საქმე №ას-1152-2018 8 ოქტომბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ლ.ხ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.მ., მ.ბ. (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ.მ-ის და მ.ბ-ის სარჩელი ლ.ხ–ის მიმართ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ.ხ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით ლ.ხ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ლ.ხ–მა, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით ლ.ხ–ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 150 (ას ორმოცდაათი) ლარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ კასატორს 2018 წლის 9 აგვისტოს ეცნობა ფოსტის მეშვეობით.
2018 წლის 16 აგვისტოს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა და მოითხოვა ბაჟის გადახდის საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ლ.ხ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 150 (ას ორმოცდაათი) ლარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ლ.ხ–ის 2018 წლის 26 სექტემბერს.
2018 წლის 1 ოქტომბრს ლ.ხ–მა კვლავ მომართა განცხადებით საკასაციო სასამართლოს, ბაჟის გადახდისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ხ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ლ.ხ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 150 (ას ორმოცდაათი) ლარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ლ.ხ–ის, 2018 წლის 26 სექტემბერს.
2018 წლის 1 ოქტომბრს ლ.ახ–მა კვლავ მომართა განცხადებით საკასაციო სასამართლოს, ბაჟის გადახდისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ.ხ–ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მას უკვე ორჯერ გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა. სასამართლოს უჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ მხარის შუამდგომლობა ემსახურება სასამართლოში საქმის განხილვის გაჭიანურების მიზანს ემსახურება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ.ხ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 401-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ხ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი