურკვეველია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ აპელანტები ცდილობდნენ პროცესის გაჭიანურებას ან როგორ იქნა მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები ხელყოფილი, ასევე, არსებულ ვითარებაში რატომ იყო არადამაჯერებელი აპელანტების მძიმე სოციალური მდგომარეობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ა. ი-ისა და მ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება, შესაბამისად, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა;

1.2.2. სააპელაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, რომ იგი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ამასთანავე, საჩივარი არ შეიცავდა არც რაიმე შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხზე და არც აპელანტთა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები ერთვოდა მას, რის გამოც, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და მის ავტორებს 10-დღიანი ვადის დაცვით დაავალა სახელმწიფო ბაჟის _ 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა, ასევე, ამომწურავად განუმარტა საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის სამართლებრივი შედეგები;

1.2.3. განსაზღვრულ ვადაში აპელანტებმა შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითებით იშუამდგომლეს საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე. რაიმე მტკიცებულება, რაც განცხადებაში მითითებულ ფაქტს დაამტკიცებდა, წარმოდგენილი არ არის;

1.2.4. 2017 წლის 11 მაისის განჩინებით პალატამ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აპელანტებს ხარვეზის გამოსწორების ვადა გაუგრძელა 10 დღით, შესაბამისად, კვლავ განუმარტა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები;

1.2.5. აპელანტებმა დადგენილ ვადაში კვლავ განცხადებით მიმართეს სასამართლოს და ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითებით ითხოვეს საპროცესო ვადის გაგრძელება, რაც აღარ იქნა გაზიარებული სააპელაციო პალატის მხრიდან და მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

1.3. საკასაციო პალატა ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგანაც აპელანტებს სასამართლოს მიერ დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებიათ, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ, როგორც პირველი, ისე _ შემდგომი განცხადებები არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მათში საუბარია მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, რომელიც მტკიცებას ექვემდებარება, ხოლო რაიმე მტკიცებულება, რაც ამ ფაქტს დაადასტურებდა, არ ერთვის არა თუ განცხადებებს, არც სააპელაციო საჩივარს და მით უფრო, არც კერძო საჩივარს, თავის მხრივ, საგულისხმოა, რომ საპროცესო სტანდარტი შუამდგომლობის წარმატებულობის მიზნით, მის დასაბუთებაზეა ორიენტირებული (იხ. სსსკ-ის 215.1 მუხლი), მიუხედავად ამისა, სასამართლომ არა ერთხელ გაიზიარა მხარის პოზიცია, თუმცა ამ ქმედებას შედეგი არ მოჰყოლია. აქვე მნიშვნელოვანია, რომ წარდგენილი შუამდგომლობებით აპელანტები მოითხოვდნენ საპროცესო ვადის გაგრძელებას და არა მათი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებას, შესაბამისად, სასამართლო საკუთარი ინიციატივით ვერ იმსჯელებდა მათ მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებაზე.

1.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს მხარის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპის დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლი), თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლოს ხელმისაწვდომობა თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის გარანტირებულ უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

1.4.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებული უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპის შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

1.5. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ აპელანტებს არ დაუცავთ არც სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული წესები და არც კანონით დეკლარირებული წინაპირობა ქონებრივი მდგომარეობის დადასტურებისა, რის გამოც, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ აპელანტების ქცევა საპროცესო ვადის უსასრულოდ გაგრძელების შესახებ შუამდგომლობების წარდგენის თაობაზე სცდებოდა მართლმსაჯულების ინტერესებს, რის გამოც, ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, კერძო საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი შედავება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ი-ისა და მ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური