Facebook Twitter

საქმე №ას-1056-2018 8 ოქტომბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, ფულადი ვალდებულების შესრულების აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ. ბ-ის სარჩელი, მოპასუხე შპს „ი-ის“ მიმართ, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობისა და ფულადი ვალდებულების შესრულების აღიარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასჩივრა მ. ბ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მ. ბ-მა, მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 1075 (ათას სამოცდათხუთმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ, ნ. ლ-ეს ჩაბარდა 2018 წლის 7 აგვისტოს.

2018 წლის 14 აგვისტოს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორმა და იშუადგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან განსაზღვრული საპროცესო ვადის 30 დღით გაგრძელება, რადგან მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება ვერ მოახერხა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ. ბ-ს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა 7 დღით.

აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ, ნ. ლ-ეს ჩაბარდა 2018 წლის 25 სექტემბერს სატელეფონო შეტყობინებით.

2018 წლის 1 ოქტომბერს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორმა და იშუადგომლა სახელმწიფო ბაჟის საპრცესო ვადის 5 დღით გაგრძელება, რადგან მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება ვერ მოახერხა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 1075 (ათას სამოცდათხუთმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.

2018 წლის 14 აგვისტოს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორმა და იშუადგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან განსაზღვრული საპროცესო ვადის 30 დღით გაგრძელება, რადგან მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება ვერ მოახერხა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემებრის განჩინებით მ. ბ-ს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღით.

საქმეში არსებული ტელეფონით შეტყობინების შესახებ აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2018 წლის 25 სექტემბერს, ეცნობა მ. ბ-ის წარმომადგენელ, ნ. ლ-ეს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.

2018 წლის 1 ოქტომბერს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორმა და იშუადგომლა სახელმწიფო ბაჟის საპრცესო ვადის 5 დღით გაგრძელება, რადგან მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება ვერ მოახერხა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, ვინაიდან მას უკვე ორჯერ გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა. სასამართლოს უჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ მხარის შუამდგომლობა ემსახურება სასამართლოში საქმის განხილვის გაჭიანურების მიზანს ემსახურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 401-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი