საქმე №ას-629-629-2018 13 ივლისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა.გ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ო. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.გ–მა (შემდეგში: მსესხებელი, მოვალე, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), 2014 წლის 24 ივნისს, ლ.ოგან (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი ან კრედიტორი) ექვსი თვის ვადით 6 750 აშშ დოლარი ისესხა, რაც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 11 940,08 ლარს შეადგენდა. სესხი სარგებლისა და უზრუნველყოფის გარეშე, ნაღდი ანგარიშსწორებით გაიცა (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 25-27).
2. სესხის ხელშეკრულებაში 2014 წლის 24 დეკემბერს ცვლილება შევიდა და სესხის დაბრუნების ვადა 2015 წლის 24 მარტამდე განისაზღვრა. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი (იხ. სანოტარო აქტი, ტ. 1, ს/ფ 23).
3. სარჩელის საფუძვლები
3.1. მოსარჩელემ 2016 წლის 16 ნოემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 6 750 აშშ დოლარის ეკვივალენტი 16 875 ლარის დაკისრება მოითხოვა.
3.2. მოსარჩელის განმარტებით მსესხებელს გამსესხებლის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია, კრედიტორისათვის ვალი არ დაუბრუნებია.
4. მოპასუხის შესაგებელი
4.1. მოპასუხეს მის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
5. რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი დაკმაყოფილდა და, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მოპასუხეს 6 750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა - არა უმეტეს 16 875 ლარისა.
5.2. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მოპასუხეს და 2016 წლის 26 ნოემბერს მოპასუხის მეუღლეს მ.ა–ეს ჩაბარდა (ტ. 1, ს/ფ 42).
5.3. მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში არც შესაგებელი წარუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
5.4. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 623-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 74.1-ე, 73.8-ე, 2321-ე, 201-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას - მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, რაც გამსესხებლის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.
6. საჩივრის საფუძვლები
6.1. ბოლნისის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 6 მარტს საჩივრით მიმართა მოპასუხემ, ამავე სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
6.2. საჩივრის ავტორის განმარტებით, როცა მისმა მეუღლემ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები ჩაიბარა, თავად მხარე თბილისში არ იმყოფებოდა. მსესხებელმა აღნიშნა, რომ ის მოსარჩელის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც განუმარტა, რომ სხდომის დანიშვნის თაობაზე სასამართლოს მოხელე მოპასუხეს შეატყობინებდა და მას შესაძლებლობა ექნებოდა თავისი პოზიცია სასამართლოსათვის მოეხსენებინა.
6.3. მოვალემ განმარტა, რომ სასამართლო გზავნილი მან 12 დღის შემდეგ მიიღო, რაც მისმა მეუღლემ ჩაიბარა, სასამართლოს გზავნილში კი აღმოაჩინა, რომ მას შესაგებელი სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უნდა წარედგინა, რაც უკვე დაგვიანებული იყო.
6.4. მოპასუხემ აღნიშნა, რომ იგი მოსარჩელის წარმომადგენელმა შეცდომაში შეიყვანა, რადგან ის და მისი მეუღლე იურისტები არ არიან და საპროცესო საკითხებში ვერ ერკვევიან. მოპასუხე მიიჩნევს, რომ ამის გამო ის არ უნდა დაზარალდეს, რადგან მას კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შესრულებული აქვს და მხოლოდ 3 150 აშშ დოლარი აქვს გადასახდელი, შესაბამისად, კრედიტორის სარჩელიც მხოლოდ ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო.
7. რაიონული სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
7.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
7.2. რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 2321-ე, 233-ე, 240-ე, 241-ე, 215-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზები, რის გამოც არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა.
8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. მოვალემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მათი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
8.1.1. აპელანტმა გაიმეორა წინამდებარე განჩინების 6.2-6.4 ქვეპუნქტებში მითითებული პრეტენზიები და დამატებით აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მოპასუხის განმარტება შესაგებლის წარუდგენლობის თაობაზე, ვინაიდან სარჩელი და სასამართლო გზავნილი 2016 წლის 26 ნოემბერს ჩაბარდა მოპასუხის მეუღლეს. მან სასამართლო გზავნილი, მისი ჩაბარებიდან 12 დღის შემდეგ ნახა, ვინაიდან ის არ არის იურისტი, არ იცოდა, რა სამართლებრივი შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა შესაგებლის წარუდგენლობას.
8.1.2. აპელანტმა აღნიშნა, რომ კანონის მიზანი არის არა მოპასუხისათვის თავისი არგუმენტაციისა და პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობის წართმევა, არამედ - სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილების გამოტანა. აპელანტის განმარტებით, მისი სხვა ქალაქში ყოფნა არ უნდა გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და კრედიტორის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლომ მართალია გამოიყენა ნორმა, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, ვინაიდან არ შეიძლება მშრალად იქნეს გაგებული კანონი, საპატიო მიზეზის წინაპირობად არსებული დაუძლეველი ძალა, მხოლოდ სტიქიურ უბედურებასთან ან სხვა ადამიანურ გარემოებასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და არ უნდა იყოს მიმართული საქმის სამართლიანი განხილვის ინტერესების წინააღმდეგ.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის სააპელაციო საჩივარი, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
9.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
9.3. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 201.7-ე, 2321-ე, 70-78-ე, 230-ე, 241-ე, 233-ე, 215.3-ე, 102-ე მუხლებსა და სსკ-ის 623-ე, 624-ე, 361-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოცემულ დავაში სარჩელში მითითებული და მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებები არის წინამდებარე განჩინების პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული ფაქტები და ის, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის სესხი არ დაუბრუნებია.
9.4. სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობისა და მისი სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, შესაბამისად, უნდა შემოწმდეს სარჩელში მითითებული გარემოებები სარჩელს იურიდიულად ამართლებს თუ არა.
9.5. სასამართლომ დაასკვნა, რომ კრედიტორის სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელს, ამდენად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სსსკ-ის 233-ე მუხლით განსაზღვრული შემაფერხებელი წინაპირობა.
10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
10.2. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები ამ განჩინების 8.1.1-8.1.2 ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებების იდენტურია.
10.3. კასატორმა საკასაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული ვიდეო კამერის ჩანაწერის გამოთხოვა, რომელიც დაადასტურებს, რომ მოვალემ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით კრედიტორს პირად ანგარიშზე თანხა გადაურიცხა.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. მსესხებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოვალის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 2321-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია:
17.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოვალეს კრედიტორის სარჩელი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, რასაც თავად კასატორიც ადასტურებს და სადავოდ არ ხდის. მას შესაგებლის წარსადგენად 10-დღიანი ვადა განესაზღვრა, თუმცა, მოპასუხეს ამ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია, აღნიშნულს თავადაც ადასტურებს და განმარტავს, რომ შესაგებლის წარუდგენლობა პროცესუალური საკითხების უცოდინრობამ და მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მხარის (მოპასუხის) შეცდომაში შეყვანამ გამოიწვია (იხ. ამ განჩინების 6.2 და 8.1.1 ქვეპუნქტები).
17.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, თუ რამდენად მართებულად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები. სსსკ-ის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
17.3. სსსკ-ის 2321-ე მუხლის თანახმად შესაგებლის წარუდგენლობის გამო სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელს დააკმაყოფილებს თუ სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლო ნიშნავს სხდომას, თუმცა მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
17.4. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის არა იმ გარემოებას, რომ მან საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა შესაგებელი, არამედ იმას, რომ მან კრედიტორის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, რის გამოც სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხემ მასზე დაკისრებული საპროცესო ვალდებულება - შესაგებლის წარდგენა - დაარღვია, ამასთან, იგი საამისო საპატიო მიზეზს ვერ ასაბუთებს. ის გარემოება, რომ მოპასუხე და მისი მეუღლე იურისტები არ არიან, შესაგებლის წარუდგენლობით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებს ვერ შეუმსუბუქებს მხარეს, რადგან საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესები ყველასათვის საერთოა. ამასთან, სასამართლომ მოპასუხეს განუმარტა სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაგებლის წარდგენის სავალდებულობის შესახებ და ისიც აცნობა, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვებოდა ამ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობას. აღნიშნულს კასატორიც ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მითითება ვადის გასვლის შემდეგ აღმოაჩინა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მისთვის საკანონმდებლო მოწესრიგება უცნობი იყო, მაშინ შეიძლებოდა მსჯელობის საგანი გამხდარიყო, თუკი სასამართლო თავის ვალდებულებას დაარღვევდა და მხარეს სათანადოდ არ გააფრთხილებდა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ გამოვლენილა. აქედან გამომდინარე, კასატორის მტკიცება, რომ მან შესაგებლის წარდგენის სავალდებულოობის შესახებ არ იცოდა, იურისტი არ იყო, მოსარჩელის წარმომადგენელმა შეცდომაში შეიყვანა, უსაფუძვლოა და კანონსაწინააღმდეგო, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
17.5. სსსკ-ის 2321-ე მუხლის თანახმად (იხ. ამ განჩინების 17.3 ქვეპუნქტი) მოპასუხე, რომელიც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით შესაგებელს არ წარადგენს, კარგავს უფლებას სასამართლოს მტკიცებულებებით მიმართოს, მას მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრების გამოთქმის უფლება რჩება, ისიც მაშინ, თუ სასამართლო სარჩელს იურიდიულად გამართლებულად არ მიიჩნევს და სხდომას დანიშნავს. ამასთან, მსესხებლის მიერ წარდგენილი ცნობით არ დასტურდა ის, რასაც მოვალე თავის საჩივრებში უთითებს. მოვალის განმარტებით მან ფულადი ვალდებულება ნაწილობრივ - 3 600 აშშ დოლარის ოდენობით - შეასრულა, ბანკის მიერ გაცემულ ცნობაში კი მითითებულია - მოპასუხის მიერ მოსარჩელის მულტისავალუტო ანგარიშზე 01.08.2014 წლიდან 30.06.2016 წლამდე პერიოდში განხორციელებული გადარიცხვები: 25.08.14 წ. – 150 - სესხის დაფარვა; 25.09.14 წ. – 150 - თანხის შეტანა პირადი დანიშნულებით; 6.11.14 წ. – 150 - თანხის შეტანა ანაბრის გასახსნელად; 10.12.14 წ. – 150 - ანგარიშზე თანხის შემოტანა; 23.02.15 წ. – 100 - თანხის შეტანა. განსახილველ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდნენ, რისი გაქარწყლებაც მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი ვერც ერთი საჩივრით ვერ შეძლო.
17.6. საკასაციო საჩივარში მითითებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით (იხ. ამ განჩინების 10.3 ქვეპუნქტი) საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ახალ მტკიცებულებებს არ იღებს, ის სამართლებრივ შეფასებას აძლევს მხარის იმ ახსნა-განმარტებას, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან „სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ # ას-1108-1065-2016, 18.04.2017წ.).
19. სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელი დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორის სარჩელი იურიდიულად გამართლებული იყო, ამასთან, კასატორს სარჩელის იურიდიულ გამართულობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ წარუდგენია და მოპასუხის მიერ შესაგებლის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობას დაუკავშირდა სსსკ-ის 201-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას- 664-635-2016, 02.03.2017წ; პ.202).
20.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
22. კასატორს, სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა.გ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 443 ლარის (საგადახდო დავალება N16635129, გადახდის თარიღი 2018 წლის 7 მაისი), 70% – 310,1 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე