საქმე №ას-901-2018 3 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ბ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. თ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები – ლ. ა., ა. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გ. თ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, მ.. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2016 წლის 21 მარტიდან. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება №A-.., დამოწმების თარიღი: 16/03/2016.
2. ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ ნ. ბ-ე, ა. ბ-ე და ლ. ა. (შემდგომში - „მოპასუხეები“).
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა მათი უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმში, მ.) გამოთხოვა და მოსარჩელისთვის აღნიშნული ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
4. მოპასუხეებმა ნ. ბ-ემ და ლ. ა-მ სარჩელი არ ცნეს, მოპასუხე ა. ბ-ეს შესაგებელი არ წარუდგენია.
5. მოპასუხე ნ. ბ-ემ აღძრა შეგებებული სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, მ. ბ-ის, ა. ბ-ის, მესამე პირის გ. თ–ის (მოსარჩელის), დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების: ლ. ა-ს, ნ. ბ-ის, ო. ბ-ისა და მ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 23 ივლისის №8-... და 2016 წლის 21 მარტის №-... გადაწყვეტილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 98 კვ.მ. ნაწილში და მიწის ნაკვეთის 311.11 კვ.მ. ნაწილში თანამესაკუთრედ აღიარება.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ იქნა მიღებული განსახილველად, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით უცვლელი დარჩა.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. ბათუმი, მ-ში, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0-... გამოთხოვა და მოსარჩელისთვის აღნიშნული ფართის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანილი ჰქონდა სასარჩელო განცხადება იმავე მხარეებს შორის და იმავე საგანზე და აღნიშნულ საქმეთა გაერთიანების შედეგად სასამართლო დაადგენდა საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს.
9. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის სხდომაზე მოპასუხემ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავის დასრულებამდე იმ დასაბუთებით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა მოპასუხის სარჩელი მოსარჩელის წინააღმდეგ სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის საოქმო განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე და 311-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები მოსარჩელის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით სადავოდ არ იყო გამხდარი, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ იყო წარმოდგენილი, ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა სადავო ნივთის ფლობის უფლება, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
14. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
14.1. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ასევე უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე არსებითი განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელიც იხილავს კასატორის სარჩელს მოსარჩელის მიმართ, ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია მოსარჩელის სარჩელი საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და ა. ბ-ის წინააღმდეგ, რომლის უკანონო გადაწყვეტილებით ხელყოფილია კასატორის კომლის ქონება და იგი სრულიად უკანონოდ მოქცეულია მოსარჩელის საკუთრებაში. კასატორმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, ვიდრე ბათუმის საქალაქო სასამართლო არ განიხილავდა მის სარჩელს მოსარჩელის წინააღმდეგ;
14.2. გაურკვეველია, რატომ არ მიიღო წარმოებაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ კასატორის შეგებებული სარჩელი და რატომ მიიღო შემდეგ იგივე შეგებებული სარჩელი იმავე მოსამართლემ სასარჩელო ფორმით, სადაც დავის საგანი და მხარეები იგივეა. ამ შეგებებულ სარჩელში დასაბუთებული იყო და არის, რომ კასატორი და მისი კომლი ფლობს სადავო ქონების თითქმის ¾-ს. სახლი აგებულია მის მიერ და საჯარო რეესტრს არ ჰქონდა უფლება მისი კომლის კუთვნილი ფართი დაერეგისტრირებინა კასატორის ძმის სახელზე, როგორც სამკვიდრო ქონება და მასში მოექცია კასატორის კომლის საკუთრებაში არსებული ფართები. ფაქტიურად საჯარო რეესტრმა ზედიზედ ორჯერ უხეშად დაარღვია კანონი, რადგან კასატორის საკუთრება ჯერ დაუკანონა მის ძმას, შემდეგ კი მისგან - მოსარჩელეს. შეგებებული სარჩელის წარმოებაში არმიღებით კასატორის მიმართ დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი;
14.3. სასამართლომ არ შეისწავლა კასატორის მიერ წარდგენილი მასალები, რომლითაც დგინდება, რომ იმავე საჯარო რეესტრის არქივიდან ამოღებული საბუთებით ეს ქონება კასატორის საკუთრებას წარმოადგენს. სასამართლომ უნდა შეისწავლოს, თუ როგორც აღმოჩნდა კასატორის სახლ-კარი მოსარჩელის საკუთრებაში, როცა მას ეს სახლი არ გაუყიდია და არც არავისგან მის სანაცვლოდ ერთი თეთრიც არ მიუღია.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. კასატორის პრეტენზიის ძირითადი არსი არის ის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მის მიერ აღძრული სარჩელის საფუძველზე მიმდინარე საქმის დასრულებამდე შეუძლებელია განსახილველი დავის გადაწყვეტა, რის გამოც საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნდეს სააპელაციო სასამართლოში.
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის სხდომაზე კასატორის შუამდგომლობა სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავის დასრულებამდე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გაგრძელდა საქმის არსებითი განხილვა, რის შედეგად ამავე სხდომაზე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
21. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავის დასრულებამდე წინამდებარე საქმის განხილვის მართებულობა.
22. საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივი წინაპირობა განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
23. აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. ამრიგად, საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეჩერებამდე სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება (იხ. სუსგ №ას-266-253-2016, 2016 წლის 14 ივნისი).
24. განსახილველ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმში, მ.), გამოთხოვა და მოსარჩელისთვის აღნიშნული უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
25. ამდენად, წინამდებარე საქმის მოსარჩელეს აღძრული აქვს ვინდიკაციური სარჩელი. შესაბამისად, მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა ფლობდეს ნივთს; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება.
26. ვინდიკაციური სარჩელი წარმატებული იქნება, თუ შესრულებულია ზემოხსენებული წინაპირობები, ამასთან, ამ წინაპირობებს სასამართლო ზემომითითებული თანმიმდევრობით ამოწმებს. ამდენად, პირველ რიგში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრე.
27. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, მ.. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2016 წლის 21 მარტიდან. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება №A-..., დამოწმების თარიღი: 16/03/2016. ამასთან, აღნიშნული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი შეადგენს 1399 კვ.მ.-ს, ხოლო შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 402,70-ს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 12).
28. საქმის მასალებში არსებულ, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებაში მოსამართლე უთითებს, რომ ნ. ბ-ემ (მოპასუხემ) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გ. თ–ის (მოსარჩელის), ა. ბ-ისა და მ. ბ-ის მიმართ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა გ. თ–ის (მოსარჩელის) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმში, მ-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-...) ყადაღის დადება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 246).
29. საქმის მასალებში წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, პარალელურად მიმდინარე სამოქალაქო საქმეში მოსარჩელე ითხოვს ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 332 კვ.მ.-ში თანამესაკუთრედ და მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობას, 280 კვ.მ. ოდენობით, თანაზიარი ჭიშკრით (იხ. ტ. 1. ს.ფ. 258). სარჩელი აღძრულია მოსარჩელის, თავდაპირველი მოპასუხის ა. ბ-ისა და მ. ბ-ის წინააღმდეგ. სარჩელის თანახმად, 1998 წელს კასატორი ცალკე კომლის სახით გამოეყო დედამისის კომლს და 90 კვ.მ.-დან მიიღო თავისი წილი - 20 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. მისი კომლის კუთვნილი წილის მხრიდან და ზემოდან დააშენა ახალი სართული, მთლიანობაში მიემატა 312 კვ.მ., შესაბამისად, მისი კომლი ამ სახლში ფლობს 332 კვ.მ. დამხმარე და საცხოვრებელ ფართს, თანაზიარი ეზოთი და საერთო შესასვლელი ჭიშკრით. დედამისის გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს, კომლის ქონება ექვემდებარებოდა მემკვიდრეებს შორის გაყოფას, რომელშიც კასატორი ვერ მიიღებდა მონაწილეობას, რადგან მიღებული ჰქონდა მისი წილი 20 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. 90 კვ.მ. ფართიდან მის დედმამიშვილებს შორის გასანაწილებელი იყო დანაშთი ქონების 70 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. შესაბამისად, ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში მ. ბ-ეს შეიძლება დაერეგისტრირებინა 70 კვ.მ. ფართი და არა 402 კვ.მ. ფართი, რომელიც აზომვით ნახაზშია მითითებული.
30. ამრიგად, სახეზეა ისეთი შემთხვევა, როდესაც პარალელურად მიმდინარე საქმეში კასატორი (მოპასუხე) სწორედ იმ სადავო ქონებაზე ითხოვს თანამესაკუთრედ ცნობას, რომლის მფლობელობიდან გამოთხოვაც არის წინამდებარე საქმის დავის საგანი.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სხვა სამოქალაქო დავის ფარგლებში შეცილებულია ქ. ბათუმში, მ., მდებარე უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება და მოპასუხე ითხოვს თანამესაკუთრედ ცნობას, ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ და უშუალო გავლენას იქონიებს განსახილველ საქმეზე, ვინაიდან წარდგენილი ვინდიკაციური სარჩელის წარმატების ერთ-ერთი არსებითი პირობა სწორედ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მოსარჩელის ყოფნაა. პარალელურად მიმდინარე დავის განხილვის შედეგად სადავო ქონების თანამესაკუთრედ მოპასუხის ცნობის შემთხვევაში მოპასუხე იძულებული გახდება ხელახალი სასარჩელო წარმოების აღძვრის გზით მოიპოვოს სადავო უძრავ ქონებაზე მფლობელობა. ამრიგად, საქმის წარმოების საფუძვლად მითითებული სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველი ფაქტების დადგენამდე შეუძლებელია მოცემული საქმის განხილვა.
32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ერთ-ერთი არსებითი გარემოების - მოსარჩელის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ყოფნის ფაქტის დადგენისას მითითება იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები მოსარჩელის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით სადავოდ არ არის გამხდარი და ამის მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, არის ფორმალური და ზედაპირული. სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, მოპასუხე პრეტენზიას აცხადებს სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეობაზე და შესაბამისად, ეცილება მოსარჩელეს აღნიშნულ უფლებაში. სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია დავებს შორის ურთიერთმიმართება იმ თვალსაზრისით, პარალელურად მიმდინარე დავაში სასამართლოს მიერ მოპასუხის თანამესაკუთრედ ცნობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მიმდინარე დავაში მოსარჩელის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილება.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს ქვემდგომ სასამართლოში, რომელმაც წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, უნდა იმსჯელოს საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების პერიოდისათვის მოცემული დავის სამართლებრივ ურთიერთკავშირზე პარალელურად მიმდინარე სამოქალაქო საქმესთან, რის შედეგად უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლები და აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვიტოს სარჩელის ბედი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის ფარგლების, დავის მონაწილე სუბიექტების, დავის არსისა და დავათა შორის სამართლებრივი ურთიერთკავშირის დადგენისთვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების დეტალური შესწავლისა და შეფასების შედეგად, უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა ვინდიკაციური სარჩელის შემაფერხებელი გარემოებები და ამ გარემოებათა დადგენისათვის სხვა საქმეში დასადგენი გარემოებების გათვალისწინების აუცილებლობა.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე