¹ბს-1112-691(კს-05) 7 სექტემბერი, 2005წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ჯ. გახოკიძე
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ჭ-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის იმერეთის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 745 აშშ დოლარის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 6 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს “ჭ-ის” სარჩელი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის იმერეთის რეგიონალურ სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 270 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იმერეთის რეგიონალურმა სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინებით სს “ჭ-ის” სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა 2005წ. 27 მაისამდე. აღნიშნული განჩინება იმავე დღეს ჩაჰბარდა აპელანტს. სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იმერეთის რეგიონალურმა სამმართველომ კერძო საჩივარი წარადგინა სასამართლოს 30.05.05წ. განჩინებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იმერეთის რეგიონალურ სამმართველოს გაშვებული ჰქონდა სსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი ვადა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას. თუ სააპელაციო საჩივარზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს ხარვეზის შევსებას, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს და თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 13.05.2005წ. განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად (სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად) განესაზღვრა ვადა ა/წლის 27 მაისამდე, ხოლო 20.05.05წ. განჩინებით დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტება გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლომ 30.05.05წ. განჩინება მიიღო მხარეთა დასწრების გარეშე. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ განჩინების ჩაბარებაზე ხელისმომწერი პირი (რ. ნ-ე) წარმოადგენს პროცესის მონაწილე პირს, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის _ თ. კ-ის მიერ გაცემული მინდობილობა აღნიშნულ პიროვნებაზე წარმომადგენლობის მინიჭების შესახებ. განჩინების ჩაბარების დოკუმენტზე ასევე არ არის დასმული ორგანიზაციის ბეჭედი, რომელიც დაადასტურებდა განჩინების სამმართველოსათვის ჩაბარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს 30.05.05წ. განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი არასწორად იქნა მიჩნეული დაუშვებლად.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობის დავებს. ამდენად, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმის განხილვის პირობად დაადგინა ისეთი დავის საგანი, რომელიც გამომდინარეობს იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც მოწესრიგებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება იყოს ადმინისტრაციული დავის საგანი. განსახილველ შემთხვევაში სს “ჭ-ის” სარჩელის საგანს წარმოადგენს დაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება სკ-ის 567-ე მუხლის საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს რა პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს (მუხლი პირველი), საკასაციო პალატის აზრით, არ წარმოადგენს განსახილველი დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას, თუნდაც პროცესში მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანო, რადგან დავა უნდა გადაწყდეს სკ-ის ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობების საფუძველზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა _ ადმინისტრაციული დავის უფლებამოსილი სასამართლოს მიერ განხილვის შესახებ, რადგან იგი არ წარმოადგენდა განსახილველ სააპელაციო საჩივარზე უფლებამოსილ სასამართლოს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა შეამოწმა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის დარღვევას წარმოადგენს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას და სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გადაეცეს განსჯად სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 26-ე მუხლებით, სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 13, 30 მაისისა და 4 ივლისის განჩინებები და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცეს განსჯად სასამართლოს, ქუთაისის საოლქო სსამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.