Facebook Twitter

საქმე №ას-1270-2018 2 ნოემბერი, 2018 წელი

№ას-1270-2018 ფ-----ა ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ფ-ა, მ. გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „ს-მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ–ის, თ. ფ-ას (შემდგომ – კასატორი მოპასუხეები) მ. ქ-ის, მ. კ–ის, დ., ა., თ., ა-ა, თ., ე., თ. და ა. ფ-ების (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №ა-- განკარგულების საფუძველზე აუქციონზე შეიძინა უძრავი ნივთი, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები და, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან, რაზეც მოპასუხეებმა შეიტანეს საჩივარი.

4. ამავე სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც კასატორმა მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით კასატორ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №ა-- განკარგულების საფუძველზე მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც 2015 წლის 9 ნოემბრიდან აღირიცხა მოსარჩელის სახელზე.

7. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ჩაინიშნა 2017 წლის 15 ივნისს. მორიგების მიზნით, პროცესო გადაიდო და დაინიშნა 2017 წლის 15 სექტემბერს. სხდომის გადადების შემდეგ, მომდევნო სხდომის შესახებ ხელწერილით გაფრთხილებულ იქნენ კასატორი მოპასუხეები. მათ წერილობით დაადასტურეს, რომ აიღეს ვალდებულება, სასამართლო უწყებები გადაეცათ დანარჩენი მოპასუხეებისათვის, რომლებიც მათი ოჯახის წევრები არიან.

8. მოპასუხეები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

9. სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე მოპასუხეებს წინასწარ არ უცნობებიათ სასამართლოსათვის.

10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 230-ე მუხლით, 74-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით და დაადგინა, რომ მოპასუხეები არიან ერთი ოჯახის წევრები, კერძოდ, კასატორ მოპასუხეთა შვილები, რძალი და შვილიშვილები. მოპასუხეები ერთ ოჯახში ცხოვრობენ. სასამართლო უწყება დანარჩენი მოპასუხეებისათვის გადასაცემად ჩაბარდათ კასატორ მოპასუხეებს. შესაბამისად, უწყების მათთვის ჩაბარება ნიშნავს, რომ უწყება ჩაბარდათ დანარჩენ მოპასუხეებსაც.

11. სსსკ-ის 215-ე, 216-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო სხდომის გადადების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა აღნიშნული სახის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მხარემ უნდა განახორციელოს საპატიო მიზეზის არსებობისას, სხვა შემთხვევაში შესაძლოა, ვარაუდი იმის შესახებ, რომ შუამდგომლობა ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებას.

12. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნით მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

13. სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიო მხარის გამოუცხადებლობა სასამართლოს უფლებამოსილებაა.

14. განსახილველ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები, რომლებსაც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე არ შეუტყობინებიათ სასამართლოსთვის. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კასატორმა მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

16. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი სადავო საცხოვრებელ სახლში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცხოვრობს ხუთი ოჯახი. მათგან ერთ-ერთია კასატორთა და მათი მცირეწლოვანი შვილის ოჯახი. ოჯახებს ერთმანეთთან არ აქვთ კარგი ურთიერთობა, სადავო ქონების გამო.

17. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოპასუხეებს, კასატორთა გარდა, სასამართლო უწყება სხდომის შესახებ არ მიუღიათ, ისინი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ ყოფილან გაფრთხილებული სასამართლო სხდომის შესახებ. კასატორებს კი, სხვა მოპასუხეებთან დაძაბული ურთიერთობის გამო, მათთვის არ უცნობებია არცერთი სასამართლო სხდომის დრო. სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე ისე, რომ მოპასუხეებისათვის არ უცნობებია საქმის განხილვის შესახებ და ისიც კი, რომ საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

18. მეტიც, მოპასუხეებს არ ჩაბარებიათ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც კი, მით უმეტეს, მათ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდნენ. მათ ასევე არ ჩაბარებიათ სასამართლო გზავნილიც და დღემდე მათთვის უცნობია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

19. ამდენად, კასატორთა მიმართ დაირღვა სსსკ-ის 70-78-ე, 83-ე 233-ე და 364-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები.

20. კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ კასატორი სასამართლო დავას აწარმოებდა მის საკუთრებაში არსებული ქონების 1/6 ნაწილზე და ითხოვდა საქმის წარმოების შეჩერებას, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული და გათვალისწინებული სასამართლოს მიერ.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით კასატორი მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორებმა გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი – 45 ლარი, დანარჩენი 105 ლარის გადახდა კი კასატორებს გადაუვადდათ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

22. საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით დანარჩენი მოპასუხეების საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №ა-- განკარგულების საფუძველზე მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც 2015 წლის 9 ნოემბრიდან აღირიცხა მოსარჩელის სახელზე.

25. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ჩაინიშნა 2017 წლის 15 ივნისს. მორიგების მიზნით კი, პროცესო გადაიდო და დაინიშნა 2017 წლის 15 სექტემბერს. სხდომის გადადების შემდეგ, მომდევნო სხდომის შესახებ ხელწერილით გაფრთხილებულ იქნენ კასატორი მოპასუხეები. მათ წერილობით დაადასტურეს, რომ აიღეს ვალდებულება, სასამართლო უწყებები გადაეცათ დანარჩენი მოპასუხეებისათვის, რომლებიც მათი ოჯახის წევრები არიან.

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს მოპასუხეები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

27. სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე მოპასუხეებს სასამართლოსათვის წინასწარ არ უცნობებიათ.

28. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორებმა მიიჩნიეს, რომ დანარჩენი მოპასუხეები საქმის განხილვის შესახებ გაფრთხილებული არ ყოფილან და არც კასატორ მოპასუხეებს მათთვის საქმის განხილვის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ გადაუციათ.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

31. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

32. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

33. ზემოაღნიშნული კანონის დანაწესის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

34. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მხოლოდ კასატორი მოპასუხეების საკასაციო პრეტენზია, ვინაიდან 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით დანარჩენი მოპასუხეების საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

35. საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, მხარემ დაადასტურა, რომ ორივე კასატორ მოპასუხეს საქმის განხილვის თარიღი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, რაც ასევე დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი, სასამართლო პროცესის გადადებისას ჩამორთმეული ხელწერილით, სადაც ასახულია მათი ხელმოწერები (ს.ფ. 124).

36. ამდენად, კასატორი მოპასუხეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის დროისა და ადგილი შესახებ, თუმცა არ გამოცხადდნენ პროცესზე და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.

37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

38. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. (სუსგ 8.06.2018წ. საქმე №ას-644-644-2018).

39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა ვერ მიუთითეს ვერანაირ საპატიო გარემოებაზე, რომელიც სადავო საქმის განხილვის დღეს მათ სასამართლოში გამოცხადებასა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის წინასწარ შეტყობინებას ობიექტურად ხელს შეუშლიდა, რაც გამორიცხავს მოცემული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

40. კასატორებმა ასევე მიუთითეს, რომ ერთ-ერთი მათგანი სასამართლო დავას აწარმოებდა კუთვნილი სადავო უძრავი ქონების 1/6 ნაწილზე და ითხოვდა საქმის წარმოების შეჩერებას, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული და გათვალისწინებული სასამართლოს მიერ.

41. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან არ არსებობს სსსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების წარმომშობი საფუძვლები. მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

42. აღნიშნული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მოცემულ საქმეზე ამგვარი ხელშემშლელი გარემოების არსებობა არ დადასტურებულა.

43. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

44. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

46. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

48. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 45 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ფ-ასა და მ. გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 45 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური