Facebook Twitter

საქმე №ას-838-838-2018 8 ოქტომბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. გ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა., გ.ა., გ.ყ. (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ლ.გ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი მ. და გ. ა-ის (შემდეგში: მოპასუხეები) წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა. გ.ყ–ის (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) სარჩელი თავდაპირველი მოსარჩელის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა დაარღვია. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელეს ჩაბარდა 2018 წლის 29 მარტს (ტ.2, ს.ფ.232). სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 30 მარტს და ამოიწურა 12 აპრილს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2018 წლის 13 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აპელანტი არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში:სსსკ)-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც სასამართლოს ინიციატივით ეგზავნება გადაწყვეტილების ასლი, რა დროსაც, სწორედ ასეთი გაგზავნის შედეგად, გზავნილის მიღების დროს იწყება გასაჩივრების ვადის ათვლა.

5. 2018 წლის 11 ივნისს კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა.

6. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2018 წლის 26 მარტს მისმა მარწმუნებელმა სასამართლოს მიმართა განცხადებით, მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლისა და სხდომის ელექტრონული ჩანაწერის ჩაბარება. 2018 წლის 29 მარტს მოსარჩელეს მის მიერ შეტანილ განცხადებაზე მოაწერინეს ხელი იმის თაობაზე, რომ ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება, თუმცა, მას რეალურად მეორე დღეს - 30 მარტს ჩაბარდა გადაწყვეტილებაც და სხდომის ელექტრონული ოქმიც. მხარეს სასამართლოში განუმარტეს, რომ გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყებოდა 2018 წლის 30 მარტიდან. ამასთან, ვინაიდან აპელანტს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, ვადის ამოწურვის ბოლო დღემდე ვერ შეძლო წარედგინა სააპელაციო საჩივარი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

11. სსსკ-ის 369-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

12. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

13. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

15. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტმა რაიონულ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად მიმართა 2018 წლის 26 მარტს, ხოლო იმავე განცხადებაზე არსებული ხელწერილით დასტურდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო 2018 წლის 29 მარტს, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კერძო საჩივრის ავტორს სარწმუნო მტკიცებულებები არ წარუდგენია, ხოლო მის კერძო საჩივარში მითითებული პრეტენზია დაუსაბუთებელია (ტ.2, ს.ფ.232).

16. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით სააპელაციო საჩივრის ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 30 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 12 აპრილს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 13 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ,რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია.

17. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).

18. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.გ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე