№ას-293-293-2018 30 მარტი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – გ.ყ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ.ტ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ავტომანქანა „SUZUKI SIDEKICK JX“ სახელმწიფო ნომრით ....., რომელსაც მართავდა გ.ყ. (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) 2017 წლის 17 თებერვალს ქალაქ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევისას, შეეჯახა ავტომანქანა - SUBARU LEGALCY სახელმწიფო ნომრით ...., რომელსაც მართავდა დ.ტ–ძე (შემდეგში მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე).
2. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ მოპასუხე ცნობილი იქნა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დამრღვევად და დაეკისრა ჯარიმა, 250 ლარი.
3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 თებერვლის #5001066317 დასკვნით, ავტომანქანის დაზიანებით გამოწვეულმა მატერიალურმა ზიანმა 1598 ლარი შეადგინა.
4. 2017 წლის 18 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოსარჩელემ, მიყენებული ზიანის, 1598 ლარის, ანაზღაურების მოთხოვნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 1598 ლარის გადახდა დაეკისრა. მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარის, უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის 241 ლარის, ავტოსადგომისა და ტრანსპორტირების საფასურის 108 ლარისა და შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი რეგისტრაციის საფასურის, 21 ლარის გადახდა.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება 799 ლარისა და საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში შემდეგი საფუძვლით:
6.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა მოსარჩელის ბრალს ზიანის მიყენებაში, მისი მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში სსკ-ის 415 მუხლის თანახმად, სასამართლოს ნაწილობრივ უნდა დაეკმაყოფილებინა, ხოლო სხვა ხარჯების დაკმაყოფილების ნაწილშია უარეყო.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო:
7.1. პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათის იყო. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 1598 ლარის გადახდა დაეკისრა. აპელანტმა გადაწყვეტილება 799 ლარის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობაზე - 1000 ლარზე ნაკლებია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა შემდეგ გარემოებაზე მითითებით:
8.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, საჩივრის საერთო ფასია არა 799 ლარი, არამედ 1598 ლარი, ეს თანხაა მითითებული სარჩელშიც, შესაბამისად, არსებობს განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
11. გასაჩივრებული განჩინებით, კასატორის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
12. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ღირებულება გამოითვლება არა სარჩელის ფასიდან, რაც, მოცემულ შემთხვევაში, 1598 ლარია, არამედ გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის ღირებულების მიხედვით. ამასთან, სააპელაციო საჩივრის, ისევე, როგორც სარჩელისა თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრისას, გაითვალისწინება მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივი ნაწილი იმგვარად, რომ სასამართლო პროცესის ხარჯები, დავის საგნის ღირებულებაში არ შედის, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე, ასევე, 249.5 და 389.3 მუხლების ძალით, სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს პროცესის ხარჯები იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული (იხ. სუსგ # ას-297-281-2017, 07.04.207წ; # ას-564-535-2015, 17.07.2015წ).
13. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრით ირკვევა, რომ იგი ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას არა სრულად, არამედ ნაწილობრივ, კერძოდ 799 ლარის ნაწილში (იხ. ტ.1. ს.ფ.103). ასეთი დასკვნა გამომდინარეობს ასევე, სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან, სადაც აპელანტი უთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასამართლოს ნაწილობრივ უნდა დაეკმაყოფილებინა, ამიტომაც მიუთითა 415-ე მუხლზე (თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი), (1598:2=799 ლარი), რაც ვერ აკმაყოფილებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების კუთხით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს და იგი მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო სასამართლომ.
14. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილია სააპელაციო საჩივრის ღირებულება, რომელიც არ შეიძლება იყოს 1000 (ათასი) ლარზე ნაკლები. სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც მას აქვს საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). საკასაციო სასამართლო, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში, დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას, ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვ; იხ. სუსგ # ას- 230-218-2016, 28.04.2017წ.). სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი, მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერ წინაპირობას წარმოადგენს, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება, ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR)“ -იხ. სუსგ ას-692-646-2017, 14.07.2017წ.)
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ყ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება;
3. გ.ყ–ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის გადახდა;
4. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი