№ას-1152-1072-2017 29 დეკემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ლ.ლ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი.ნ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2015 წლის 13 თებერვალს თ.კ–სა (შემდეგში - მსესხებელი ან მოვალე) და ი.ნ–ძეს (შემდეგში - მოპასუხე, გამსესხებელი ან კრედიტორი) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ -ის, 623-ე და 286-ე მუხლები; იხ. ხელშეკრულება, ტ.1. ს/ფ 17-20) , შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 24 000 აშშ დოლარი, სესხის დაბრუნების ვადა - სამი თვე, 2015 წლის 14 მაისი, თვეში 2,5% სარგებლის დარიცხვით. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქალაქ თბილისში, გლდანის მასივში, ....... მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №....... (შემდეგში - იპოთეკის საგანი). ხელშეკრულება ითვალისწინებს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს - გადასახდელი თანხის 0,12%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. 2015 წლის 11 ნოემბრიდან იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე ლ.ლ–ძეა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 11.11.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ტ.1. ს.ფ. 35-36).
3. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სესხი, რის გამოც მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.
4. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, 2015 წლის 24 ნოემბერს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 24-25). სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 24 000 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 14 ივლისიდან აღსრულებამდე, ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124.36 ლარით. ვალდებულების შესრულების მიზნით, აღსასრულებლად მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
5. 2016 წლის 14 იანვარს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ ნოტარიუსის მიერ გაცემულ #151280968 სააღსრულებო ფურცელში მითითებული სესხის ძირის, 2 000 აშშ დოლარით შემცირების, მისი 22 000 აშშ დოლარით განსაზღვრისა და პირგასამტეხლოს ოდენობის 0.03% განსაზღვრის მოთხოვნით.
5.1. მოსარჩელის მითითებით, სესხის ძირითადი თანხიდან, 24 000 აშშ დოლარიდან, 2 000 აშშ დოლარი გადახდილია. ამასთან, მიაჩნია, რომ ყოველდღიური პირგასამტეხლო, 0.12%, არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია.
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ პირგასამტეხლო მან აღსრულების ეტაპზე შეამცირა და ყოველდღიური პირგასამტეხლოს ოდენობა გადაუხდელი თანხის 0.08%-ით მოითხოვა, რაც გონივრულია და არ არის შეუსაბამოდ მაღალი. მან სესხის ძირითადი თანხიდან 2 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტიც სადავოდ გახადა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, 2015 წლის 13 თებერვალს მოვალესა და კრედიტორს შორის გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა და განისაზღვრა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.08%-ით. ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 13 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №151280968) და პირგასამტეხლო 0.08%-ით განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 14 ივლისიდან მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
8. თბილისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 429-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 102-ე მუხლით.
8.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ არ დგინდებოდა მსესხებლის მიერ კრედიტორისათვის 2015 წლის 13 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხიდან 2 000 აშშ დოლარის გადახდა. საქალაქო სასამართლომ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ მოვალემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებას. მოსარჩელე მხარე მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას დაეყრდნო. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება მიჩნეულიყო დადასტურებულად.
8.2. საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლოს, მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსების მიზნით, შეუძლია, შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო - ძირი თანხის 0,12 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 0.08%-ით. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება უნდა შევიდეს სააღსრულებო ფურცელში. ამასთან, პირგასამტეხლოს ვადის ათვლა უნდა დაიწყოს კრედიტორის მოთხოვნის შესაბამისად, 2015 წლის 14 ივლისიდან. რადგან დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი დავალიანება შეადგენს 24 000 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 0.08% დაანგარიშებული უნდა იქნეს ყოველდღიურად გადაუხდელი 24 000 აშშ დოლარიდან.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
9.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მან გადაიხადა ნასესხები თანხის, 24 000 აშშ დოლარიდან, 2 000 აშშ დოლარი. მისი მითითებით, სასამართლოს პირგასამტეხლო უნდა შეემცირებინა 0.03%-მდე.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
10.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება (წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტები) და დამატებით აღნიშნა, რომ ფულადი ვალდებულების შესრულება უნდა დადასტურდეს მხოლოდ კრედიტორის მიერ სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის მიღების შესახებ წერილობითი დოკუმენტით, რაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება საკმარისი არ იყო სადავო ფაქტობრივი გარემოების (2000 აშშ დოლარის გადახდის) დასადასტურებლად. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა შესრულებული სასესხო ვალდებულება, რის გამოც არ არსებობდა სადავო სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული, სესხის ძირითადი თანხის (24 000 აშშ დოლარის) 2000 აშშ დოლარით შემცირების საფუძველი.
10.2. რაც შეეხება პირგასამტეხლოს კიდევ უფრო (0.03%-მდე შემცირებას) შემცირების შესახებ სააპელაციო პრეტენზიას, პალატა მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა პირგასამტეხლოს არსსა და დანიშნულებაზე და სწორად დაასკვნა, რომ პირგასამტეხლო არ წარმოადგენს კრედიტორის გამდიდრების საშუალებას და რომ ის უნდა ემსახურებოდეს კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურებას. პალატამ ყურადღება გაამახვილა დავალიანებული თანხის ოდენობაზე (24 000 აშშ დოლარი) და აღნიშნა, რომ თანხა საკმაოდ სოლიდურია, ასევე, ყურადღება შეაჩერა ვადაგადაცილების პერიოდის ხანგრძლივობაზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მაქსიმალურად შეამცირა პირგასამტეხლო და აღარ არსებობდა მისი შემცირების ფაქტობრივი საფუძველი. კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს შემცირება დავალიანებული თანხის 0.08 %-ზე ნაკლებ ოდენობამდე, პალატის მოსაზრებით, მინიმალური ზიანის ანაზღაურებასაც კი, ვეღარ უზრუნველყოფდა კრედიტორისათვის, რაც დაუშვებელია.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
11.1. კასატორმა სააპელაციო საჩივრის იდენტურ პრეტენზიებზე მიუთითა (წინამდებარე განჩინების 10.1 პუნქტი) და კვლავ მოითხოვა სესხის ძირითადი თანხიდან, 24 000 აშშ დოლარიდან, 2000 შშ დოლარის გადახდილად მიჩნევა და პირგასამტეხლოს 0.03%-მდე შემცირება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტები) სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან, მათ საპირისპიროდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2). შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ კასატორის მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის 2 000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება წარმოდგენილი არაა (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
18. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სესხი, რის გამოც, მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სესხის, სარგებლის, პირგასამტეხლოსა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება, ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა) და 301.11 (მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) მუხლები.
19. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ მოვალემ კრედიტორს გადაუხადა 2 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, ეს თანხა უნდა ჩათვლილიყო სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო 0.03%-მდე.
19.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ ისაა, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც ისაა, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება, დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არ აქვს რაიმე საჭიროება, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ზემოაღნიშნული მოსაზრებით, მოვალე აღჭურვილია უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულებისა და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, რისკს ქმნის და, შესაძლოა, აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მხოლოდ მოვალეს შეიძლება დაეკისროს.
19.2. საკასაციო პალატა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს (მაგ: ვალის მიღების შესახებ კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი; გადარიცხვის ქვითარი; სალაროს შემოსავლის ორდერი). მოცემულ საქმეში, მოსარჩელემ სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება ვერ შეძლო. მან ვერ წარმოადგინა სარწმუნო მტკიცებულება სადავოდ ქცეული 2 000 აშშ დოლარის ნაწილში ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ. ამგვარ მტკიცებულებად კი, ვერ შეფასდება მხოლოდ მოვალის ზეპირი განმარტება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო, მტკიცებულება, რის გარეშეც მის მოთხოვნას დაკმაყოფილების პერსპექტივა არ გააჩნია.
19.3. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, მსესხებელმა პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ივალდებულა. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია, რამაც დასახელებული ნორმის საფუძველზე მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა წარმოშვა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ გონივრულ ოდენობამდე შეამცირა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. „პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა)პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (იხ. სუსგ ას-833-799-2016, 02.11.2016 წ.).
20. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად განმარტეს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლები და ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 20.3 პუნქტში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით მართებულად გამოიყენეს ამავე კოდექსის 420-ე მუხლი.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ 15.09.2014წ., საქმე №ას-517-490-2014; #ას-1452-1372-2017, 26.01.2018;).
22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ლ.ლ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ა.ს–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 13.10.2017) 70% – 210.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი