Facebook Twitter

საქმე №ას-1300-1220-2017 5 მარტი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - ზ.უ., გ.მ. (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქმედების დავალდებულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ფ.“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო ან სალოცმანო სამსახური) ერთადერთი სალოცმანო სამსახურია ქ.ფოთის საზღვაო ნავსადგურში (იხ. ტ. 1, ს/ფ 48).

2. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ (შემდეგში: სააგენტო) 2016 წლის 29 თებერვალს ზ.უ–ზე (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი ან პირველი ლოცმანი სტაჟიორი) გასცა #040 ლოცმანი სტაჟიორის სერტიფიკატი, ხოლო გ.მ-ზე (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი ან მეორე ლოცმანი სტაჟიორი) - #041 ლოცმანი სტაჟიორის სერტიფიკატი (იხ. ტ. 1, ს/ფ 35-36).

3. სააგენტომ 2016 წლის 4 მარტს წერილით მიმართა სალოცმანო სამსახურს და მოითხოვა მოსარჩელეების მიმართ ლოცმანის სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა. მოპასუხემ 2014 წლის 14 მარტს განცხადებით მიმართა სააგენტოს, რომლითაც უარი განაცხადა მოსარჩელეების სტაჟირების უზრუნველყოფაზე (იხ. ტ. 1, ს/ფ 37).

4. მოსარჩელეებმა, 2016 წლის 5 აპრილს, განცხადებით მიმართეს სააგენტოს და მოითხოვეს ლოცმან სტაჟიორის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება, რის საფუძველზეც სააგენტომ პირველ მოსარჩელეზე ახალი #043 ლოცმანი სტაჟიორის სერტიფიკაცი გასცა, ხოლო მეორე მოსარჩელეზე - #044 ლოცმან სტაჟიორის სერტიფიკატი (იხ. ტ. 1, ს/ფ 44, 46).

5. მოსარჩელეებმა 2016 წლის 6 ივნისს სალოცმანო სამსახურს მიმართეს მათი სტაჟირების უზრუნველყოფის მოთხოვნით, თუმცა, უარი მიიღეს, რადგან საწარმო ვალდებული არ იყო, მოსარჩელეები სტაჟირების გასავლელად მიეღო (იხ. ტ. 1, ს/ფ 49-51).

6. სარჩელის საფუძვლები

6.1. მოსარჩელეებმა 2016 წლის 5 ივლისს სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ და ფოთის საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და აკვატორიაში მოქმედ სალოცმანო სამსახურში, არანაკლებ 3 თვის განმავლობაში, სულ მცირე 20 სალოცმანო გაცილებით, სტაჟირების გავლა მოითხოვეს.

6.2. მოსარჩელეებმა თავისი სასარჩელო მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნეს და განმარტეს, რომ მათ სურვილი აქვთ ქ. ფოთის საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და აკვატორიაში განახორციელონ სალოცმანო მომსახურება. ამ მიზნით ჩამოაყალიბონ სალოცმანო სამსახური და მიიღონ შემოსავალი.

6.3. ლოცმანი სტაჟიორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის N327 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესის'' (შემდეგში: ტექნიკური რეგლამენტი) თანახმად, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს ეკრძალებათ სალოცმანო მომსახურების განხორციელება ლოცმანის სერტიფიკატის გარეშე. ლოცმანის სერტიფიკატის მოპოვების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ნავსადგურში, სადაც უნდა შეასრულოს ლოცმანის უფლებამოსილება, ანუ მოცემულ შემთხვევაში ქ. ფოთის ნავსადგურში არსებულ სალოცმანო სამსახურში არანაკლებ სამთვიანი სტაჟირების გავლა.

6.4. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოპასუხე მათ უსპობს შესაძლებლობას გახდნენ ლოცმანები, შექმნან სალოცმანო სამსახური, განახორციელონ სალოცმანო მომსახურება და მიიღონ შემოსავალი. შესაბამისად, მოპასუხე ბოროტად იყენებს დომინირებულ მდგომარეობას ბაზრის მოცემულ სეგმენტში და ხელს უშლის ბაზარზე კონკურენტის გამოსვლას, რითაც იგი არღვევს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს, ტექნიკურ რეგლამენტს და საქართველოს კონსტიტუციას.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. მოპასუხემ მის მიერ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საწარმო არ არის ვალდებული მოსარჩელეების სტაჟირება უზრუნველჰყოს.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საზღვაო კოდექსის (შემდეგში: საზღვაო კოდექსი) 87-ე, 88-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, ტექნიკური რეგლამენტით და განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის #219 დადგენილებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის #327 დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, აღნიშნული დადგენილების მე-20 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი და 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნა. სწორედ 2013 წლის 9 დეკემბრის დადგენილება ავალდებულებდა სალოცმანო სამსახურს, მიეღო პირი სტაჟირებაზე და მისთვის სწავლება ჩაეტარებინა, თუმცა, 2016 წლის 18 მაისის #219 დადგენილებით ეს ვალდებულება გაუქმდა.

9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

9.2. აპელანტთა განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს ის, რომ სასამართლომ მის მიერვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სალოცმანო სამსახურმა მოსარჩელეების, როგორც ლოცმან სტაჟიორების, სტაჟირების გავლაზე უარი განაცხადა ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ცვლილებები შევიდოდა ტექნიკურ რეგლამენტში. მოპასუხის უკანონო ქმედება მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ აღეკვეთა ბაზარზე კონკურენტის შემოსვლა. ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს ეკრძალებათ სალოცმანო მომსახურების განხორციელება ლოცმანის სერტიფიკატის გარეშე. ლოცმანის სერტიფიკატის მოპოვების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ნავსადგურში, სადაც უნდა შესრულდეს ლოცმანის უფლებამოსილება (მოცემულ შემთხვევაში ქ. ფოთის ნავსადგურში), არსებულ სალოცმანო სამსახურში არანაკლებ 3-თვიანი სტაჟირების გავლა. სტაჟირების გავლის მიზნით მოსარჩელეებმა სააგენტოს მიმართეს. 2016 წლის 29 თებერვალს სააგენტომ მოსარჩელეებზე ლოცმანი სტაჟიორის სერტიფიკატები გასცა. სერტიფიკატებში მიეთითა, რომ სტაჟირების არეალს ფოთის საზღვაო ნავსადგური წარმოადგენდა.

9.3. სააგენტომ საწარმოს, როგორც ფოთის საზღვაო ნავსადგურში მოქმედ ერთადერთ სალოცმანო სამსახურს, 2016 წლის 4 მარტს წერილობით მიმართა და მოითხოვა მოსარჩელეებისათვის ლოცმანის სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა.

9.4. მოპასუხემ 2016 წლის 23 მარტს წერილობით მიმართა სააგენტოს, სადაც მიუთითა: „თქვენი 2016 წლის 8 მარტის #08/639 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ა/წ 7 მარტს ლოცმან სტაჟიორებთან შეხვედრისას მათ ჩვენი მხრიდან გარკვევით განემარტათ, რომ ამ მომენტისათვის კომპანიას ჰყავს ლოცმან-სტაჟიორი და ის ჯერ კიდევ გადის სტაჟირებას. როგორც მოგეხსენებათ, ლოცმანის მომზადება არის ძალზედ სერიოზული პასუხისმგებლობა და ამის გამო კომპანიას არ შეუძლია ერთდროულად მოამზადოს დამატებით ლოცმან სტაჟიორები.“

9.5. სააგენტოს მიერ გაცემული 2016 წლის 1 ივნისის #07/1395 წერილის თანახმად, სალოცმანო სამსახურში სალოცმანო გაცილებას ახორციელებს 5 ლოცმანი; ბოლო სამი თვის განმავლობაში ფოთის საზღვაო ნავსადგურში სულ შემოვიდა 246 გემი, შესაბამისად, დაახლოებით 492 სალოცმანო გაცილება შესრულდა; 3. სალოცმანო სამსახურში ამჟამად სტაჟირებას გადის ერთი ლოცმან სტაჟიორი (სერტიფიკატი გაცემულია 08/04/2016), სტაჟირების დაწყებიდან დღემდე მას განხორციელებული აქვს 41 სალოცმანო გაცილება. სააგენტოს მიერ ფოთის საზღვაო ნავსადგურში სერტიფიცირებულია მხოლოდ ერთი სალოცმანო კომპანია.

9.6. სააგენტოდან მიღებული ინფორმაციიდან და სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად უნდა დაედგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.6.1. მოპასუხეს, რომელიც ქ. ფოთის საზღვაო ნავსადგურში მოქმედი ერთადერთი სალოცმანო სამსახურია, მასში დასაქმებული ლოცმანების რაოდენობიდან და განხორციელებული სალოცმანო გაცილებების რაოდენობიდან გამომდინარე, ჰქონდა და აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად უზრუნველყოს მოსარჩელეთა სტაჟირების გავლა ფოთის საზღვაო ნავსადგურში და მოცემულის ხელშემშლელი გარემოება ვერ იქნება ის ფაქტი, რომ მოცემულ სალოცმანო სამსახურში სტაჟირებას გადის ერთი ლოცმან სტაჟორი, რომელსაც უკვე განხორციელებული აქვს 41 სალოცმანო გაცილება;

9.6.2. მოპასუხის მიერ ლოცმან სტაჟიორის მონაწილეობის გარეშე ფოთის საზღვაო ნავსადგურში განხორციელდა სულ მცირე 451 სალოცმანო გაცილება. ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის პირველი ნაწილისა და 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სალოცმანო სამსახურისათვის და ლოცმანის სერტიფიკატის მაძიებელისათვის დაწესებულია 3 თვის ვადაში არანაკლებ 20 სალოცმანო გაცილების განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში, ბოლო სამი თვის მანძილზე შესაძლებელი იყო სულ მცირე 22 ლოცმანის სერტიფიკატის მაძიებლის სტაჟირების განხორციელება;

9.6.3. ფოთის საზღვაო ნავსადგურის მისასვლელთან და აკვატორიაში მოპასუხე არის ერთადერთი სალოცმანო სამსახური და, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ მასთან სტაჟირების გავლის შემდეგაა შესაძლებელი ფოთის აკვატორიაში სალოცმანო გაცილების აუცილებლობისათვის საჭირო ლოცმანის სერტიფიკატის აღება, შესაბამისად, მოპასუხე თავისი ქმედებით თუ უმოქმედობით (რაც გამოიხატება მოსარჩელეებისათვის, როგორც ლოცმან სტაჟიორებისათვის, მოცემულ სალოცმანო სამსახურში სტაჟირების გავლაზე უარის თქმაში) არღვევს საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა სამართლებრივ ნორმებს და ცდილობს მონოპოლიური მდგომარეობა შეინარჩუნოს ბაზრის მოცემულ სეგმენტში მოცემული პროდუქტის (სალოცმანო გაცილება) განთავსებაზე. მოპასუხე ბოროტად იყენებს დომინირებულ მდგომარეობას ბაზრის მოცეულ სეგმენტში, უსპობს შესაძლებლობას მოსარჩელეებს, გახდნენ ლოცმანები, შექმნან სალოცმანო სამსახური, განახორციელონ სალოცმანო მომსახურება და მიიღონ შემოსავლები, შესაბამისად, მოპასუხე ხელს უშლის ბაზარზე კონკურენტი მოთამაშის გამოსვლას;

9.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის #219 დადგენილების ამოქმედებამდე და, შესაბამისად, მოცემული დადგენილების დანაწესი, რომლითაც გაუარესდა ლოცმან სტაჟიორების უფლებები, მათ მიმართ ვერ გავრცელდებოდა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი სადავო ურთიერთობის დასარეგულირებლად უნდა გამოყენებულიყო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის #327 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკური რეგლამენტი 2016 წლის 18 მაისამდე არსებული რედაქციით, ანუ იმ რედაქციით, რომელიც ითვალისწინებდა სალოცმანო სამსახურისა და ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელის ვალდებულებას, განახორციელონ ლოცმან სტაჟიორების სტაჟირება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. მოცემული თვალსაზრისით საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მოპასუხემ შეგნებულად გააჭიანურა და არ განახორციელა მოსარჩელეთა სტაჟირება 2016 წლის 18 მაისამდე, იმ იმედით, რომ 2016 წლის 18 მაისის შემდეგ, ანუ რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შემდეგ იგი (მოპასუხე) აღარ იქნებოდა ვალდებული და ვერავინ ვერ დაავალდებულებდა მას განეხორცილებინა მოსარჩელეთა სტაჟირება, შესაბამისად, იგი შეძლებდა ბაზრის მოცემულ სეგმენტში კონკურენტის შემოსვლის თავიდან აცილებას.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლი).

10.3. საზღვაო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემის სალოცმანო გაცილებას საქართველოს ნავსადგურის მისასვლელებთან და მის აკვატორიაში ახორციელებს მხოლოდ სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საზღვაო ლოცმანი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საზღვაო ნავსადგური ვალდებულია ნაოსნობის უსაფრთხოებისათვის უზრუნველყოს საზღვაო ნავსადგურსა და მის აკვატორიაში სალოცმანო სამსახურის ფუნქციონირება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, სალოცმანო სამსახური შეიძლება შეიქმნას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით. საქართველოს ყველა ნავსადგური ვალდებულია შესაბამის სალოცმანო სამსახურთან დადოს სათანადო ხელშეკრულება სალოცმანო მომსახურების თაობაზე. ეს ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს დებულებებს სალოცმანო მომსახურების ნავსადგურში და ნავსადგურთან მისასვლელ გზებზე განხორციელების თაობაზე, აგრეთვე სალოცმანო კატარღების ნავმისადგომზე დგომის შესახებ. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სალოცმანო სამსახურის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით, რომლის მიზანია საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მისასვლელებთან და მათ აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სალოცმანო სამსახურების მიერ სალოცმანო მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება. ტექნიკური რეგლამენტი ეფუძნება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის – IMO-ს – 2003 წლის 5 დეკემბრის A.960 (23) რეზოლუციას „საზღვაო ლოცმანების, გარდა ღია ზღვის ლოცმანებისა, მომზადების, სერტიფიცირებისა და საექსპლუატაციო პროცედურების შესახებ რეკომენდაციები“, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციას, ამ კოდექსსა და სხვა სამართლებრივ აქტებს. ამავე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირება ხორციელდება 5 წლის ვადით. სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირების წესი და პირობები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით. ამავე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, თუ სალოცმანო სამსახურის ან/და ნავსადგურის ბრალით, მათ შორის ხელშეკრულების არარსებობის გამო ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში შეუძლებელია სავალდებულო სალოცმანო გაცილების რაიონში სალოცმანო მომსახურების განხორციელება, სააგენტოს უფლება აქვს, დანიშნოს შესაბამისი კომპეტენტური პირი ან/და სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ლოცმანი სავალდებულო სალოცმანო მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად, რომლის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სააგენტო.

10.4. საზღვაო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად, ლოცმანად ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სააგენტოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დადგენილი წესით გაცემული ლოცმანის სერტიფიკატი.

10.5. საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტი, სალოცმანო სამსახურის საქმიანობისა და ლოცმანის სერტიფიცირების წესის შესახებ განისაზღვრა 2013 წლის 9 დეკემბრის მთავრობის N327 დადგენილებით. აღნიშნული დადგენილების მე-5 თავით განისაზღვრა სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის და ლოცმანის სერტიფიკატის გამცემის და მფლობელის უფლება- მოვალეობანი და პასუხისმგებლობა.

10.6. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №219 დადგენილებით საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში განხორციელდა ცვლილებები და მე-20 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და 22-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტი ამოღებული იქნა.

10.7. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-20 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ადგენდა, რომ სალოცმანო სამსახური ვალდებული იყო, სააგენტოს მოთხოვნის მიღებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში, დაეწყო პირის სტაჟირება, 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენდა, რომ სალოცმანო სამსახური ვალდებული იყო, სალოცმანო გაცილების დროს 3 (სამი) თვის განმავლობაში, არანაკლებ 20-ჯერ აეყვანა გემზე სტაჟიორი და ჩაეტარებინა მისთვის სწავლება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ხოლო 22-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტი ადგენდა, რომ სააგენტოს უფლება ჰქონდა, გაეგზავნა პირი სტაჟირებისათვის სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელ საწარმოში და/ან ნავსადგურში.

10.8. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №219 დადგენილებით საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები არ ეხებოდა მხოლოდ დადგენილების ამოქმედებამდე წარდგენილ განცხადებებზე სალოცმანო სამსახურის, ლოცმანის და ლოცმან-სტაჟიორის სერტიფიკატების მისაღებად.

10.9. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, აგრეთვე ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. აღნიშნულის შესაბამისად, "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებული ცვლილებების, მათ შორის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №219 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის სისტემატიზაცია, რომლის შედეგად წესის იმ მუხლში, რომელშიც შევიდა ცვლილებები, მიეთითა ცვლილებების განხორციელების დრო, ცვლილებების თაობაზე ნორმატიული აქტის რეკვიზიტები და მითითება დროში მოქმედების თაობაზე. შესაბამისად, იმის დასადგენად, თუ როგორი იყო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №219 დადგენილების მოქმედება დროში, განხილული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის სისტემატიზირებული ე.წ. კოდიფიცირებული ვერსია. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის სისტემატიზირებული, ე.წ. კოდიფიცირებული ვერსიის თანახმად, ზემოხსენებული ცვლილებებიდან პირველი მუხლის მე-14 პუნქტში; მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტში; მე-8 მუხლის მე-4 პუნქტში; მე-9 მუხლში; მე-15 მუხლში და 24-ე მუხლში გაკეთდა დათქმა, რომ შესაბამის მუხლში/პუნქტში საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №219 დადგენილებით შეტანილი ცვლილებები არ ეხებოდა დადგენილების ამოქმედებამდე წარდგენილ განცხადებებზე სალოცმანო სამსახურის, ლოცმანის და ლოცმან-სტაჟიორის სერტიფიკატების მისაღებად. იგივე დათქმას არ შეიცავს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის სისტემატიზირებული, ე.წ. კოდიფიცირებული ვერსიის არც მე-20 მუხლი და არც ამ მუხლის "კ" ქვეპუნქტი; არც 21-ე მუხლი, არც ამ მუხლის "ბ" ქვეპუნქტი, არც 22-ე მუხლი და არც ამ მუხლის "ე" ქვეპუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №219 დადგენილებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №327 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებიდან წესის მე-20 მუხლში შესული ცვლილებები, რომლის შედეგად ამოღებული იქნა "კ" ქვეპუნქტი; 21-ე მუხლის ცვლილებები, რომლის შედეგად ამოღებული იქნა "ბ" ქვეპუნქტი და 22-ე მუხლის ცვლილებები, რომლის შედეგად ამოღებული იქნა "ე" ქვეპუნქტი, გავრცელდა დადგენილების საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №219 დადგენილების ძალაში შესვლამდე წარმოშობილ ურთიერთობებზეც.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. კასატორებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

11.2.საკასაციო საჩივარში დასახელებული პრეტენზიები სააპელაციო საჩივარში გამოთქმული დასაბუთების იდენტურია, რაც წინამდებარე განჩინების 9.2-9.7 ქვეპუნქტებშია მითითებული.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით კასატორების საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლოცმანი სტაჟიორების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

18. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სალოცმანო სამსახურს ჰქონდა თუ არა ვალდებულება უზრუნველეყო ლოცმანი სტაჟიორებისათვის ქ. ფოთის საზღვაო ნავსადგურში სტაჟირება.

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, რომ 2013 წლის 9 სექტემბრის # 327 ტექნიკური რეგლამენტის 2016 წლის 18 მაისამდე მოქმედი რედაქციით სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი ვალდებული იყო, სააგენტოს მიერ მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში დაეწყო პირის სტაჟირება (ტექნიკური რეგლამენტის მე-20 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი), ხოლო ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი ვალდებული იყო, სალოცმანო გაცილების დროს სამი თვის განმავლობაში არანაკლებ 20-ჯერ აეყვანა გემზე სტაჟიორი და ჩაეტარებინა მისთვის სწავლება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ასევე, ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი ვალდებული იყო კონკრეტული ნავსადგურის აკვატორიის სპეციფიკის სწავლების მიზნით აეყვანა ლოცმანის სერტიფიკატის მფლობელი სხვა პირი იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს უკანასკნელი დასაქმებული იქნებოდა კონკურენტ სალოცმანო სამსახურში (ტექნიკური რეგლამენტის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), სააგენტო კი ვალდებული იყო, პირი სტაჟირებისათვის სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელ საწარმოში და/ან ნავსადგურში გაეგზავნა (ტექნიკური რეგლამენტის 22-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). სააგენტოს მოთხოვნაზე, მოსარჩელეებისათვის სტაჟირების გატარების თაობაზე, უარი სალოცმანო სამსახურმა იმ დასაბუთებით განაცხადა, რომ საწარმოს უკვე ჰყავდა ერთი ლოცმან სტაჟიორი, რომლის სტაჟირებასაც მოპასუხე ახორციელებდა. იქედან გამომდინარე, რომ ლოცმანის მომზადება არის ძალზედ სერიოზული პასუხისმგებლობა, კომპანიას არ შეუძლია ერთდროულად მოამზადოს დამატებით ლოცმან-სტაჟიორები (იხ. სალოცმანო სამსახურის 2016 წლის 23 მარტის პასუხი, ტ. 1, ს/ფ 39).

20. ლოცმანმა სტაჟიორებმა ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით 2016 წლის 5 ივლისს მიმართეს მაშინ, როცა ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის #219-ე დადგენილებით, უკვე განხორციელებული იყო. #219 დადგენილებით ტექნიკურ რეგლამენტში ამოღებულ იქნა წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტში დასახელებული ნორმები, რომლებიც სალოცმანო სამსახურს მოსარჩელეების სტაჟირების გატარებას ავალდებულებდა. სწორედ აღნიშნული ცვლილება გახდა ლოცმანი სტაჟიორების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. სარჩელის წარდგენის დროს არ არსებობდა ნორმა, რომელიც სალოცმანო სამსახურს მოსარჩელეების სტაჟირებას დაავალდებულებდა. რაც შეეხება #219 დადგენილების მოქმედების უკუქცევითი ძალის პრინციპს, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 10.9 ქვეპუნქტშია ასახული და დამატებით აღნიშნავს, რომ 2016 წლის 18 მაისის #219 დადგენილების მეორე მუხლში ნათქვამია, ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობები არ ვრცელდება დადგენილების ამოქმედებამდე წარდგენილ განცხადებებზე სალოცმანო სამსახურის, ლოცმანის და ლოცმან-სტაჟიორის სერტიფიკატების მისაღებად. ამგვარი დათქმის მიზანია კონკრეტულ განცხადებებზე ამ დადგენილების მოქმედება არ გავრცელდეს, რადგან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად ნორმატიულ აქტს უკუქცევითი ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. #219 დადგენილების მეორე მუხლის სპეციალური დათქმით, გამონაკლისი მხოლოდ იმ განცხადებებს შეეხო, რომლებითაც მოთხოვნილი იყო სალოცმანო სამსახურის, ლოცმანის და ლოცმან-სტაჟიორის სერტიფიკატების მიღება და რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედებამდე იყო წარდგენილი. მოსარჩელეები კი თავიანთი განცხადებით სტაჟირების გავლას ითხოვდნენ, რაც იმას გულისხმობს, რომ #219 დადგენილების მოქმედება მათზე გავრცელდება და ამ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას განაპირობებს.

21.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

23. კასატორებს, სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, დაუბრუნდებათ მათი წარმომადგენლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.უ-ის და გ.მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ზ.უ-ეს (პ/ნ ......) და გ.მ-ეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.ჩ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N14837825, გადახდის თარიღი 2017 წლის 17 ნოემბერი), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე