საქმე №ა-4353-გან-8-2018 29 ოქტომბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – მ.გ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბმა „ო.“ (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის განმარტება
დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განჩინების განმარტების თაობაზე განცხადების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით მ.გ-ისა და ვ.მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
1.1.გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება;
1.2. ბმა "ო–ს" სარჩელი დარჩა განუხილველად;
1.3. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მ.გ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისში, ..... მდებარე 63.85 კვ.მ. სხვენს ს/კ ..... და ქ. თბილისში, ..... სარდაფს, ს/კ №....;
1.4. ბმა "ო-ს" მ.გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2018 წლის 27 სექტემბერს, განცხადებით მომართა მ.გ-მა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის (ბმა "ო-ას" მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება) განმარტება მოითხოვა, იმ დასაბუთებით, რომ 2018 წლის 23 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად მოვალეა ბმა „ო.“, რომლის მიმართ აღსრულება ვერ განხორციელდა, რადგან ამხანაგობას არ გააჩნია არც ფულადი სახსრები და არც ქონება. განმცხადებლის განმარტებით განსახილველ საქმეში მოსარჩელე იყო ბმა „ო-ას“ თავმჯდომარე ნ.შ., სარჩელი წარდგენილი იყო ბმა „ო-ას“ თავმჯდომარის ნ.შ-ის სახელით.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. გ-მა მოითხოვა საკასაციო სასამართლოს განემარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბმა „ო-ას“ დაეკისრა, თუ პირადად ნ. შ-ს. განმცხადებლის მტკიცებით, საქმეში არ არსებობს ამხანაგობის კრების ოქმი, რომელიც ნ.შ-ეს უფლებას მისცემდა ამხანაგობის სახელით სარჩელი წარედგინა სასამართლოში. იქედან გამომდინარე, რომ ნ.შ. მოქმედებდა, როგორც ფიზიკური პირი, სახელმწიფო ბაჟის გადახდაც მას უნდა დაეკისროს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა მ. გ-ის განცხადება და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას“.
5. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან.
6. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განცხადებიდან გამომდინარე ცხადია, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
7. საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მითითებულია: „ბმა „ო-ას“ მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება“.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მითითებას გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ განმარტებას გადაწყვეტილება/განჩინება ექვემდებარება მხოლოდ გადაწყვეტილებით/განჩინებით დადგენილი ქცევის წესის შეუცვლელად და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიცაა აღიარებული განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, ისე, რომ განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.
9. საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლებს არ მიიჩნევს სსსკ-ის 262-ე მუხლის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების აუცილებელ წინაპირობად და საკმარის საფუძვლად.
10. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხოლოდ მისი შინაარსის ბუნდოვანების გამო შეიძლება განიმარტოს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ვლინდება. საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული და დგინდება მისი იურიდიული შინაარსიც, მათ შორის, აღსრულების მიზნებისათვის. სახელდობრ, განჩინების მე-5 პუნქტით, რომლის განმარტებასაც განმცხადებელი ითხოვს, დადგენილია, რომ ამხანაგობას მ. გ–ის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს სახელმწიფო ბაჟის 450 ლარის გადახდა. ხოლო განმცხადებლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ამხანაგობას ფულადი სახსრები არ გააჩნია და სარჩელი წარდგენილია ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ განჩინების ბუნდოვნად მიჩნევას. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სსსკ-ის 262-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტების აუცილებლობის შემთხვევაში, დაუშვებელია სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა (შდრ. სუსგ ა-3605-გან-5-2017, 05.10.17 წ.).
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ დავაში მხარეები იყვნენ: მოსარჩელე - ბმა „ო-ა“; მოპასუხეები: მ. გ. და ვ. მ. 2015 წლის 12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. შ-მ, ბმა „ო-ას“ კრების ოქმების ბათილად ცნობა და მ. გ-ს კუთვნილი სარდაფისა და სხვენის დაყადაღება მოითხოვა. იმის გამო, რომ ნ. შ. ამხანაგობის სახელით მოქმედებდა, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინებით განცხადებაზე ხარვეზი დაუდგინდა და დაევალა დაეზუსტებინა დავას აპირებდა როგორც ფიზიკური პირი ნ. შ., თუ როგორც ბმა „ო-ას“ თავმჯდომარე ნ.შ. ნ---- შ-მ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხარვეზი გამოასწორა და განმარტა, რომ ის სარჩელის წარდგენას აპირებდა როგორც ბმა „ო-ას“ თავმჯდომარე და არა როგორც ფიზიკური პირი. სარჩელი წარდგენილი იქნა ნ.შ–ის როგორც ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ. აქედან გამომდინარე, სსსკ-ის 79-ე მუხლით გათვალისწინებულ მხარედ სამოქალაქო საქმეში ბმა „ო-ა“ მიიჩნევა და არა ნ. შ. სწორედ ამიტომ, სსსკ-ის 53.3-ე მუხლის თანახმად მ.გ-ის როგორც აპელანტისა და კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება ბმა „ო-ას“ დაეკისრა, რაც სრულად შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობას და საქმის გარემოებებს.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, ის გარემოება, რომ ამხანაგობას ფულადი სახსრები არ გააჩნია, მ.გ-ის განცხადების დაკმაყოფილების და, შესაბამისად, სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლის საფუძველი ვერ გახდება. რაც შეეხება, ნ.შ-ის, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების საკითხს, აღნიშნული მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეფასდება, რადგან საქმე განხილული და გადაწყვეტილია ამხანაგობის სარჩელზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ-ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე