Facebook Twitter

საქმე №ას-482-482-2018 26 ოქტომბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ. კ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ი.რ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი მოპასუხე სს „ი.რ-ის“ მიმართ, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა სს „ი.რ-ის“ შეგებებული სარჩელი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ.კ-მ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აღნიშნულ გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.კ-მ და მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

2018 წლის 24 ივლისს მ.კ-მ განცხადებით მომართა სასამართლოს საკასაციო საჩივრის გახმობის მოთხოვნით.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ განმცხადებელს განემარტა მისი მოთხოვნის სამართლებრივი შედეგები, მან დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტას დაეთანხმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ლევან ბოლქვაძის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით, მ.კ–ს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად;

2018 წლის 12 ივნისს ლ.ბ–ემ განცხადებით მომართა სასამართლოს საკასაციო საჩივრის გამოხმობის მოთხოვნით;

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ განმცხადებელმა, დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტას დაეთანხმა, ამასთან, მისთვის ცნობილი იყო საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსთვის დადგენილი წესით, საქმის განხილვის მომწესრიგებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, პალატა მიიჩნევს, რომ მ.კ-ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.კ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება მ.კ-ის საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე მ.კ-ის სარჩელის გამო, სს ''ი.რ-ის'' მიმართ, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე