საქმე№ას-324-324-2018 1 ივნისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „დ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.გ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინება და 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების და საოქმო განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქმედების განხორციელების აკრძალვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ონის რაიონში, სოფელ .... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1147 კვ.მ უძრავი ქონების (ს/კ ..... მესაკუთრეა ი.გ. (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი; იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 1, ს/ფ 19).
2. ონის რაიონში, სოფელ ...., …. მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2500 კვ.მ უძრავი ქონების (ს/კ ......) მესაკუთრეა შპს „დ.“ (შემდეგში: მოპასუხე, შპს, ფერმა ან კასატორი), რომელსაც მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ცხოველების ფერმა აქვს გაშენებული (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 1, ს/ფ 20; ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის #08 მშენებლობის ნებართვა, ტ. 1, ს/ფ 91).
3. ონის რაიონის სოფელ .... მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმის კომპლექსის სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობის დასადგენად, ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ სამშენებლო, სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებიდან დარღვეულია, მხოლოდ სანიტარული ნორმები, დაკავშირებული ნაკელის შეგროვების ადგილმდებარეობასთან. კერძოდ, აღნიშნული ადგილი 6 – 8 მ–ითაა დაცილებული ცხოველთა სადგომიდან, ნაცვლად 60 მ–ისა, ხოლო 60–65 მ–ით, ყველაზე ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, ნაცვლად 300 მ–ისა. აღნიშნული საკითხის მოწესრიგების შემთხვევაში, არანაირ ნორმების დარღვევას ადგილი არ ექნება, რადგან მსხვილფეხა ცხოველთა სადგომი, რომლის ფართობიც 540,0კვ.მ–ს შეადგენს (ნაკლებია 800 კვ. მეტრზე) მოსარჩელის სახლის ფანჯრებიდან 50 მ–ზე მეტი მანძილითაა დაცილებული (=70 მ.). რაც შეეხება, ნაგებობაში პირუტყვის სადგომად გათვალისწინებული ბლოკის რაოდენობას, იგი 20–ის ტოლია და ნაკლებია ნორმებით გათვალისწინებულ რაოდენობაზე, 30-ზე (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის 2016 წლის 6 ივნისის N003210816 დასკვნა, ტ. 1, ს/ფ 23-31).
4. ონის რაიონის სოფელ ...... მდებარე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმის სანიტარულ–ჰიგიენური კვლევით დადგენილია, რომ ნაკელის შეგროვების ადგილის დაცილება მოსარჩელის საცხოვრებელი სახლიდან, არ შეესაბამება მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს და ნორმით გათვალისწინებულზე დაახლოებით 3–ჯერ ნაკლებია. ცხოველური წარმოშობის ბიოლოგიური ნარჩენებისაგან გამოყოფილი ქიმიური ნივთიერებები და მიკროორგანიზმები ვრცელდება ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში. შესაბამისად, აბინძურებს არა მარტო მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიას, არამედ - გარე გარემო ობიექტებსაც, რაც ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გავრცელების მნიშვნელოვანი წყაროა. ამდენად, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დარღვევა ნეგატიურად იმოქმედებს მაცხოვრებელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციური, ნერვული, სასუნთქი სისტემის და სხვა სახის დაავადებები. შესწავლილ ობიექტზე არსებული სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობის გამოსწორებისათვის აუცილებელია სანიტარულ–ჰიგიენური ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, რადიკალური ღონისძიებების გატარება, კერძოდ, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სადგომის გადატანა. როგორც გარდამავალი ღონისძიება, საჭიროა ზოგიერთი პალიატური დროებითი წინადადებების რეალიზაცია, რაც გარკვეულად შეამცირებს გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დამაბინძურებლების უარყოფით მოქმედებას, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს თავიდან სრულ აცილებას. აუცილებელია, სათანადო ნაკელსაცავის და საწუნწუხე ორმოს მოწყობა, რომლებიც უნდა იყოს გრუნტის წყლებისაგან იზოლირებული და ამავდროულად გადახურული ატმოსფერული ნალექებისგან დასაცავად. ამასთანავე, ნაკელისა და წუნწუხის ნაკელსაცავში და საწუნწუხე ორმოში შეტანისას, აუცილებელია მათი სადგომებიდან პირდაპირი გატანა (დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის 2016 წლის 5 ოქტომბრის სანიტარულ – ჰიგიენური ექსპერტიზის N09/03 დასკვნა, ტ.1, ს/ფ 32-39).
5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაიცა დასკვნა, სადაც მითითებულია ის ნორმატიული დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება ის მინიმალური მანძილები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის მშენებლობის შემთხვევაში. ნორმებში მითითებული მანძილები არის მინიმალურად დასაშვები, მათი მაქსიმალური სიდიდე არ იზღუდება და შესაძლებელია მინიმალური დასაშვები ნორმის ზემოთ, ნებისმიერი იქნას მიღებული. რაც შეეხება ნაკელის გატანის ადგილის შერჩევას, რომლის ნორმებთან შეუსაბამობაც დაფიქსირდა, ეს საკითხი საინჟინრო ექსპერტიზის კომპეტენციას სცილდება (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის უფროსის ბ.ლ-+ას 2016 წლის 25 ოქტომბრის წერილი, ტ. 1, ს/ფ 40).
6. სარჩელის საფუძვლები
6.1. მოსარჩელემ 2016 წლის 20 დეკემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა შპს-ას, მის საკუთრებაში არსებული ფერმის ექსპლუატაციისას, აეკრძალოს ნაკელის შეგროვების ადგილმდებარეობის მოწყობა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლიდან არანაკლებ 300 მეტრით, ასევე ზიანის - 3 500 ლარის ანაზღაურება.
6.2. მოსარჩელემ ამ განჩინების 1-5 პუნქტებზე დაყრდნობით განმარტა, რომ აღნიშნული გარემოებები მნიშვნელოვნად აზიანებს, საფრთხეს უქმნის და ხელყოფს მის უფლებას - ცხოვრობდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში, ასევე აღნიშნა, რომ მან მიმართა მოპასუხეს, რათა ამ უკანასკნელს მიეღო რაიმე ზომები, თუმცა - უშედეგოდ.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე არ არის სუბიექტი, რომელსაც გააჩნია იურიდიული უფლებამოსილება სასამართლოში წარდგენის გზით სადავო გახადოს ამა თუ იმ პირის მიერ ბუნების დაბინძურება.
7.2. მოპასუხის განმარტებით, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ არის დადასტურებული სათანადო, კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და შედგენილი მტკიცებულებებით, რომლითაც დადგინდებოდა ეკოლოგიური საფრთხის შექმნა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა, სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფა და საერთოდ ზიანის მიყენება, ასევე, ყურადღება გაამახვილა, რომ მოსარჩელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი არ არის წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული უძრავი ქონება და ის მხოლოდ რამდენიმე დღით ჩადის წელიწადში ერთხელ, ხოლო პირუტყვი ფერმაში სულ რამდენიმე თვე იმყოფება, დანარჩენ დროს კი საძოვრებზეა, ფერმიდან დაშორებული რამდენიმე კილომეტრით, ასევე სანაკელე ადგილი ინტენსიურად იცლება და წესრიგდება.
7.3. მოპასუხემ სადავო გახადა წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების კანონიერება იმ მოტივით, რომ მას არ მიუცია თანხმობა ექსპერტებისათვის, შესულიყვნენ ფერმაში და ეწარმოებინათ ექსპერტიზასთან დაკავშირებული ქმედებები. ფერმა კანონის მოთხოვნათა დაცვით არის აგებული.
8. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 172-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 115-ე, 408-ე, 361-ე, 992-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოპასუხე წარმოადგენს მესაკუთრეს, მისი უფლების დარღვევა არ უნდა მოხდეს მოსარჩელის ინტერესების დაკმაყოფილების ხარჯზე, მას ისევე, როგორც მოსარჩელეს, გააჩნია თავისი საკუთრებით სარგებლობის უფლება, თუმცა, ეს არ ნიშნავს აბსოლუტურ თავისუფლებას და შეუზღუდავ მოქმედებებს.
8.3. სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მისი საკუთრების მიწის ნაკვეთზე აშენებული აქვს ფერმის კომპლექსი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვით, რომლის აშენების დროს ხორციელდებოდა მონიტორინგი. მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ საქონელი ფერმის ტერიტორიიდან გარეთ ვერ გამოდის, რადგან ის დაცულია შესაბამისი ელექტროღობით, ასევე საქონელი ზაფხულობით, მაისიდან-ოქტომბრის ბოლომდე, იმყოფება ალპურ საძოვარზე. ცხოველთა გადაადგილებისთანავე ფერმის ტერიტორიას უტარდება დეზინფექცია და, ასევე, სუფთავდება მიმდებარე ტერიტორია, იცლება ნაკელსაყრელი და ტერიტორიიდან არ გამომდინარეობს საქონლის ან მათი ფეკალური მასების სუნი, ხოლო სსკ-ის 175.1-2, 176-ე მუხლების მიხედვით განსახილველ შემთხვევაში ზემოქმედება გამოწვეულია ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აკრძალვა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.
9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და 2017 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
9.2. სასამართლოს ობიექტურად უნდა შეეფასებინა მოპასუხის ქმედების მნიშვნელობა და საქმეში წარდგენილ მტკიცებულებათა სრულყოფილი გამოკვლევით დაედგინა, რამდენად არსებითია მოპასუხის მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედება, გამოწვეულია თუ არა იგი უძრავი ქონების ჩვეულებრივი სარგებლობით და შესაძლებელია თუ არა მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომელიც ამ სახით მოსარგებლისათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა;
9.3. სადავო საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ, მართალია, გაიზიარა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, ასევე - საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები-დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნები იმის შესახებ, რომ დარღვეულია სანიტარული ნორმები და რომ მოპასუხის ფერმას არ გააჩნია მოქმედი სავალდებულო სტანდარტით საჭირო ორგანული მასის (ნაკელის) გადამამუშავებელი ნაგებობა, თუმცა, საქმისათვის არაარსებით გარემოებად ჩათვალა ეს ფაქტი და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართლის ნორმით აკრძალული ქმედება არ გამოვლენილა. ასეთ პირობებში სასამართლომ ხელი შეუწყო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე პირის უფლებების დარღვევას და იმავდროულად აპელანტს პრაქტიკულად არ მისცა სამართლით დაცული სიკეთეებით (საკუთრებით) რეალურად სარგებლობის საშუალება;
9.4. სასამართლომ, მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების ახსნა-განმარტების საფუძველზე, უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ფერმის ტერიტორიას უტარდება დეზინფექცია, ასევე სუფთავდება მიმდებარე ტერიტორია, იცლება ე.წ. ნაკელსაყრელი, რის გამოც თითქოსდა შეუძლებელია მომდინარეობდეს საქონლის ან მათი ფეკალური მასების სუნი;
9.5. სასამართლოს შემაჯამებელ დასკვნაში მარტოოდენ იმის მითითება, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დასასაბუთებლად ვერ იხელმძღვანელებს ექსპერტიზის დასკვნებით და აღნიშნულის საპირწონედ გაიზიარებს, მხოლოდ შეთანხმებულ მოწმეთა ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს, აშკარად და პირდაპირ მიუთითებს პროცესის მონაწილე მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე, რაც ეწინააღმდეგება მხარეთა თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრობითობის ფუნდამენტურ პრინციპს;
9.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ, ონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ფერმის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მესაქონლეობის ფერმების მშენებლობასთან დაკავშირებით, არსებული სანებართვო დოკუმენტაციის გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით, დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპები. მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობა წარდგენილი იყო საქმის მომზადების ეტაპზე და უშუალოდ ეხებოდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადასტურებას, მხარეს დაუსაბუთებლად ეთქვა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოპასუხეს აეკრძალა ონის რაიონის სოფ. გ–ში, აპელანტის საცხოვრებელი სახლიდან არანაკლებ 300 მეტრისა, მის საკუთრებაში არსებული რქოსანი პირუტყვის ფერმის ექსპლუატაციისას, ღია და დაუცველ ტერიტორიაზე ნაკელის შეგროვების ადგილის მოწყობა, 2017 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი მოძიებული უნდა იქნეს სამეზობლო სამართლის ნომებში, კერძოდ, ესენია სსკ-ის 174-182 მუხლები და, კონკრეტული ნორმების წინაპირობების შემოწმების გზით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, უნდა მოხდეს სააპელაციო მოთხოვნის განხილვა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება.
10.3. სააპელაციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ „სსკ-ის 176-ე მუხლი თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების მომწესრიგებელ სსკ-ის 175-ე მუხლზე მაღლაც დგას იმ კონტექსტში, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ანიჭებს ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუკი სახეზეა ორი წინაპირობა: ნაკვეთით სარგებლობის უფლების დაუშვებელი ხელყოფა და ეს იმთავითვე აშკარაა. დასახელებული კუმულატიური პირობები ქმნიან, განსახილველ შემთხვევაში, უკვე აშენებული ნაგებობის ექსპლუატაციის აკრძალვის მოთხოვნის წინაპირობას, რომელიც საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის მკაცრი ფორმაა“ (იხ. სუსგები # ას-413-396-2016, 15.07.2016წ; # ას-368-352-2016, 21.10.2016წ.).
10.4. სსკ-ის 176-ე მუხლის წინაპირობების შესამოწმებლად, შესაძლებელია 175-ე მუხლის მოწესრიგების გამოყენება, რომელიც სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებას ეხება და ადგენს ერთმანეთისაგან განსხვავებული იურიდიული შედეგის გამომწვევ წინაპირობებს. სსკ-ის 175.1-ე მუხლით დადგენილია მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე იმგვარი ემისიები (გაზი, ორთქლი, სუნი, ჭვარტლი, კვამლი, ხმაური, სითბო, რყევები და სხვა მსგავსი ზემოქმედებანი), რომელთა ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, რომლებიც არ უშლიან ხელს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, შესაბამისად, ასეთ ზემოქმედებათა აკრძალვა არ შეუძლია მესაკუთრეს. თავის მხრივ, მითითებული ემისიების თმენის ვალდებულება იმთავითვე გათვალისწინებულია და მათი შემოწმება შესაძლებელია სსკ-ის 174-ე მუხლით დადგენილი ობიექტური და სუბიექტური ელემენტების კლასიფიკაციის მიხედვით: „მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება“. სამეზობლო ურთიერთპატივისცემის ელემენტები შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: ა) დაიცვან კანონით დადგენილი წესი და აკრძალვები; ბ) პატივი სცენ ერთმანეთს. ჩამოთვლილთაგან, პირველი ობიექტურ ფაქტორს წარმოადგენს და მის დარღვევად ყოველთვის შეიძლება მივიჩნიოთ მატერიალური კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული აკრძალვები; რაც შეეხება მეორე ელემენტს, ის შეფასების საგანს წარმოადგენს და, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობის საგნად იქცეს (იხ. სუსგები: # ას-122-116-2014, 25.05.2015წ; # ას-368-352-2016, 21.10.2016წ).
10.5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 37.3-ე მუხლისა და სსკ-ის 170-ე მუხლის დანაწესზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთზე, მეცხოველეობის ფერმის ფუნქციონირების გამო მოწყობილი ნაკელსაყრელიდან მომდინარე ზემოქმედება რომ არსებითია და დაუშვებლად ხელყოფს მოსარჩელეს უფლებებს - მოსარჩელის მტკიცების ტვირთია. მოსარჩელის მიერ წარდგენილ, წინამდებარე განჩინების 3-5 პუნქტებში დასახელებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ონის რაიონის სოფელ ...... მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმის კომპლექსის მშენებლობისას დარღვეულია სანიტარული ნორმები. კერძოდ, ნაკელის შეგროვების ადგილი ცხოველთა სადგომიდან, ნაცვლად 60 მ–ისა, დაცილებულია 6–8 მეტრით, ხოლო მოსარჩელის საცხოვრებელი სახლიდან, ნაცვლად 300 მ–ისა, დაცილებულია 60–65 მ–ით. ცხოველური წარმოშობის ბიოლოგიური ნარჩენებისაგან გამოყოფილი ქიმიური ნივთიერებები და მიკროორგანიზმები ვრცელდება ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში. შესაბამისად, აბინძურებს არა მარტო მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიას, არამედ - გარე გარემოს ობიექტებსაც, რაც ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გავრცელების მნიშვნელოვანი წყაროა. სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დარღვევა ნეგატიურად იმოქმედებს მაცხოვრებელთა, მათ შორის აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციური, ნერვული, სასუნთქი სისტემის და სხვა სახის დაავადებები.
10.6. სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს კანონით დადგენილი წესის (სსკ-ის 115-ე, 170-ე მუხლები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები) დარღვევას და არსებობს საფრთხე ამ დარღვევის შედეგად წარმოშობილმა ზემოქმედებამ ნეგატიურად იმოქმედოს მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გამოიწვიოს ინფექციური, ნერვული, სასუნთქი სისტემის და სხვა სახის დაავადებები. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ შეძლო იმის დამტკიცება, რომ ნაკელსაყრელიდან მომდინარე ზემოქმედება (სუნი, წუნწუხი) აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს და არსებითად ხელყოფს მის უფლებას. ასეთ ვითარებაში, არ არსებობს აპელანტის მხრიდან სსკ-ის 175-ე მუხლით გათვალისწინებული თმენის ვალდებულება და ამავე კოდექსის 176-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის მოთხოვნა აღკვეთილ იქნას მოპასუხის მხრიდან დაუშვებელი ხელყოფა და ამ მიზნით შპს-ს აეკრძალოს, ონის რაიონი, სოფ. .... მოსარჩელის საცხოვრებელი სახლიდან არანაკლებ 300 მეტრისა, მის საკუთრებაში არსებული რქოსანი პირუტყვის ფერმის ექსპლოატაციისას, ღია და დაუცველ ტერიტორიაზე ნაკელის შეგროვების ადგილის მოწყობა-საფუძვლიანია.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ საკასაციო წესით გასაჩივრებით მოპასუხემ მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11.2. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ასევე საქმეში არ მოიპოვება ჯეროვანი და რელევანტური მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, რადგან წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ისეთი სახის მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადგინდებოდა არა მხოლოდ ზემოქმედების ფაქტი, არამედ -ისიც, რომ ზემოქმედება ზღვარგადასულია და დაუშვებლად ხელყოფს მოსარჩელის უფლებას;
11.3. საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები არ არის მტკიცებით ფორმაში და არ დგინდება, რომ კონკრეტულად საწარმოს მოქმედებამ გააჩინა ინფექციური და ინვაზიური დაავადებები, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნები არასარწმუნოა. სასარჩელო მოთხოვნა არ იყო მეზობელი ნაკვეთიდან სუნის გამო ზემოქმედების აკრძალვა, არამედ დავა ეხებოდა ცხოველური წარმოშობის ნარჩენებისაგან გამოყოფილი ქიმიური ნივთიერებების და მიკროორგანიზმების ჰაერში, მიწისზედა და მიწისქვედა წყლებში გავრცელების შედეგად შესაძლო დაბინძურებას და ამ კუთხით ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გავრცელების შესაძლებლობის დაშვების აკრძალვას, ამიტომ სასამართლოს განმარტება სუნთან დაკავშირებით გაუგებარია;
11.4. სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნდოვანია, რადგან გაურკვეველია არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ ის აღსრულდეს, ასევე გაურკვეველია 300 მეტრით ნაკელის შეგროვების ადგილის მოწყობა დააბინძურებს თუ არა კვლავ მოსარჩელის სახლის მიმდებარე ტერიტორიას. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა, რომ ფერმა ემსახურება შპს „ბ-ს–ოს“ მეცხოველეობის კომპლექსს.
11.5. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 176-ე მუხლი, რადგან ის ეხება ნაგებობას, ხოლო აღნიშნული დავა ღია სივრცეში ნაკელის შეგროვების ფაქტს უკავშირდება.
11.6. კასატორმა მოითხოვა აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმება.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
15. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
16. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის უძრავი ქონება და მოპასუხის კუთვნილი ფერმა, მეზობელ ნაკვეთებზე მდებარეობს, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ სამეზობლო სამართლის მომწესრიგებელ ნორმათა გამოყენება. „სამეზობლო ურთიერთთმენის ვალდებულებას ადგენს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლი, რომლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობისა, ვალდებული არიან, პატივი სცენ ერთმანეთს. აღნიშნული ნორმა არ არის დეკლარაციული ხასიათის და გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვისი საკუთრებისა თუ სხვა სამოქალაქო უფლებას და თავიანთი უფლებები გამოიყენონ ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენონ სხვის უფლებას. კანონი უშვებს მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების არსებობას კანონით დასაშვებ ფარგლებში (სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლი) და ამ ზემოქმედებათა თმენა სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც ეთანხმება მეზობლების ურთიერთპატივისცემის მოვალეობას. სამოქალაქო კოდექსის 176-ემუხლი არეგულირებს დაუშვებელი ხელყოფასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს“ (იხ. სუსგ # 526-500-2013, 29.10.2013წ).
17. სსკ-ის 174-ე მუხლის შესაბამისად, მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. აღნიშნული ნორმა, რომელიც სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება, კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთს. ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას, საკუთარ ვალდებულებას ეხება, პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილი, საკუთრებით სარგებლობის შესაძლო შეზღუდვისას, სწორედ თმენის ვალდებულებას ეხება, თუკი მესაკუთრის ნაკვეთზე მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებანი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. ამავე ნორმის მეორე ნაწილი ეხება იგივე ვალდებულებას, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და მისი აღკვეთა არ შეიძლება ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. სსკ-ის 175-ე მუხლის მესამე ნაწილით, დადგენილია მესაკუთრის შესაძლებლობა, მოითხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენისას, თუკი ასეთი ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს (შდრ. სუსგ-ებს: # ას 368-352-3026, 21.10.2016წ; #ას-413-396-2016, 15.07.2016წ.).
18. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზიები შემდეგია: მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება; სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც მოსარჩელე მოითხოვდა; მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ არის მტკიცებითი ფორმის და შესაძლო შემთხვევებს განიხილავს, ამასთან, ექსპერტიზა ფერმის შიგნით არ ჩატარებულა და ის მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას ეფუძნება; ფერმას უტარდება დეზინფექცია, ადგილზე ნაკელის დაგროვება არ ხდება; სარჩელის დაკმაყოფილებით საფრთხე ექმნება თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში.
19. საკასაციო სასამართლო კასატორის არც ერთ პრეტენზიას არ იზიარებს, რადგან მოსარჩელემ წარადგინა რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ამ განჩინების 3-5 პუნქტები), რომლებიც ადასტურებენ, რომ მოპასუხის კუთვნილი ფერმა სანიტარული ნორმების დარღვევით ფუნქციონირებს. სანიტარულ-ჰიგიენური დასკვნის თანახმად ნაკელის შეგროვების ადგილის დაცილება მოსარჩელის საცხოვრებელი სახლიდან, არ შეესაბამება მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს და ნორმით გათვალისწინებულზე დაახლოებით 3–ჯერ ნაკლებია. ცხოველური წარმოშობის ბიოლოგიური ნარჩენებისაგან გამოყოფილი ქიმიური ნივთიერებები და მიკროორგანიზმები ვრცელდება ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში. შესაბამისად, აბინძურებს არა მარტო მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიას, არამედ, გარე გარემოს ობიექტებსაც, რაც ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გავრცელების მნიშვნელოვანი წყაროა. ამდენად, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დარღვევა ნეგატიურად იმოქმედებს მაცხოვრებელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციური, ნერვული, სასუნთქი სისტემის და სხვა სახის დაავადებები. მოპასუხე ამ ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების გაქარწყლებას ონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილით ცდილობს, სადაც მითითებულია, რომ შპს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს არ არღვევს. სსსკ-ის 102-105-ე მუხლების შესაბამისად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილი, არ გამოდგება იმ ექსპერტიზის დასკვნის გასაბათილებლად, რომელიც დარღვევას ადგენს და რომელიც სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტის მიერ არის შედგენილი. მოპასუხეს სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით შეეძლო სასამართლოსათვის შეეთავაზებინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებდა, სასამართლოს კი დაარწმუნებდა, რომ ფერმისგან მომდინარე ემისიები არსებით გავლენას ვერ მოახდენს მოპასუხის საცხოვრებელსა და ჯანმრთელობაზე.
20. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედება არსებითად ხელყოფს მოსარჩელის უფლებას, რადგან ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით ფერმის ფუნქციონირებით ზიანი ადგება მოსარჩელეს, რისი საწინააღმდეგოც მოპასუხის მტკიცების ტვირთი იყო და მან ვერ უზრუნველყო. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა ყველა მეწარმე სუბიექტისათვის სავალდებულოა, შესაბამისად, კასატორის არგუმენტი თავისუფალი მეწარმეობისათვის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
21. სამეზობლო ნორმები მესაკუთრეთა ისეთ სამართლებრივ ურთიერთობებს ადგენს, როდესაც ისინი ურთიერთპატივისცემით, სამეზობლო სივრცეში არსებული საკუთრების უფლების მოვლისა და დაცვის, მათ შორის ნორმალურ, მოსალოდნელ ზემოქმედებათა (არსებითი ან არაარსებით) თმენის ვალდებულებით არიან აღჭურვილი, რადგან “სსკ-ის 176-ე მუხლი ნებისმიერ მესაკუთრეს თანაბრად იცავს. შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის გამორკვევისას ორივე მხარის ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული“ (იხ. სუსგ # ას-40-38-2012, 22.03.2012წ.).
22. კასატორი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებს გასცდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მოსარჩელე მის მიერ წარდგენილი სარჩელით ითხოვდა შპს-ას აკრძალვოდა სანიტარული ნორმების დაცვით, მის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმების ექსპლოატაციისას ნაკელის შეგროვების ადგილმდებარეობის ღია და დაუცველ ტერიტორიაზე მოწყობა, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლიდან არანაკლებ 300 მ-ისა, ასევე, მოპასუხეს, ზიანის სახით, მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის - 3 500 ლარის გადახდა დაჰკისრებოდა. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში კი აღნიშნულია, რომ მოპასუხეს აეკრძალა ონის რაიონში, სოფ. .... მოსარჩელის საცხოვრებელი სახლიდან არანაკლებ 300 მეტრისა, მის საკუთრებაში არსებული რქოსანი პირუტყვის ფერმის ექსპლოატაციისას, ღია და დაუცველ ტერიტორიაზე ნაკელის შეგროვების ადგილის მოწყობა. კასატორის მოსაზრებით სასარჩელო მოთხოვნაში აღნიშნული სიტყვების „სანიტარული ნორმების დაცვით“ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გამოუყენებლობით სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 249-ე მუხლის დანაწესი დაარღვია, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, რადგან სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება სწორედ იმ ფარგლებში მიიღო, რასაც მოსარჩელე ითხოვდა.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
24. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე. მოსარჩელე აცხადებდა, რომ მას საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე ონის მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილიყო ფერმის სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაცია, რითაც დადასტურდებოდა, რომ შპს-ას ამ ნებართვით გათვალისწინებული მოთხოვნები დარღვეული აქვს. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებით საქმეს დაერთო აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ტ.2, ს/ფ 44-65). კასატორს ამ განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
25. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, რომ კასატორმა წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება. მან ვერ შეძლო სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენა მოსარჩელის პოზიციის გასაქარწყლებლად და სასამართლოს სამართლებრივი მოტივაციის დასაძლევად.
26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მე-16, მე-17 და 21-ე პუნქტები).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
28. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ''დ-ის'' საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს ''დ-ის'' (ს/კ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N5141678480, გადახდის თარიღი 2018 წლის 5 აპრილი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე