Facebook Twitter

№ას-1589-2018 26 ოქტომბერი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - თ.კ., ლ.ქ–ძე, ე.ქ–ძე, დ.ქ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - დ.ჩ.

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება; საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ.ჩ–ს სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა თ., გ., გ., ლ., დ. და ე.ქ–ძეების უკანონო მფლობელობიდან დ.ჩ–ს საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინა #71 (ს/კ ....) გამოთხოვასა და თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას, დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე თ.კ–მ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.

4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტმა თ.კ–მ და მოპასუხეებმა არასრულწლოვანმა ლ., ე. და დ.ქ–ძეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

ლ., ე. და დ.ქ–ძეების საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო თ.კ–ს საკასაციო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

6. სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ თ.კ.ს საკასაციო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ვინაიდან აკმაყოფილებს სსსკ-ის 396-ე და 397-ე მუხლების მოთხოვნებს. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

7. ლ., ე. და დ.ქ–ძეების საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენენ საკასაციო გასაჩივრების სუბიექტებს. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

8. მოცემულ შემთხვევაში კასატორებს კერძოდ კი თ.კ–ს, როგორც არასრულწლოვნების დედას, მათ კანონიერი წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია თავისი შვილების სახელით. შესაბამისად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არასრულწლოვნების ნაწილში შევიდა ძალაში. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ვინაიდან თ.კ–მ არ გამოიყენა სსსკ-ის 364-ე მუხლით განსაზღვრული უფლება მისმა შვილებმა დაკარგეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ქ–ძის, ე.ქ–ძისა და დ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. წარმოებაში იქნეს მიღებული თ.კ.ს საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად;

3. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს ამ განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი საკასაციო საჩივარზე;

4. სამოქალაქო საქმეთა პალატის კოლეგიური შემადგენლობა, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მზია თოდუა