საქმე №ას-1359-2018 02 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,...’’ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2006 წლის 2 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდეგში: სამინისტრო ან შემსყიდველი ან მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) და შპს „ხ-ოს“ (შემდეგში: მიმწოდებელი ან მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N08/137/3. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად, მიმწოდებელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსების ფარგლებში უნდა განეხორციელებინა თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 403 245 ლარით. ამასთან, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა მიწოდებული მასალით.
2. 2006 წლის 24 ნოემბერს განხორციელებული შეთანხმებით 2006 წლის 02 აგვისტოს ხელშეკრულებაში მითითებული საერთო ღირებულება გაიზარდა 718 788,40 ლარამდე (ს.ფ. 20-28, 29, 30).
3. 2006 წლის 02 აგვისტოს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად, მიმწოდებელმა იკისრა ქობულეთის N2-ე საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების შესრულება 436 910 ლარის მოცულობით. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა მიწოდებული მასალით.
4. 2006 წლის 24 ნოემბერს შედგენილი შეთანხმების შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 968915,54 ლარამდე (ს.ფ 47-55, 56, 57).
5. 2006 წლის 02 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად შემსყიდველმა იკისრა ონის N1 საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. სარემონტო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 390 286 ლარით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად ხელშეკრულების დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა მიწოდებული მასალით. 2006 წლის 24 ნოემბერს შედგენილი შეთანხმებით სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა 533 256,54 ლარამდე (ს.ფ. 69-77, 78, 79).
6. 2006 წლის 02 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელმა იკისრა ადიგენის რაიონის სოფელ კახარეთის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. სარემონტო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 255 615 ლარით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად ხელშეკრულების დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა მიწოდებული მასალით. 2007 წლის 23 იანვრის შედგენილი შეთანხმებით სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2007 წლის 25 აპრილი (ს.ფ. 89-97, 98, 99).
7. 2006 წლის 02 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად მიმწოდებელმა იკისრა ახალციხის რაიონის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. სარემონტო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 272 000 ლარით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად ხელშეკრულების დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა მიწოდებული მასალით. 2007 წლის 23 იანვარს შედგენილი შეთანხმებით სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2007 წლის 25 აპრილი (ს.ფ. 114-122, 123, 124).
8. 2006 წლის 02 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად მიმწოდებელმა იკისრა გორის რაიონის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. სარემონტო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 656 701 ლარით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად ხელშეკრულების დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა მიწოდებული მასალით. 2006 წლის 24 ნოემბერს შედგენილი შეთანხმების შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 722 051.25 ლარამდე. ხოლო, 2007 წლის 10 სექტემბრის შეთანხმებით, სამუშაოს საერთო ღირებულება განისაზღვრა 886 174 ლარის ოდენობით (ს.ფ 139-147, 148-151).
9. 2006 წლის 23 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად მიმწოდებელმა იკისრა კოდორის ხეობის სოფელ აჟარის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. სარემონტო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 538 538.05 ლარით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად ხელშეკრულების დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა მიწოდებული მასალით. 2006 წლის 7 სექტემბერს შედგენილი შეთანხმების შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 580 759.92 ლარამდე. ხოლო, 2007 წლის 18 ოქტომბრის შეთანხმებით, სამუშაოს საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 147 271.70 ლარის ოდენობით (ს.ფ 158-170).
10. მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად სამინისტროსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა 2006 წლის 9 ნოემბრის N59, 2007 წლის 12 სექტემბრის N375 და 2007 წლის 24 ოქტომბრის N471 მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის საფუძველზეც სამინისტრომ მიმწოდებელს საკუთრების უფლებით გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით უსასყიდლოდ გადასცა 204 916.85 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები (ს.ფ 185-186, 187- 188, 189).
11. 2008 წლის 5 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტების: N375ა-471-ა-59ა თანახმად, მიმწოდებელმა სამინისტროს მიერ საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე მომსახურების გაწევის მიზნით (უსასყიდლოდ) გადაცემული სამშენებლო მასალებიდან დაუბრუნა 84.98 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები.
12. შემსყიდველმა სარჩელი აღძრა მიმწოდებლის მიმართ 198,141.87 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 976-ე მუხლი.
13. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე აპელანტმა მოთხოვნა დააზუსტა და მოითხოვა 27 701 ლარის დაბრუნება (იხ., ს.ფ. 129, ტ.2.).
14. სარჩელი იმ ფაქტობრივ გარემოებებს დაეფუძნა, რომ სამინისტრომ ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია’’ დაფინანსების ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით და მიიღო მომწოდებლისგან - მოპასუხისაგან სატენდერო წინადადება. მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმდა 2006 წლის 09 ნოემბრის N59, 2007 წლის 12 სექტემბრის N375 და 2007 წლის 24 ოქტომბრის N471 მიღება-ჩაბარების აქტები. მათ საფუძველზე შემყიდველმა მიმწოდებელს საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე გადასცა 204916.85 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა. მიმწოდებელმა აღნიშნული სამშნებლო მასალებიდან დააბრუნა 84.98 ლარის ღირებულების მასალა, ხოლო დანარჩენი გარდა თუნუქისა არ გამოუყენებია. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა ვადაში, თუმცა, სამინისტროს მიერ გადაცემული სამშენებლო მასალები არ აითვისა. აუთვისებელი სამშენებლო მასალის საერთო ღირებულება შეადგენს 198,141.87 ლარს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სამინისტრომ მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა აუთვისებელი სამშენებლო მასალების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მატერიალური ფორმით ან ბიუჯეტში ფულადი ფორმით დაბრუნება, თუმცა, აღნიშნულ წერილს კომპანიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
15. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის შემწყვეტი და მოთხოვნის განხორციელების მუდმივად შემაფერხებელი შესაგებელი, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების აქტის მიხედვით მიმწოდებლის საქმიანობაში დარღვევა არ აღმოჩენილა. იმავდროულად, მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დაუცველობაზე.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი, მოპასუხისათვის 198,141.87 ლარის დაკისრების მოთხოვნით, უარყოფილია.
17. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი უარყოფილია და უცვლელადაა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი მოპასუხისათვის 198,141.87 ლარის დაკისრების მოთხოვნით უარყოფილია.
19. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა მართებულად იქნა უარყოფილი უსაფუძვლობისა და სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, გაიზიარა ამ განჩინების პპ: 1-12-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნია, რომ მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის წარმოიშვა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა. მენარდემ სახელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა სრულად, ხოლო შემკვეთმა მიიღო შესრულება და მენარდეს გადაუხადა შეთანხმებული საზღაური.
20. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების სპეციფიკური პირობების ერთგვაროვანი ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ შემსყიდველის მიერ დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო განახორციელოს მიწოდებული მასალით.
21. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მენარდემ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად დამკვეთისგან, სამი მიღება - ჩაბარების აქტით, უსასყიდლოდ, მიიღო 204 916.85 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები, საიდანაც 2008 წლის 5 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით, უკან დააბრუნა მხოლოდ 84.98 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა (ს.ფ. 190).
22. სსკ-ის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. სსკ-ის 646-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა.
23. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მოთხოვნის შემწყვეტი შედავება მიმწოდებლის მიერ მიღებული მასალის სრულად გახარჯვისა, ხოლო დარჩენილი ნაწილის უკან დაბრუნების შესახებ. რასაც მოპასუხე იმით ადასტურებდა, რომ გამოყენებული მასალა აისახა შესაბამის დოკუმენტებში, რაც გადაეცა დამკვეთს, რომლისგან რაიმე პრეტენზიები არ გამოთქმულა. იმავდროულად, მოპასუხე უთითებდა, რომ შესრულებული სამუშაოების და მასალების ხარჯვის კანონიერება შემოწმდა როგორც კონტროლის პალატის ისე პროკურატურის მიერ და რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა.
24. ამასთან, სააპელაციო პალატამ შეაფასა სარჩელზე დართული შვიდივე ობიექტთან დაკავშირებით შედგენილი, მხარეთა ხელმოწერილი, შესრულებული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების მოცულობა-განფასების ფორმა N2.
25. სააპელაციო პალატამ, მაგალითისთვის აღნიშნა, რომ ს.ფ 41-45-ზე (ტომი 1), წარმოდგენილია ერთ-ერთი ასეთი აქტი, სადაც მოცემულია შესრულებული სამუშაოსა და გამოყენებული მასალის ერთეულის ფასი. ჩამონათვალში მე-20 და 22-ე პუნქტებად (ს.ფ 43), შეტანილია სხვა და სხვა კვეთის ელ.სადენები, რომელთა ერთეულის ფასად მითითებულია 0,00 ლარი, ხოლო მათ მონტაჟზე გაწერილი იქნა ხელფასის თანხა და გამოყვანილია საბოლო ღირებულება (4600 და 1120 ლარი).
26. სააპელაციო პალატის შეფასებით საბოლოო ღირებულება ნულის ტოლი ვერ იქნებოდა, რადგან თუნდაც ნულოვანი ღირებულების მასალის მონტაჟზე ხელფასის სახით დაირიცხა გარკვეული თანხა, მოცემულ შემთხვევაში, ერთ გრძივ მეტრზე 1 ლარი და აქედან იქნა გამოყვანილი მასალისა და შესრულებული სამუშაოების საერთო ფასი. მასალების უსასყიდლოდ მიღება-ჩაბარების აქტში (ს.ფ 185), 4-6 პუნქტებად მითითებულია სხვა და სხვა კვეთის ელ.სადენის გადაცემის შესახებ.
27. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სამინისტროს პრეტენზია იმის თაობაზე თითქოს დამკვეთისთვის წარმოდგენილ მასალებში, კერძოდ, ფორმა N2-ში არ ფიქსირდებოდა უსასყიდლოდ გადაცემული მასალის ნულოვანი გაფასება (ს/ფ 191-192) და სწორედ ამ საფუძვლით მოითხოვდა შემკვეთი მენარდისგან 198 141,87 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის დაბრუნებას ან მისი ღირებულების ანაზღაურებას, უმართებულო და აქედან გამომდინარე, უარსაყოფი იყო
28. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოში მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპზე სამინისტროს წარმომადგენელმა აღიარა, რომ მენარდის მიერ წარდგენილი მასალებით ნულოვანი ტარიფით გაფასებული იყო 170 440,32 ლარის ღირებულების მასალა და სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 27 701 ლარამდე, თუმცა, კონკრეტულად არ დაუზუსტებია, თუ რა სახის მასალის დაბრუნებას ან მისი ღირებულების ანაზღაურებას ითხოვდა მოპასუხისგან. მაშინ როდესაც, მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებდა, რომ რაიმე დამატებითი დოკუმენტები შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მასთან არ ინახება, დოკუმენტის შენახვის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ხოლო წარდგენილი მასალების მიხედვით დამკვეთს მის მიმართ რაიმე პრეტენზიები არ ჰქონია.
29. ამას გარდა, სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არ იყო წარმოშობილი უსაფუძვლო გამდიდრებიდან და მოთხოვნა ვერ შემოწმდებოდა სსკ-ის 976.2. მუხლის წინაპირობებთან.
30. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ თავისი არსით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა გამომდინარეობს არა უსაფუძვლო გამდიდრებიდან, არამედ, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან.
31. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე, იმსჯელა მოთხოვნის მომსპობ შესაგებელზე (ხანდაზმულობა) და მიუთითა, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს [სსკ-ის 128-ე მუხლი, 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, 130-ე მუხლი]. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოპასუხე კომპანიამ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და მიიღო შეთანხმებული ანაზღაურება.
32. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2008 წლის 05 იანვარის მიღება-ჩაბარების აქტით, მიმწოდებელმა შემსყიდველს დაუბრუნა მისთვის უსასყიდლოდ გადაცემული გამოუყენებელი პროდუქცია, სულ, 84,98 ლარის ღირებულების. აღნიშნული დროიდან ე.ი. 2008 წლის 05 იანვრიდან შემკვეთისთვის ცნობილი იყო, რომ მიმწოდებელმა არ დააბრუნა 198 141.87 ლარის ღირებულების სარემონტო მასალები (ამ დრიოსათვის, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილი იყო შესრულებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა ამოიწურა 2011 წლის 05 იანვარს, ხოლო, სამინისტრომ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2016 წლის 07 დეკემბერს.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ წარმოშობილი და ამასთან, შეწყვეტილი რომც არ იყოს, ის მაინც განხორციელებადი არ არის, რადგანაც ხანდაზმულია.
34. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
35. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 102-ე და 105-ე მუხლები, ვინაიდან, განსახილველ დავაზე სასამართლომ არასწორად გაავრცელა 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა და არ იხელმძღვანელა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
36. კასატორის განმარტებით, უდავოა, რომ ვალდებულება შეწყვეტილია შესრულებით. საქმეში წარმოდგენილია სამუშაოს დასრულების აქტები, კერძოდ, 2007 წლის შესაბამის თვეებში ყველა სკოლაში სარემონტო სამუშაოები დასრულებული იყო და აღნიშნულ აქტებს თან ერთვოოდა ფორმა №2, რომლებშიც არ აღინიშნებოდა შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის 2006 წლის 09 ნოემბრის №59, 2007 წლის 12 სექტემბრის №375 და 2007 წლის 24 ოქტომბრის №471 მიღება-ჩაბარების აქტებით უსასყიდლოდ და საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე, მიღებული სამშენებლო მასალების ნულოვანი განფასება. მხოლოდ ნულოვანი ტარიფით განფასებულია 170 440,32 ლარის ღირებულების მასალა, გამოყენებული არ არის 27 701 ლარის ღირებულების სხვადასხვა მასალები. შესაბამისად, კასატორმა თავისი მოთხოვნა დააზუსტა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა 27 701 ლარის დაბრუნება (იხ., ს.ფ. 129. ტ.2.).
37. კასატორი ასევე განმარტავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 129-ე და 130-ე მუხლები, რომელთა შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დაადგინა 2008 წლის 05 იანვრიდან 2011 წლის 05 იანვარამდე, რის შედეგადაც კასატორის სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია.
38. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვითაც ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს, ვინაიდან, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულების შესრულებით. შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები, რადგან ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტებით გადაცემული სამშენებლო მასალები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აღმოჩნდა მოწინააღმდეგე მხარესთან. სარჩელი აღიძრა 2016 წლის 06 დეკემბერს, რა დროსაც გასული არ იყო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
40. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
41. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების (იხ., ამ განჩინების პ-13,14) მოთხოვნით უარყოფილია უსაფუძვლობისა და სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
42. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).
43. მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ, რომლებიც მითითებულია ამ განჩინების პპ: 1-12-ში კასატორს შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ამ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ.
44. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ჯერ ერთი, იმ თვალსაზრისით, თითქოს არ დასტუდებოდეს მოპასუხისათვის გადაცემული სამშენებლო მასალის გამოუყენელობა (გაუხარჯაობა) (შედავება ფაქტის ნაწილში), მეორეც, საკასაციო საჩივრით სადავოა დავის სამართლებრივი შეფასება სახელშეკრულებო ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმებითა [სსკ-ის 629-ე მუხლი] და შესაბამისად, ხანაზმულობის ნაწილში (შედავება სამართლის ნაწილში).
45. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ წარმოდგენილ არ არის დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო შედავება (პრეტენზია).
46. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სარჩელი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ იმ გარემოებას ეფუძნება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ ხელშეკრულება N08/137/3, რომელიც ითვალისწინებდა სამუშაოების შესრულებას, ხოლო ამ ვალდებულების შესასრულებლად შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა 2006 წლის 9 ნოემბრის N59, 2007 წლის 12 სექტემბრის N375 და 2007 წლის 24 ოქტომბრის N471 მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის საფუძველზეც შემსყიდველმა მიმწოდებელს საკუთრების უფლებით გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით უსასყიდლოდ გადასცა 204 916.85 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები (ს.ფ 185-186, 187- 188, 189). 2008 წლის 5 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტების: N375ა-471-ა-59ა თანახმად, მიმწოდებელმა სამინისტროს მიერ საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით (უსასყიდლოდ) გადაცემული სამშენებლო მასალებიდან დაუბრუნა 84.98 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები. შემსყიდველმა მოითხოვა გაუხარჯავი მასალის ღირებულების - 198,141.87 ლარის მიმწოდებლისათვის დაკისრება (იხ., ამ განჩინების პ-13). მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე აპელანტმა მოთხოვნა დააზუსტა და მოითხოვა 27 701 ლარის დაბრუნება (იხ., ამ განჩინების პ- 13; ტ.2. ს.ფ. 129). მოპასუხემ მოთხოვნა უარყო მისთვის გადაცემული მასალის გახარჯვის ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით.
47. ამ ვითარებაში კი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი [სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები] და მოპასუხისათვის საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით (უსასყიდლოდ) გადაცემული სამშენებლო მასალის აუთვისებლობის ფაქტობრივი გარემოების დადასტურება მოსარჩელეს გადააკისრა, რომელი გარემოების დასადასტურებლად სამინისტროს ვარგისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
49. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
50. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
51. მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
52. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
53. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
54. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია.
55. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის).
56. განსახილველ დავაზე მიმწოდებლისათვის გადაცემული მასალის გახარჯვის სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენის თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია სარჩელზე დართული შვიდივე ობიექტთან დაკავშირებით შედგენილი, მხარეთა ხელმოწერილი, შესრულებული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების მოცულობა-განფასების ფორმა N2. სააპელაციო პალატამ, მაგალითისთვის აღნიშნა, რომ ს.ფ 41-45-ზე (ტომი 1), წარმოდგენილია ერთ-ერთი ასეთი აქტი, სადაც მოცემულია შესრულებული სამუშაოსა და გამოყენებული მასალის ერთეულის ფასი. ჩამონათვალში მე-20 და 22-ე პუნქტებად (ს.ფ 43, ტ.1.), შეტანილია სხვა და სხვა კვეთის ელ.სადენები, რომელთა ერთეულის ფასად მითითებულია 0,00 ლარი, ხოლო მათ მონტაჟზე გაწერილი იქნა ხელფასის თანხა და გამოყვანილია საბოლო ღირებულება (4600 და 1120 ლარი). სააპელაციო პალატის შეფასებით საბოლოო ღირებულება ნულის ტოლი ვერ იქნებოდა, რადგან თუნდაც, ნულოვანი ღირებულების მასალის მონტაჟზე ხელფასის სახით დაირიცხა გარკვეული თანხა, მოცემულ შემთხვევაში, ერთ გრძივ მეტრზე 1 ლარი და აქედან იქნა გამოყვანილი მასალისა და შესრულებული სამუშაოების საერთო ფასი. მასალების უსასყიდლოდ მიღება-ჩაბარების აქტში (ს.ფ 185. ტ.1. ), 4-6 პუნქტებად მითითებულია სხვა და სხვა კვეთის ელ.სადენის გადაცემის შესახებ. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სამინისტროს პრეტენზია თითქოს დამკვეთისთვის წარმოდგენილ მასალებში, კერძოდ, ფორმა N2-ში არ ფიქსირდებოდა უსასყიდლოდ გადაცემული მასალის ნულოვანი განფასება (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები - ტ.2. ს.ფ. 129) და სწორედ ამ საფუძვლით მოითხოვდა სამინისტრო მოპასუხისაგან სადავო სამშენებლო მასალის დაბრუნებას ან მისი ღირებულების ანაზღაურებას, უმართებულო და აქედან გამომდინარე, უარსაყოფი იყო (იხ.,ამ განჩინების პპ: 25-31). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი მოსარჩელისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზების შეუსრულებლობის გამო, სწორად იქნა უარყოფილი.
57. საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება და განმარტების თვალსაზრისითაც, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, თანხის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 646-ე მუხლის მე-2 ნაწილი (მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა).
58. ხოლო რაც შეეხება კასატორის მითითებას უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივ საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა და მისი გამოყენება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა სამართლებრივი საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის №ას-774-723-2017 განჩინებას, სადაც პალატამ განმარტა, რომ „კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე - მეორადი მოთხოვნები) და სხვა)“ (შდრ. სუსგ №ას-774-723-2017, 11.10.2017).
59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უარსაყოფია კასატორის შედავება სარჩელის ხანდაზმულობის თვალსაზრისითაც, რამდენადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დადგენილია სასამართლო პარაქტიკა იხ., სუსგ №ას-794-794-2018, 11 სექტემბერი, 2018 წელი.
60. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
61. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, რადგან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელთა ნაწილის ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
63. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე