საქმე №ას-1328-2018 02 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „პ. ს-ო“ (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ა. მ-ი, მ. მ-ი (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2016 წლის 19 აპრილს შპს ,,პ. ს-ოსა“ (შემდეგში: ს-ო ან მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) და მ. მ-ს (შემდეგში: პ. მოპასუხე ან პ. მოწინააღმდეგე მხარე) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება სოლიდარულად გადაეხადა მოსარჩელისთვის ა. მ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე მოწინააღმდეგე მხარე) სამედიცინო მომსახურების ღირებულების ნაწილი - 8,252.50 ლარი, არაუგვიანეს 2016 წლის 20 აგვისტომდე.
2. ს-ოში მეორე მოპასუხეს 2016 წლის 6 მარტიდან 2016 წლის 19 აპრილამდე ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება.
3. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მიერ ანაზღაურდა პაციენტის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ნაწილი 15 000 ლარი. მხარის მიერ გადახდილია ასევე მკურნალობის ხარჯების ნაწილი - 4 650 ლარისა და 900 ლარის ოდენობით, ჯამში 5 550 ლარი.
4. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო მომსახურების ფასების კალკულაციის მიხედვით მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია შემდეგი სახით: გამოკვლევები - 1316,24 ლარი, მკურნალობა - 10125,20 ლარი, ხელფასი - 11441 ლარი, არაპირდაპირი ხარჯი - 11421 ლარი, მოგება/ზარალი - 5500,94 ლარი. შესაბამისად, ხარჯი მოგების გარეშე განსაზღვრულია 28802,50 ლარით. ამავე კალკულაციით განსაზღვრულია საყოველთაო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა 15000 ლარი და პაციენტის მიერ გადასახდელი თანხა 13802,50 ლარი.
5. საავადმყოფომ სარჩელი აღძრა პირველი და მეორე მოპასუხის მიმართ 8,252.50 ლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 629-ე მუხლი].
6. სარჩელი იმ ფაქტობრივ გარემოებებს დაეფუძნა, რომ პირველმა და მეორე მოპასუხემ, როგორც სოლიდარულმა მოვალეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდის შესახებ.
7. მოპასუხეებმა წარმოადგინეს მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რომელშიც მიუთითეს ხელშეკრულების ფორმადაუცველობაზე, სახელდობრ, განმარტეს, რომ ხელშეკრულებაზე არ არის ძირითადი მოვალისა და კომპანიის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პირველ და მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2,332.44 ლარის გადახდა.
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი უარყოფილია და უცვლელადაა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები (იხ., ამ განჩინების პპ: 1-4-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები) და მტკიცების ტვირთი იმ გარემოებისა, რომ საავადმყოფომ გასწია 28 802.50 ლარის ოდენობის სამედიცინო მომსახურება, დააკისრა საავადმყოფოს.
12. საქმეში წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით დადგენილია, რომ გაწეულმა სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 28 802.50 ლარი, საიდანაც პაციენტს გადასახდელი დარჩა 8 252.50 ლარი. წარმოდგენილი სამედიცინო მომსახურების ფასების კალკულაციის თანახმად, მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია შემდეგი სახით: გამოკვლევები - 1316,24 ლარი, მკურნალობა - 10125,20 ლარი, ხელფასი - 11 441 ლარი, არაპირდაპირი ხარჯი - 11 421 ლარი, მოგება/ზარალი - 5500,94 ლარი, შესაბამისად, ხარჯი მოგების გარეშე განსაზღვრულია 28 802,50 ლარით.
13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ მომსახურების ფასების კალკულაციაში მითითებული 11 421 ლარის არაპირდაპირი ხარჯი გამოწვეული იყო 2016 წლის 19 აპრილის შეთანხებით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის საფუძველზე. მხარეთა მიერ შეთანხმებულ მომსახურების ფასში არ შედიოდა არაპირდაპირი ხარჯი დასახელებული ოდენობით.
14. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეულმა მომსახურებამ შეადგინა 22,882.44 ლარი (39,804.38-11 421=28 383.38-5500.94=22,882.44), ხოლო ანაზღაურებული თანხის ოდენობამ - 20,550 ლარი.
15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 5,920 ლარის ოდენობით მომსახურების გაწევის ფაქტი მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კი, მოპასუხეებს მართებულად დაეკისრათ 2 332,44 ლარის ანაზღაურება და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა (მოსარჩელე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
17. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, სასამართლომ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არ დაადგინა და სამართლებრივად სწორად არ შეაფასა.
18. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულების დადების ნება, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის აუცილებელი წინაპირობა, იურიდიულ ძალის მქონეა ადრესატის მისვლის მომენტიდან. ცალმხრივი ნებისაგან განსხვავებით, ორმხრივი/მრავალმხრივი გარიგების დადებისას უნდა არსებობდეს ორი ან მეტი პირის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით გამოვლენილი ნების თანხვედრა ხელშეკრულების არსებითი პირობების თაობაზე და როგორც რეალური, ასევე, კონსენსუალური გარიგების შემთხვევაში, გადამწყვეტია ნების ფორმირება.
19. კასატორი სსკ-ის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 327-ე, 341-ე და 464-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ იურიდიულ ლიტერატურაში გაბატონებული შეხედულებით ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება (ვალის), რომელთა საერთო ნიშანია მოთხოვნის არსებობის დადასტურება, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განსხვავებული ნიშან-თვისებები. კერძპდ, მარტივი აღიარების დროს მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს ვალდებულების შესრულების მზაობას (დაპირება). კაუზალური აღიარება ასევე ადასტურებს არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას და ბუნებრივია უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტებს. ამასთან, იგი შეიძლება იყოს ცალმხრივი (არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე მხარეთა ორმხრივი შეთანხმება, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა). ხოლო აბსტრაქტული აღიარება მისი აბსტრაქტული ბუნებთ განსხვავდება, იგი თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს.
20. კასატორი განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ აღიარა თანხის გადახდის ვალდებულება. ამავე შეთანხმებით განისაზღვრა მოსარჩელი სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების პორობები. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა და დადგენილად არ მიიჩნია გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის - 8 252 ლარის (პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები) მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეების მიერ სოლიდარულად გადახდის ვალდებულების აღების ფაქტი. სასამართლო ჩაერია მხარეთა შორის დადებულ შეთანხმებაში და სამართლებრივი პრინციპების დარღვევით, მხარეთა ნების დამოუკიდებლად განსაზღვრა შეთანხმების პირობები, კერძოდ, დაადგინა, რომ შეთანხმების საგანი არ მოიცავდა არაპირდაპირ ხარჯს.
21. საკასაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელე მხარის მტკიცების ნაკლსა და მოთხოვნის დამაფუძნებელი ფაქტების გადმოუცემლობასთან დაკავშირებით. კასატორი სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ მან სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნა მის დასაკმაყოფილებლად საჭირო რელევანტურ მტკიცებულებებს: ა) მხარეთა შორის არსებული შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ; ბ) სამედიცინო მომსახურების ფასების კალკულაცია; გ) ცნობა ჯანმრთელობისა და ფულადი ვალდებულების არსებობის შესახებ. დასახელებული მტკიცებულებიდან ერთ-ერთის წარმოდგენაც საკმარისი იყო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.
22. კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ და არაპირდაპირი ხარჯების შემცირების ან სრულად გამოკლების შესახებ არც წერილობით და არც ზეპირსიტყვიერად არ მიუთითებიათ.
23. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ საწარმოს მიერ მესამე პირის სასარგებლოდ გაწეული მომსახურება არ მოიცავს პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს, რადგან თავის მხრივ, არაპირდაპირი ხარჯებია: ადმინისტრაციის, დამხმარე პერსონალის, ფსიქოლოგების, სხვა ექიმ-სპეციალისტების ხელფასი, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის და დაწესებულების სხვა ხარჯები (მაგალითად თეთრეულის რეცხვა, საკანცელარიო ხარჯები, ინტერნეტი და სხვა).
24. კასატორი განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად განმარტა არაპირდაპირი ხარჯები და უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ გაწეული სამედიცინო მომსახურეობის თაობაზე მხარეთა შეთანხმება არ მოიცავდა საწარმოს არაპირდაპირ ხარჯებს. ამასთან, უდავოდ დადასტურებული ფაქტია, რომ მოპასუხეს ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურება, გაუკეთდა მისი მძიმე დიაგნოზიდან გამომდინარე რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია და მომსახურების გაწევისას საწარმომ სხვა აუცილებელ ხარჯებთან ერთად გასწია არაპირდაპირი ხარჯებიც, მათ შორის, ელექტროენერგიის, წყლის და სხვა ხარჯები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
27. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სარჩელის უარყოფის მართლზომიერებას 5,920.06 (8252.50-2,332.44) ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო საკასაციო საჩივარს იმავე გარემოებებს აყრდნობს, რასაც ეფუძნებოდა მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი. კასატორის/აპელანტის მიერ წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას ფაქტის ნაწილში ამომწურავად გაეცა პასუხი გასაჩივრებული განჩინებით.
28. ამასთან, საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება და განმარტების თვალსაზრისითაც, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, თანხის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 629-ე მუხლი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური). აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოში სარჩელის უარყოფის ფაქტობრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ ის გარემოება მიიჩნია, რომ 5,920.06 ლარის ოდენობით მომსახურების გაწევის ფაქტი მოსარჩელემ/ საავადმყოფომ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
30. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
32. მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
33. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
34. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
35. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია.
36. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის).
37. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს არ აქვს ანაზღაურებული მისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება, თუმცა, სადავო გარემოების დადასტურება მოსარჩელემ ვერ შეძლო. ამასთან, საკასაციო საჩივარში კასატორი 2016 წლის 19 აპრილს საავადმყოფოს და პირველი მოპასუხეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება სოლიდარულად გადაეხადა მოსარჩელისთვის მეორე მოპასუხისათვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ნაწილი - 8,252.50 ლარი, არაუგვიანეს 2016 წლის 20 აგვისტომდე, აფუძნებს თავის მოთხოვნას (იხ., ამ განჩინების პ-1) და აღნიშნავს, რომ სსკ-ის 341-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით აღნიშნული ხელშეკრულება, როგორც ვალის არსებობის აღიარება წარმოშობდა თანხის გადახდის ვალდებულებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ არც ამ ნაწილშია წარმოდგენილი დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია. ამასთან, აღნიშნულ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით დადგენილია სტაბილური სასამართლო პრაქტიკა.
38. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, რადგან გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების დაკისრებისა და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „პ. ს-ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „პ. ს-ოს“ დაუბრუნდეს 2018 წლის 08 აგვისტოს N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.20 ლარის) 70% – 210.14 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე