საქმე №ას-250-250-2018 15 ივნისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ. კ., ნ.კ. (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ნ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.ნ-ს (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი ან კრედიტორი), ნ.კ–სა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი, პირველი მსესხებელი ან პირველი მოვალე) და ნელი კ–ს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი, მეორე მსესხებელი ან მეორე მოვალე) შორის 2013 წლის 23 დეკემბერს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც მსესხებლებმა გამსესხებლისაგან 6 000 აშშ დოლარი, სარგებლის გარეშე, 1 წლის ვადით ისესხეს. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეთა საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე, გორის რაიონის სოფელ ..... (ს/კ: №....-; შემდეგში: უძრავი ქონება; იხ. ტ. 1, ს/ფ 18-21).
2. მოპასუხეებმა მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ - 600 აშშ დოლარის ნაწილში- შეასრულეს (იხ. 20.01.2017 წ. სხდომის ოქმი, ტ. 1, ს/ფ 66-70, 83).
3. სარჩელის საფუძვლები
3.1. გამსესხებელმა 2016 წლის 13 ივლისს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრების, ზიანის ანაზღაურებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
3.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულ გარემოებაზე დააფუძნა და განმარტა, რომ მოვალეებს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებიათ, რის გამოც ისინი ვალდებული არიან გამსესხებელს გადაუხადონ სესხის ძირითადი თანხა - 6 000 აშშ დოლარი და აუნაზღაურონ ზიანი მიუღებელი შემოსავლისათვის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 6 000 აშშ დოლარის 22 %, 2014 წლის 24 დეკემბრიდან თანხის სრულ გადახდამდე; მოსარჩელემ თანხის ამოღების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია მოითხოვა.
4. მოპასუხეთა შესაგებელი
4.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნეს, თუმცა, მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ აღიარეს სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ 5400 აშშ დოლარის ნაწილში და მიუთითეს, რომ მათ 2014 წლის იანვარში მოსარჩელის შვილს, მარინე ამბრიაშვილს გადაუხადეს 360 აშშ დოლარი, ხოლო თებერვალში 640 ლარი.
4.2. მოვალეთა განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით რაიმე სახის აწმყო თუ სამომავლო ზიანის ანაზღაურება, ყოველთვიური პროცენტი, პირგასამტეხლო, ჯარიმა, საკომისიო, გათვალისწინებული არაა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხერთათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა.
5. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მის სასარგებლოდ მოპასუხეებს 6 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ, ამასთან, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 408-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 429-ე, 623-ე, 624-ე მუხლებით და განმარტა, რომ ვალდებულების შესრულების შესახებ დავისას მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია, ვალის გადახდის დადასტურება სათანადო საბუთით უნდა მოხდეს, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია კრედიტორისგან მოითხოვოს შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეების მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შესახებ სხვა მტკიცებულება, გარდა მათივე ზეპირი განმარტებისა, საქმეში არ იყო წარდგენილი. ამდენად, სასამართლომ სარწმუნოდ ვერ მიიჩნია სესხის თანხის ნაწილის გადახდის ფაქტი იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა აღნიშნული თანხის კრედიტორის მიერ მიღება.
5.3. ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს და მის დასადგენად აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო შემოსავლის მიღება. მოცემულ შემთხვევაში, სესხი გაიცა სარგებლის გარეშე, ვალდებულების შესრულება არ იყო უზრუნველყოფილი დამატებითი საშუალებით გარდა იპოთეკისა და ის ფაქტი, რომ კრედიტორმა სესხად 1 წლის ვადით გასცა 6 000 აშშ დოლარი ისე, რომ სარგებელი არ მიუღია და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მსესხებლის მხრიდან ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაშიც სარგებელს, ანუ შემოსავალს ვერ მიიღებდა, არ არსებობდა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხეთათვის დაკისრების საფუძველი.
5.4. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით ამ უკანასკნელთა საკუთრებად რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე, საფუძვლიანი იყო და სარჩელი ამ ნაწილში დააკმაყოფილა.
6. მოსარჩელისა და მოპასუხეების სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
6.1. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ისე - მოპასუხეებმა.
6.2. კრედიტორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. 6.2.1. სააპელაციო პრეტენზიის მიხედვით, სსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. მოპასუხეებმა დაარღვიეს ნაკისრი ვალდებულება და დათქმულ დროს არ გადაიხადეს ნასესხები თანხა, რაც იმის საფუძვლია, რომ მოვალეებს, ამავე კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლებზე დაყრდნობით, აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მიუღებელი შემოსავლის სახით;
6.2.2. აღნიშნული თანხის საბანკო ანგარიშზე განთავსებით გამსესხებელს შეეძლო მიეღო სარგებელი ბაზარზე არსებული საბანკო კრედიტის განაკვეთის მინიმუმის - წლიური 22%-ის ოდენობით, რაც წლის განმავლობაში 1 320 აშშ დოლარია.
6.3. მოპასუხეებმა სააპელაციო პრეტენზიით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და 600 აშშ დოლარის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
6.3.1. მოპასუხეების განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელობის არმქონედ 29.07.2016 წლის შესაგებელში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2014 წლის იანვარში მოპასუხეებმა მოსარჩელეს გადაუხადეს 360 აშშ დოლარი, ხოლო თებერვალში - 640 ლარი, რასაც 17.05.2014 წელს ხელმოწერით ადასტურებს მოსარჩელის ქალიშვილი - მარინე ამბრიაშვილი;
6.3.2. მოსამზადებელ სხდომაზე, როდესაც საუბარი იყო მორიგების შესაძლებლობაზე, კრედიტორმა დაადასტურა ზემოაღნიშნული თანხების მიღების ფაქტი, ხოლო მომდევნო 16.02.2016 წლის სხდომაზე, რომელიც მთავარ სხდომაში გადაიზარდა, უარჰყო ეს ფაქტი. სასამართლომ შესაგებელთან ერთად წარდგენილი მტკიცებულება არ მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელობის მქონედ და ამოიღო საქმიდან, რითაც ფაქტობრივად ირიბად დაადანაშაულა აპელანტები ყალბი დოკუმენტის წარდგენაში.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელისა და მოპასუხეების სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 5 400 აშშ დოლარის და, მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველწლიურად 5 400 აშშ დოლარის 4.70 %-ის, 2014 წლის 24 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ანაზღაურება დაეკისრათ; იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეთა აპელაცია დაფუძნებული იყო იმ გარემოებაზე, რომ 600 აშშ დოლარი მოსარჩელესთან შეთანხმებით მისმა შვილმა მიიღო, რაც მოსამზადებელ სხდომაზე დაადასტურა მოსარჩელემაც, ამასთან, დასტურდება ხელწერილითაც, აღნიშნული კი არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 20.01.2017 წლის სხდომაზე, რომელსაც მოსარჩელეც ესწრებოდა, მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ „არ არის პრობლემა, არ უარყოფენ“ შესაგებელში მითითებული თანხის (600 აშშ დოლარის) გადახდას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ისეთ შემთხვევაში, როდესაც სხდომას ესწრება როგორც მხარე, ისე - მისი წარმომადგენელი და ეს უკანასკნელი გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს (თან მრავლობით რიცხვში, ანუ თავისი და მარწმუნებლის სახელით), რასაც იქვე მყოფი მარწმუნებელი არ ეწინააღმდეგება, არ უარყოფს, საწინააღმდეგოდ არაფერს განმარტავს (ამგვარი პოზიცია სხდომის ოქმში დაფიქსირებული არ არის), ასეთი განმარტება მიჩნეულ უნდა იქნეს თავად მხარის ახსნა-განმარტებად. შესაბამისად, 20.01.2017 წლის სხდომაზე მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა აღიარეს 600 აშშ დოლარის ოდენობით მოპასუხეთა მიერ ვალდებულების შესრულება, რაც უარჰყვეს მორიგ სხდომაზე.
7.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 133-ე მუხლი ადგენს აღიარების გაქარწყლების წესს და პროცედურას. კერძოდ, მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში. წარმოდგენილი გადაწყვეტილება არ შეიცავს აღიარებული ფაქტის გაქარწყლების თაობაზე კანონით გათვალისწინებული მტკიცების დასაბუთებას. ასეთ გარემოებებზე მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს არც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებიათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს ვალდებულება შესრულებული აქვთ 600 აშშ დოლარის ნაწილში, რაც მოვალეთა სააპელაციო საჩივრის ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
7.4. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 394-ე, 411-ე, 412-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის ზიანს აყენებს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ამგვარ მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს საბანკო დაწესებულებაში დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთი, რასაც კრედიტორი მიიღებდა ბრუნვაუნარიანი ობიექტის – ფულის შეგროვების და ანაბარზე განთავსების შედეგად, ამაზე მეტი ოდენობით ზიანის მიყენება კი დადასტურებულ უნდა იქნეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კრედიტორის პრეტენზია მიუღებელი შემოსავლის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხეებს უნდა დაკისრებოდათ სესხის დაუბრუნებელი ნაწილის - 5400 აშშ დოლარის წლიური 4.70%-ის გადახდა 24.12.2014 წლიდან, ანუ იმ თარიღიდან, როდესაც მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულება - არ დააბრუნეს თანხა, ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სასამართლომ განმარტა, რომ წლიური 4.70% წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე (https://www.nbg.gov.ge) მითითებულ უცხოურ ვალუტაში გახსნილი ანაბრის (დეპოზიტის) საშუალო წლიურ პროცენტს (ბონიტეტს) და 2015 წლიდან 2017 წლის ჩათვლით პერიოდზე იხელმძღვანელა ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების საშუალო მაჩვენებლით.
8. მოსარჩელისა და მოპასუხეების საკასაციო საჩივრების საფუძვლები
8.1. მოსარჩელემ (კრედიტორმა) და მოპასუხეებმა (მოვალეებმა) საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
8.2. კრედიტორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
8.3. მოვალეები თავიანთ საკასაციო პრეტენზიას უკავშირებენ კრედიტორის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ.
8.3.1.კასატორები (მოვალეები) არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და აღნიშნავენ, რომ აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება სსკ-ის 410-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე მუხლებს, რადგან ფულადი ვალდებულება შეუსრულებელია, დამატებით მიუღებელი შემოსავლის მინიმუმის განსაზღვრისათვის ნებისმიერ შემთხვევაში საკმარისია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, ხოლო სხვა კრიტერიუმები, როგორიცაა იმ საკითხების გამოკვლევა - 1. მიიღებდა თუ არა იმ შემოსავალს მოსარჩელე, ვალდებულება დროულად რომ შესრულებულიყო (411-ე მუხლი); 2. იყო თუ არა მოვალეებისათვის ზიანი წინასწარ სავარაუდო (412-ე მუხლი) - მეორეხარისხოვანია და საქმისთვის მნიშვნელობა არა აქვს;
8.3.2. მოვალეების მითითებით მათი საკასაციო საჩივრის მიზანია იმის გამორკვევა, ნებისმიერი სესხის ხელშეკრულების თანმდევია მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ისეთი მინიმუმი, რაც დაადგინა სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებათა და ხელშეკრულების შინაარსის შეუსწავლელად, თუ ასეთ დროს სასამართლო ყოველთვის უნდა ამოვიდეს კონკრეტული ხელშეკრულებიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან;
8.3.3.კასატორები (მოვალეები) მიიჩნევენ, რომ ჰიპოთეტურად კრედიტორს შეეძლო საბანკო ანგარიშზე ანაბრის სახით თანხის განთავსება და გარკვეული პროცენტის მიღება, თუმცა, ეს ფაქტობრივი გარემოება მტკიცებულების სახით (იგულისხმება ვებ-გვერდის მონაცემების საქმეზე დართვა) მას უნდა წარედგინა და არა - სასამართლოს (მით უფრო სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე), რომელიც ასეთ შემთხვევაში იმავე ვებ-გვერდის მეშვეობით გადაამოწმებდა წარდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და სამართალწარმოების პრაქტიკა არ ითვალისწინებს მხარის მიერ მხოლოდ ვებ-გვერდზე მითითებას, თუკი ეს შესაძლებელია, მხარემ საქმეს უნდა დაურთოს მატერიალური დოკუმენტი, რისი შესაძლებლობაც მოსარჩელეს გააჩნდა;
8.3.4.მოვალეთა მტკიცებით, სსკ-ის 411-412-ე მუხლები თავისი დანიშნულებით ზოგადი ხასიათისაა და არ ეხება მხოლოდ სესხის შემთხვევას. სხვაგვარად სასამართლოს მსჯელობა ნიშნავს ნებისმიერ ფულად ვალდებულებაზე იმ ვარაუდის პრიმიტიულ მიბმას, რომ თანხა შესაძლოა განთავსდეს საბანკო ანაბარზე. ასეთი ტიპის მიდგომის პრაქტიკაში დანერგვით ხელფეხი გაეხსენება ხელშეკრულების გარეშე, მცირე, თუმცა ყოველწლიური კანონისმიერი პროცენტის დადგენას, რომელსაც ერქმევა ,,მიუღებელი შემოსავალი“, რაც ცხადია, იქცევა ნებისმიერი შესასრულებელი ფულადი ვალდებულების თანმდევ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ მოვალის ტვირთად. სააპელაციო სასამართლო გასცდა ,,მოვალეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებს“;
8.3.5.საქმეში არსებული ხელშეკრულების შინაარსიდან, მისი დადების წინაპირობებიდან და საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ უნდა განესაზღვრა წლიური 4,70 %-ის ზიანი მოვალეებისათვის სავარაუდოდ, გამომდინარე იმ ფაქტობრივი გარემოებიდანაც, რომ საქმეში არაა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მიერ ფულის სარგებლით ბრუნვაში მიმოქცევის სურვილი და აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეთა ინფორმირება. მოვალეთა მოსაზრებით, შესაძლებელია სამომავლოდ მოსარჩელე აპირებდეს კიდეც ფულის სარგებლით გასხვისებას ან სარგებლიან ანაბარზე შეტანას, თუმცა, ამის ვარაუდის საფუძველი ხელშეკრულების დადების ან შეწყვეტის მომენტისათვის მოპასუხეებს არ გააჩნდათ.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 396-ე მუხლი).
9.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
12. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი შედავება არ წარმოუდგენიათ.
13. მოპასუხეთა ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ კრედიტორმა ვერ დაასაბუთა მიუღებელი შემოსავლის სახით მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც აღნიშნული თანხის გადახდა უსამართლოდ დაეკისრათ მსესხებლებს.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად მოვალე ვალდებულია ფაქტობრივ ზიანთან ერთად მიუღებელი შემოსავალიც აუნაზღაუროს დაზარალებულს. განსახილველ დავაში მიუღებელი შემოსავლის არსებობა უდავოა, რადგან ფული, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა, ლოგიკურად სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მას. „სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება“ (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).
15. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, გამსესხებელმა მსესხებლებს 6 000 აშშ დოლარი ასესხა, რისი გადახდაც მოპასუხეებმა ივალდებულეს, თუმცა, ეს უკანასკნელნი საკასაციო საჩივარში უთითებენ, რომ მათთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება არაგონივრულია, რადგან სესხის ხელშეკრულება უსასყიდლო იყო. საკასაციო სასამართლო კასატორების ამ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, რადგან მიუღებელი შემოსავალი არის ის თანხა, რასაც კრედიტორი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ანუ ამგვარი ზიანის მოთხოვნის უფლებას კრედიტორს მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება წარმოუშობს და ის მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებზე დამოკიდებული არ არის.
16. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობებია: მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ის 408-ე მუხლი). ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, საერთოდ ვერ იქნებოდა სავარაუდო მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდევი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. მოხმობიოლი ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ, უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა (შდრ. სუსგ №ას-167-163-2016, 01.07.2016).
17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა (მოპასუხეთა) პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების გაცდენასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ითხოვდა სესხის ძირითადი თანხის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოპასუხეებისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით სესხის ძირითადი თანხის (6 000 აშშ დოლარი) წლიური 22 %-ის დაკისრებას, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, კრედიტორის სარჩელი სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოვალეებს 5 400 აშშ დოლარის წლიური 4.70 %-ის გადახდა დაეკისრათ, რაც ვერ ჩაითვლება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების გაცდენად. რაც შეეხება, სასამართლოს მითითებას ეროვნული ბანკის მონაცემებზე, აღნიშნულით სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ დააკმაყოფილა სარჩელის ეს მოთხოვნა მხოლოდ 4.70 %-ის ნაწილში, რაც არ ეწინააღმდეგება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, მიუღებელი შემოსავლის სახით მოვალისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხი შესაძლებელია განხილული და შეფასებული იქნეს ზოგადად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დამრღვევი მხარის მიმართ, რამაც კრედიტორს ზიანი მოუტანა (ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაში). განსახილველ შემთხვევაში, კი სააპელაციო სასამართლომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები შეაფასა, რადგან მოცემული დავის მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობა არსებობდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო სხვა ხელშეკრულებების თაობაზე არ და ვერ იმსჯელებდა.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებმა (მოვალეებმა) ვერ შეძლეს დამაჯერებელი და სამართლებრივად წონადი არგუმენტების წარდგენა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაში. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დასაბუთებული პრეტენზია, საკასაციო განაცხადის სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებად ცნობისათვის, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორებს დაუბრუნდებათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.კ-ისა და ნელი კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.კ-სა (პ/ნ ......) და ნელი კ-ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ.ღ–ის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N10, გადახდის თარიღი 2018 წლის 26 მარტი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე