საქმე №ას-840-840-2018 20 სექტემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ.მ.მ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''ლ.'' (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ.მ–სა (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან შემსყიდველი) და შპს „ლ–ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, მიმწოდებელი ან კომპანია) შორის, 2016 წლის 21 მარტს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №36 ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), ქ.მ–ის მ–ის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიების შესყიდვის თაობაზე. ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოს თავდაპირველი ღირებულება შეადგენდა 37 999,98 ლარს (ტ.1, ს.ფ.55-60).
1.1 ხელშეკრულების 2.1.1 მუხლით სოფელ ..... (.....) მ.ს-ის ეზოში ქვედა საყრდენი კედლის მოწყობისათვის განისაზღვრა 9527,28 ლარი.
1.2 .ხელშეკრულების 2.1.3 მუხლით ზედა ბ–ში ი.ღ-ის ეზოში ქვედა საყრდენი კედლის მოწყობისათვის განისაზღვრა - 6894.64 ლარი.
1.3 . სოფელ ......, ო.ს-ის საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედლის მოწყობისათვის 2.1.4 მუხლით განისაზღვრა 10 992.64 ლარი.
1.4 . ხელშეკრულების 2.1.5 მუხლით, სოფელ ..... თ.ღ-ის ეზოში გზის გასამაგრებლად ქვედა საყრდენი კედლის მოწყობისათვის განისაზღვრა 3 683.46 ლარი.
1.5 .ხელშეკრულების 2.1.6 მუხლით სოფელ ...... ი.ღ-ის ეზოს ზემოთ ზედასაყრდენი კედლის მოწყობისათვის განისაზღვრა 5 452.27 ლარი.
2. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 1 ივლისამდე.
3. ხელშეკრულების 17.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
4. ხელშეკრულების მე-19 მუხლის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრამდე.
5. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის, 2016 წლის 20 დეკემბერს, გაფორმებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მე-19 მუხლის 19.1 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან 2017 წლის 31 მაისამდე (ტ.1,ს.ფ. 63).
6. ხელშეკრულების 2.1.1 მუხლით განსაზღვრული (იხ. წინამდებარე განჩინების 1.1 ქვეპუნქტი) სამუშაოების შესრულების შუალედური მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება 8727.44 ლარის სამუშაოების შესრულება. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 2017 წლის 15 ივნისს, სადაც მეორე ეტაპის სამუშაომ შეადგინა 522.35 ლარი. საჯარიმო თანხა მთლიანობაში განისაზღვრა 3 275.31 ლარის ოდენობით (ტ.1,ს.ფ. 20-29).
7. ხელშეკრულების 2.1.3 მუხლით განსაზღვრული (იხ. წინამდებარე განჩინების 1.2 ქვეპუნქტი) სამუშაოების შესრულება დასრულდა 2017 წლის 29 მაისს. იმავე წლის 15 ივნისის აქტით დადასტურებულია 6 693.83 ლარის სამუშაოები, ხოლო საჯარიმო თანხა განისაზღვრა 2 401.28 ლარის ოდენობით (ტ.1,ს.ფ. 30-34).
8. ხელშეკრულების 2.1.4. მუხლით განსაზღვრული (იხ. წინამდებარე განჩინების 1.3 ქვეპუნქტი) სამუშაოების შესრულების შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2016 წლის 20 დეკემბერს, რომლის მიხედვითაც დასტურდება 9 916.5 ლარის სამუშაოების შესრულების ფაქტი. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 2017 წლის 15 ივნისს. მეორე ეტაპის სამუშაოებმა შეადგინა 755.97 ლარი. საჯარიმო თანხა განისაზღვრა 3 761.81 ლარით (ტ.1, ს.ფ.35-44).
9. ხელშეკრულების 2.1.5 მუხლით განსაზღვრული (იხ. წინამდებარე განჩინების 1.4 ქვეპუნქტი) სამუშაოების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 2016 წლის 21 დეკემბერს, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 3 576.18 ლარი, ხოლო საჯარიმო თანხამ - 2 232.45 ლარი (ტ.1,ს.ფ.45-46).
10. ხელშეკრულების 2.1.6. მუხლით განსაზღვრული (იხ. წინამდებარე განჩინების 1.5 ქვეპუნქტი) სამუშაოების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 2016 წლის 21 დეკემბერს, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 5 293,47 ლარი, ხოლო საჯარიმო თანხამ - 4 340,34 ლარი(ტ.1,ს.ფ.50-54).
11. საბოლოოდ შესრულებული სამუშაოების ჯამური მაჩვენებლის (35 485.74 ლარი) პარალელურად, მიმწოდებელს შემსყიდველმა სხვადასხვა დროს ჩაურიცხა 22 872.07 ლარი (64.5%), ხოლო შესრულებული სამუშაოს 35.5% - 12 613.67 ლარი შემსყიდველმა პირგასამტეხლოს სახით მიერ გაქვითა და არ გადაუხადა მიმწოდებელს.
12. სარჩელის საფუძვლები
12.1 მიმწოდებელმა 2017 წლის 9 აგვისტოს სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა დაკისრებული ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირება მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს - 10 %-მდე, რაც 3 550 ლარია, ასევე - 9 063 ლარის ანაზღაურება მისთვის, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
12.2 მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულდა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშოები ქ.მ–ის ტერიტორიაზე. ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულების (37 999.98) ნაწილი. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით დასტურდება 34 485.74 ლარის სამუშოების შესრულება, თუმცა ვადაგადაცილების გამო მოხდა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება 16 011.19 ლარის ოდენობით, რაც შესრულებული სამუშაოების 45%-ს შეადგენს.
12.3 ამასთან, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში საპროექტო სამუშაოების შესრულებაში მიმწოდებელს არსებულმა სტიქიურმა მოვლენებმა და ღვარცოფმა შეუშალა ხელი, რის გამოც კომპანიას ობიექტური მიზეზის გამო თავიდან მოუწია სამშენებლო მოედნის მოწყობა და მატერიალური რესურსის მობილიზება.
13. მოპასუხის შესაგებელი
13.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების 4.1 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადად განსაზღვრული იყო 2016 წლის 1 ივლისი. ხელშეკრულების 7.2 მუხლით ყოველი დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. მხარე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, შესაბამისად, მას უნდა ევარაუდა ვალდებულების დროულად შესრულების შესაძლო ხელშემშლელი პირობების არსებობის შესახებ და განესაზღვრა ვადა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
14.1 ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით მიმწოდებლის სარჩელი დაკმაყოფილდა.
14.1.1ხელშეკრულებიდან გამომდინარე კომპანიაზე განსაზღვრული პირგასამტეხლო 35% - 12 613,67 ლარი, შემცირდა 10%-მდე და განისაზღვრა 3 550 ლარით.
14.1.2 მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი თანხის 9 063,67 ლარის გადახდა დაეკისრა.
14.2 სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 401-ე, 402-ე, 417-420-ე და 115-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი და მე-3 პუნქტები).
14.3 პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობის ფაქტს, თუმცა, სადავოა პირგასამტეხლოს ოდენობა.
14.4 სასამართლოს განმარტებით, ნების ავტონომიის პრინციპი გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი მხარეებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს. გასათვალისწინებელია, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა - გამდიდრება.
14.5 წინამდებარე შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ვალდებულების დარღვევა მოხდა სტიქიური მოვლენების შედეგად, რასაც მოპასუხეც არ უარყოფდა.ამის გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასებით, 35 485.74 ლარის ღირებულებიდან პირგასამტეხლოს სახით 12 613.67 ლარის გაქვითვა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც მისი ოდენობა უნდა შემცირდეს 3 550 ლარამდე, ხოლო დარჩენილი თანხა - 9 063.76 ლარი, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
15. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
15.1 ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემსყიდველმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, ვინაიდან მოსარჩელე არის მეწარმე სუბიექტი და ღვარცოფის მოვარდნის ფონზეც კი, 6 თვის ვადაგადაცილებით ვალდებულების შესრულებისათვის ადეკვატურად დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საფუძველზე, ამასთან, სტიქიურმა მოვლენამ მხოლოდ ერთ ობიექტზე შეუშალა ხელი მოსარჩელეს სამუშაოებში, სასამართლომ კი არასწორად შეაფასა გარემოებები და დაუსაბუთებლად შეუმცირა პირგასამტეხლო, არასწორად დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის ანაზღაურება.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
16.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით შემსყიდველის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
16.2 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესრულების რამდენიმე გარემოებაზე მიუთითა:
16.2.1 მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული 37 992.98 ლარის შესასრულებელ სამუშაოს, გამოაკლდა ხელშეკრულების 2.1.2 პუნქტით გათვალისწინებული სოფელ ზედა ბ–ში ს.ღ-ის ეზოში სავალი ნაწილის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის მიზნით განსაზღვრული 1 442.69 ლარის სამუშაო და, შესაბამისად, 6 ობიექტის ნაცვლად, 5 ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 36 550.29 ლარის ოდენობით.
16.2.2.სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, 2016 წლის 1 ივლისისათვის შესრულებული იყო მთლიანი სამუშაოს (36 550.29 ლარი) 30% - 10 965.087 ლარის ღირებულების სამუშაო, ამდენად შესასრულებელი იყო 25.585.2 ლარის ღირებულების სამუშაო.
16.2.3.საქმეში არსებული 2016 წლის 20 დეკემბრით დათარიღებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებითა და იმავე წლის 21 დეკემბრის აქტის საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნული თარიღისათვის შესრულებული იყო შემდეგი სამუშაოები:
ა) სრულად დასრულებული იყო სოფელ ზედა ბ–ში თ.ღ–ის ეზოში გზის გასამაგრებლად ქვედა საყრდენი კედლის მოწყობა (3 683,46 ლარი);
ბ) სრულად დასრულებლი იყო იმავე სოფელში, ი.ღ-ის ეზოს ზემოთ ზედა საყრდენი კედლის მოწყობა (5 452.27 ლარი);
გ) სოფელ ს–ში, ო.ს-ის საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედლის მოწყობის მიზნით შესრულებული იყო 10 992.64 ლარიდან 9 916 ლარის ღირებულების სამუშაო.
დ) სოფელ სში მ.ს-ის ეზოში ქვედა საყრდენი კედლის მოწყობის მიზნით შესრულებული იყო 9 527.28 ლარიდან 8 727.44 ლარის ღირებულების სამუშაო.
16.3 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან იმავე წლის 21 დეკემბრამდე მოსარჩელის მიერ შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობა განისაზღვრებოდა 25 585.2 ლარის ოდენობით, რის გამოც პირგასამტეხლოს განსაზღვრა სწორედ აღნიშნული თანხიდან უნდა მოხდეს მითითებული პერიოდისათვის (ჯამში 173 ვადაგადაცილებული დღე). ამასთან, 2016 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობა განისაზღვრა 7 972.15 ლარით, რომელიც დასრულდა 2017 წლის 15 ივნისს. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში პირგასამტეხლოს დაკისრება მითითებული თანხიდან უნდა მოხდეს, 2016 წლის 21 დეკემბრიდან 2017 წლის 15 ივნისამდე (ჯამში 177 ვადაგადაცილებული დღე).
16.4 სასამართლოს შეფასებით, მართალია, მიმწოდებელმა ვადის დარღვევით შეასრულა ვალდებულება, რაც ხელშეკრულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია, თუმცა, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 12 613.67 ლარი, ცალსახად შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება შემცირებას, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის სადავო არაა 2016 წლის ზაფხულში ხელშეკრულების შესრულების ადგილზე წყალდიდობისა და სტიქიური მოვლენების ფაქტი, რამაც გარკვეულწილად ხელი შეუშალა სამუშაოების დროულად დასრულებას.
17. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
17.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
17.2 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლოს მსჯელობა, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო დარღვეული ვალდებულების გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალია, დაუსაბუთებელია. ამასთან, სასამართლომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლო ერთიანად შეამცირა, ყველა ობიექტთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ შემცირებისათვის გამოყენებული არგუმენტი და მითითება სტიქიური მოვლენების თაობაზე, ყველა ობიექტს არ შეხებია, შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო იმსჯელებდა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე ღვარცოფის მოვარდნის გამო, უნდა ემსჯელა მხოლოდ 3 ობიექტთან მიმართებით და არა - 5 ობიექტზე.
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
18.1 შემსყიდველის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია:
24.1 ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება;
24.2 პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
25. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
26. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად დამატებით განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა განაპირობა სტიქიურმა მოვლენამ, კერძოდ ღვარცოფმა, რის გამოც 2017 წლის 15 ივნისისათვის დარღვეული ვალდებულების ღირებულებამ 7 972.15 ლარს მიაღწია, ხოლო მითითებული დარღვევის გათვალისწინებით, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი ჰქონდა ღვარცოფს, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა სამუშაოების ჩატარება, რაზედაც მხარეებიც არ დავობენ, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 12 613.67 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებში დარღვეული ვალდებულებისა და კასატორის მდგომარეობის გათვალისწინებით.
27. ამდენად, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
28. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
30. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.მ–ის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე