საქმე №ას-654-654-2018 13 ივლისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „კ-ის“ (ს/კ....) აქციონერები, ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და დირექტორი: მ.მ., ვ.ს., გ.ლ., მ.ვ., სს „საბროკერო კომპანია კ." (ს/კ: ....) (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინიტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ცვლილებების რეგისტრაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სს „კ-ის“ (ს/კ: ......) აქციონერების, ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების და დირექტორის: მ.მ–ის, ვ.ს–ის, გ.ლ-ის, მ.ვ–ის, სს „საბროკერო კომპანია კ-ის" (ს/კ: ......) შემდეგში: მოსარჩელეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის საოქმო განჩინებით შეჩერდა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოხმობით განმარტა, რომ სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
5. საქმეში წარმოდგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება # 22900-2015 (ტ.3, ს.ფ.32-43), რომლითაც ირკვევა, რომ აპელანტების მიერ წარდგენილი სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1 ოქტომბრის #B15156350/13, 2015 წლის 1 ოქტომბრის #B15156350/14 და 2015 წლის 30 ნოემბრის #287973 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა. მხარეთა განმარტებით ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესითაა გასაჩივრებული და მიმდინარეობს განხილვა.
6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოხსენებულ დავაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, ამჟამად განსახილველ საქმეზე აპელანტები ფაქტობრივად აღწევენ სასურველ შედეგს, შესაბამისად, სხვა საქმის განხილვის დასრულებამდე წინამდებარე დავის განხილვა საფუძველს მოკლებულია.
7. აპელანტებმა 2018 წლის 11 მაისს კერძო საჩივარი წარადგინეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
8. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო განხილვის სტადიაზე მყოფი სხვა დავის, მათი ინტერესების სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება წინამდებარე დავის ფარგლებში არსებული მიზნის მიღწევა, არასწორია გასაჩივრებული განჩინებისდასკვნა იმის თაობაზე, რომ შეუძლებელია საქმის განხილვის გაგრძელება სხვა დავის გადაწყვეტამდე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორების ინტერესს მათთვის სასურველი შედეგის დროულად დადგომა წარმოადგენს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების კანონიერების შემოწმების საკითხი.
12. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მოხმობილი სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც, შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას.
13. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერებას საფუძვლად დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის # 2/22900-2015 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1 ოქტომბრის #B15156350/13, 2015 წლის 1 ოქტომბრის #B15156350/14 და 2015 წლის 30 ნოემბრის #287973 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. ეს გადაწყვეტილება გამოტანილია ამჟამინდელი კერძოს საჩივრის ავტორთა სასარგებლოდ და მათი სარჩელი დაკმაყოფილდა, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო წესით და მიმდინარეობს სააპელაციო განხილვა. დასახელებულ დავაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორები, რომლებმაც ამჯერად სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება, ფაქტობრივად მიაღწევენ სასურველ სამართლებრივ შედეგს. ასეთ ვითარებაში კი საფუძველი გამოეცლება იმ დავაზე საქმის წარმოების გაგრძელებას, რომელიც სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა და კერძო საჩივრის განხილვის საგანია.
14. კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ წინამდებარე დავის საგანია საჯარო რეესტრის 2015 წლის 3 დეკემბრის # B15233492/3 გადაწყვეტილებისა და მისგან გამომდინარე სხვა გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ამასთან, არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ „სხვა დავაზე“ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, ფაქტობრივად დააკმაყოფილებს მათ ინტერესს, რაც განსახილველი დავის საგანია, თუმცა, მიაჩნიათ, რომ აღნიშნული არ უნდა გახდეს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, რადგან სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მხარეთა ინტერესი სასურველი შედეგის დროულად დადგომასთან მიმართებით (იხ. კერძო საჩივრის მოტივები - ტ. 4. სფ.60).
15. საკასაციო სასამართლოს შეფასებით კერძო საჩივრის პრეტენზიები დაუსაბუთებელია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე კანონიერია და საქმის განხილვის გაგრძელების სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „შეუძლებლობა“ გამოვლენილია სწორედ იმის გამო, რომ სხვა დავის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, მოცემულ დავაზე, დღევანდელი კერძო საჩივრის ავტორები ფაქტობრივად მიიღებენ იმ იურიდიულ შედეგს, რისი მიღწევაც მათ სურთ წინამდებარე დავაში. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტი, რომ მათ საქმის დროულად დასრულების ინტერესი გააჩნიათ, სამართლებრივად დაუსაბუთებელია და თავისთავად არ გულისხმობს იმგვარ შესაძლებლობას, რომ პარალელურად რამდენიმე დავა განიხილოს სასამართლომ, რათა ერთ-ერთ მათგანზე მხარემ რაც შეიძლება დროულად მიაღწიოს მისთვის სასურველ სამართლებრივ შედეგს და დაიკმაყოფილოს ინტერესი. სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, ასევე, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - საპროცესო ეკონომიის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, სწორედ ეფექტიანი და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა.
16. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „კ-ის“ (ს/კ: .......) აქციონერების, ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების და დირექტორის: მ.მ–ის, ვ.ს–ძის, გ.ლ-ის, მ.ვ–ის, სს „საბროკერო კომპანია კ-ის" (ს/კ: ......) კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე