საქმე №ას-666-666-2018 8 ოქტომბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ.ტ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.გ-ას (შემდეგში: მოსარჩელე), სარჩელი თ.ტ-ას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა.
2.აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარედგინა სააპელაციო საჩივარი შედგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ: მიეთითებინა თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა; აგრეთვე გარემოებები, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ აღნიშნულ გარემოებებს. მხარეს ასევე დაევალა, მოთხოვნის დაზუსტება და სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის გადახდა.
4. აპელანტმა 2018 წლის 26 იანვარს განცხადებით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა ხარვეზის აღმოფხვრისათვის საპროცესო ვადის გაგრძელება.
5. სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით.
6.აპელანტმა 2018 წლის 12 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს ისევ მიმართა განცხადებით, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
7. სასამართლოს 2018 წლის წლის 22 თებერვლის განჩინებით აპელანტს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 3 დღით. საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილით ირკვევა, რომ განჩინება ხარვეზის აღმოფხვრისათვის საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ჩაბარდა აპელანტის მამას 2018 წლის 29 მარტს (იხ.ტ.2, ს.ფ.24). აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრისათვის ვადის ათვლა დაიწყო იმავე წლის 30 მარტიდან და ამოიწურა პირველ აპრილს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ის უქმე დღე იყო, საპროცესო ვადა ამოიწურა დასვენების დღის მომდევნო სამუშაო დღეს - 2 აპრილს (იხ. სსსკ-ის მე-60; 61-ე; 63-ე მუხლები).
8. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე განმარტა, რომ აპელანტმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილს, წარადგინა განცხადება ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე.
9. ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
10. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ დარჩა განუხილველი, ვინაიდან მან კანონით გათვალისწინებული წესით, სასამართლოს მიერ მითითებულ საპროცესო ვადაში აღმოფხვრა ხარვეზი, აღნიშნულის დასტურად კი წარმოადგინა საფოსტო ქვითარი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
16. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია; საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო წარმოების ეტაპზე ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე 2018 წლის 3 აპრილის განცხადება წარდგენილია ორ ფურცლად (იხ. ტ.2, ს.ფ.25-26, სასამართლო კანცელარიის ბეჭედი). აღნიშნულის სარწმუნოდ გაქარწყლების დამადასტურებელი მტკიცებულებები კერძო საჩივრის ავტორს არ წარუდგენია, რის გამოც საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია. საკასაციო სასამართლოს შეფასებით კერძო საჩივართან ერთად წარმოდგენილი საფოსტო ქვითარი, რომელზედაც თ.ტ-ას გარდა მითითებულია ორი სხვა პირი: მ.მ. და ა. (ეს ორი უკანასკნელი გვარი არ ფიგურირებს განსახილველ სასამართლო დავაში) არ ადასტურებს რომ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 3 აპრილს გაგზავნა განცხადება. საკასაციო სასამართლომ ხსენებული საფოსტო ქვითარი სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით გადაამოწმა გამგზავნი კომპანიის ოფიციალურ საძიებო სისტემაში, რის შედეგადაც ირკვევა, რომ ქვითარი (http://www.tnt.ge/Default.aspx; ქვითრის ნომერი: 002840641- იხ. ტ.2, ს.ფ.38 ) არ არის აქტიური, ამის საწინააღმდეგოდ, საქმეშია იმავე საფოსტო კომპანიის სხვა ქვითარი (ქვითრის ნომერი: 002828965), რომლითაც კერძო საჩივრის ავტორმა 2018 წლის 27 ივლისს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და ამ ქვითრის იმავე წესით გადამოწმებისას, ირკვევა, რომ იგი აქტიურია და ფოსტაში რეგისტრირებულია 2018 წლის 26 ივლისს.
17. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ტ-ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე