Facebook Twitter

საქმე №ას-1642-2018 31 ოქტომბერი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი.ც. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შ.ზ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ.ზ–ძის სარჩელი ი.ც–ის მიმართ, რომლითაც ის მოითხოვდა შ.ზ–ძესა (პ/ნ ....) და ი.ც–ს (პ/ნ .....) შორის 2012 წლის 21 ივნისს №...... სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას დაკმაყოფილდა.

2. 2018 წლის 3 აპრილს მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა საჩივარი შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, შ.ზ–ძესა (პ/ნ .....) და ი.ც–ს (პ/ნ .....) შორის 2012 წლის 21 ივნისს №..... სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ის მოითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას დაკმაყოფილდა. სამოქალაქო საქმე №2-2046/16 17/18 შ.ზ–ძის სარჩელის გამო, ი.ც–ის წინააღმდეგ, არსებითი განხილვისთვის დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

6. აღნიშნული განჩინება ამავე წლის 12 ოქტომბერს საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო და აღწერილობითი ნაწილის შეცვლის მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ არასწორია მითითება, თითქოს მოსარჩელესა და მოპასუხეს წლებია შეწყვეტილი აქვთ ურთიერთობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს ამოწმებს საქმის გადაცემიდან ათი დღის ვადაში და სხვა საკითხებთან ერთად ადგენს შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ.

8. მოცემულ შემთხვევაში ი.ც–ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინება რომლითაც მისივე სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, კერძოდ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სამოქალაქო საქმე №2-2046/16 17/18 შ.ზ–ძის სარჩელის გამო, ი.ც–ის წინააღმდეგ, არსებითი განხილვისთვის დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი. საკასაციო საჩივრით კასატორი მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და ეს შედეგი მისი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღწევადი და მისთვის სასარგებლო უნდა იყოს.

11. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით (საკასაციო) მიმართოს მხოლოდ თავისი უფლების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, კასატორისათვის სასარგებლო შედეგი დადგა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ფაქტობრივად, საკასაციო საჩივრით, კასატორი ასაჩივრებს თავის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. მითითებული ნორმის ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველსაც: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი (იხ. სუსგ-ებები №ას-1075-1033-2016 3 თებერვალი, 2017 წელი; №ას-1334-1254-2017, 13 ნოემბერი, 2017 წელი; №ას-710-1011-09, 7 სექტემბერი, 2009 წელი).

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თავისი არსით, წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია. ამდენად, აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ვინაიდან სააპელაციო მოთხოვნიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით, კასატორის მიმართ დადგა მისთვის სასურველი შედეგი, შესაბამისად, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს საკასაციო სუბიექტს.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, იმ შემთხვევაშიც, კი თუ საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული, მხარე ამ დავაში ვერ მიიღებდა იმაზე უკეთეს შედეგს რაც მის მიმართ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა. ამდენად, ი.ც–ი არაუფლებამოსილია საკასაციო საჩივარი შეიტანოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის განჩინებაზე, რომელიც მის სასარგებლოდ არის გამოტანილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ც–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე : მზია თოდუა