Facebook Twitter

№ას-1157-1077-2017 28 თებერვალი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – შპს „ჩ.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ე.კ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლი:

1. ქალაქ თბილისში, ...... მდებარე უძრავი ნივთის ნაწილი, კერძოდ, ნაგებობა №2 და №3 წარმოადგენს ე.კ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) საკუთრებას (იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერი ტ. 1, ს.ფ. 21-22).

2. ქალაქ თბილისში, ..... მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლთან არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი საცხოვრებელ სახლს აშენებს შპს „ჩ.“ (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებთან გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულებების საფუძველზე (ტ. 1, ს.ფ. 25-26).

3. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის №1561273 ბრძანების შესაბამისად, მოპასუხეს მიენიჭა თბილისში, ...... მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა.

4. მოსარჩელის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, მოპასუხემ არასწორად მოახდინა მოსარჩელის სახლის იმ ნაწილის დემონტაჟი, რომელიც განთავსებული იყო მისთვის აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, კერძოდ, შენობაზე მიშენებული იყო მეორე ნაწილი და ამ ორ შენობას ერთი საერთო კედელი ყოფდა. მშენებლებმა მეორე ნაწილი ისე დაშალეს, რომ დარჩენილი ნაწილი არ გაამაგრეს.

5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 29 სექტემბრის დასკვნით, თბილისში, ..... არსებული ერთსართულიანი მანსარდიანი სახლი ავარიულია, რაც გამოწვეულია მისი ნაწილის არასწორი დემონტაჟით. ამავე დასკვნის მიხედვით, დროულად უნდა იყოს აღდგენილი შენობის დაზიანებული ნაწილი კედლების მდგრადობის დაკარგვამდე. სასწრაფოდ უნდა აღდგეს კავშირი გრძივ და განივ კედლებს შორის, ასევე, აუცილებელია შველერებით სარტყლის გაკეთება და საძირკვლის გაძლიერება. სამუშაოები უნდა წარიმართოს სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით (იხ. დასკვნა ტ. 1, ს.ფ. 51-56).

6. იგივე გარემოება დგინდება ექსპერტის მონაწილეობით ჩატარებული ადგილზე დათვალიერების ოქმით (იხ. ოქმი ტ. 1, ს.ფ. 164-167).

7. მოსარჩელემ 2015 წლის 1 აპრილს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნით.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული დემონტირებული ნაგებობა განთავსებულია მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში, შესაბამისად, მათ მოსარჩელისათვის ზიანი არ მიუყენებიათ.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1.1. მოპასუხეს დაევალა ქალაქ თბილისში, ..... მდებარე მოსარჩელის კუთვნილი №2 და №3 შენობა-ნაგებობის დაზიანებული ნაწილის აღდგენა პირვანდელი სახით, კერძოდ, სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით, აღადგინოს კავშირი შენობის გრძივ და განივ კედლებს შორის, განახორციელოს შველერებით შენობაზე სარტყლის მოწყობა, გააძლიეროს საძირკველი და შელესოს აღდგენილი კედლები.

1.2. სასარჩელო მოთხოვნები დაზიანებულ ოთახებში შპალერის, ბიაზისა და იატაკის მოწყობის სამუშაოების ჩატარების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 992-ე, 1004-ე და 408 მუხლები გამოიყენა.

9.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეული იყო მოპასუხის მიერ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოებისა და მომიჯნავე ნაგებობის არაკვალიფიციურად ჩატარებული დემონტაჟით.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:

10.1 აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არ დაადგინა, რომ მშენებარე მრავალსართულიანი სახლი აშენებულია კლდეზე, რის გამოც შეუძლებელი ხდება მშენებლობის შედეგად მეზობელი შენობის დაზიანება; ამასთან, სასამართლომ არასწორად დაადგინა, თითქოს, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეული იყო მათ მიერ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოებისა და მომიჯნავე ნაგებობის არაკვალიფიციურად ჩატარებული დემონტაჟით, დაეყრდნო რა 2014 წლის 29 სექტემბრის საექსპერტო დასკვნას, რომელშიც არაფერი მსგავსი არ იყო ნახსენები. სასამართლომ არ დაადგინა, რომ კედელი, რომელიც დაშორებული იყო მოსარჩელის სახლს, არ წარმოადგენდა ამ უკანასკნელის სახლის (შენობის) ნაწილს. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 408-ე, 992-ე და 1004-ე მუხლები.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

11.1. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებას და დავის საგანთან მიმართებით საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლიობაში კვლევის შედეგად დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, მოპასუხემ არასწორად მოახდინა მოსარჩელის სახლის იმ ნაწილის დემონტაჟი, რომელიც განთავსებული იყო მისთვის აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, კერძოდ, დადგენილია, რომ შენობაზე მიშენებული იყო მეორე ნაწილი და ამ ორ შენობას ერთი საერთო კედელი ყოფდა. მშენებლებმა მეორე ნაწილი ისე დაშალეს, რომ დარჩენილი ნაწილი არ გაუმაგრებიათ.

11.2. სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება; შესაბამისად, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ქმედება (ამ შემთხვევაში შენობის ნაწილის დემონტაჟი) არ იყო მართლსაწინააღმდეგო და მოპასუხეს ბრალი არ მიუძღოდა ზიანის დადგომაში, ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, ხოლო მხოლოდ მითითება, რომ დემონტირებული ნაგებობა არ წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას და იგი განთავსებული იყო მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, არ იყო საკმარისი ამ სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის.

11.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2015 წლის 5 ოქტომბრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა და აღნიშნა, რომ ხსენებული ექსპერტიზის დასკვნით არ გამოკვლეულა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანების ფაქტი და აღნიშნულის გამომწვევი მიზეზები. შესაბამისად, იგი ვერ გამოდგებოდა საქმეში არსებული ზემოთ მითებული იმ მტკიცებულებების საპირწონედ, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება გამოწვეული იყო მისი ნაწილის არასწორი დემონტაჟით.

12. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტნა შემდეგი საფუძვლებით:

12.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლო დაეყრდნო ორ მტკიცებულებას, ადგილზე დათვალიერების ოქმსა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 29 სექტემბრის დასკვნას, ამასთან, არ გაითვალისწინა 2015 წლის 5 ოქტომბრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, კონსტრუქციულად კედელი მესამე პირის კუთვნილი შენობის ნაწილია. 2014 წლის 29 სექტემბრის საექსპერტო კვლევის ავტორმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას არ უკვლევია კედლების შენობებისადმი კუთვნილების საკითხი და ეს არ ყოფილა მისი კვლევის ობიექტი.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა, სახელდობრ:

18. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).

19. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე ნაგებობის არაკვალიფიციურად ჩატარებულმა დემონტაჟმა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ არ იქნა გათვალისწინებული 2015 წლის 5 ოქტომბრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც კედელი კონსტრუქციულად მესამე პირის კუთვნილი შენობის ნაწილია, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, გადამწყვეტია არა კედლის კუთვნილების საკითხი, არამედ ის, რომ სწორედ მოპასუხის მიერ შესრულებულმა არასწორმა დემონტაჟმა დააზიანა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი, რომელიც საჭიროებს გამაგრებას.

20. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხემ კვალიფიციური შედავების პირობებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, ვერ შეძლო დამაჯერებელი არგუმენტებისა და ისეთი დასაშვები მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ზიანის მიყენებაში მას ბრალი არ მიუძღვოდა, შესაბამისად, პალატის აზრით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა, რომ მოთხოვნა წარმოშობილია, რადგანაც ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება შესრულებული იყო. შესაბამისად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც ის არ უნდა იქნას განხილული.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან პრაქტიკისაგან.

22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჩ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ჩ–ს“ (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.პ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 16.10.2018) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი