Facebook Twitter

№ ას-871-2018 30 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ა. ყ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ–ი

გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა. ყ-ემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ–ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), ნ. ს-ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), გ. ვ-ისა (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) და ნოტარიუს ზ. ც-ის (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრებისა და სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

2. მოსარჩელემ სარჩელთან ერთად წარადგინა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, სადაც მან მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა უნდა დადებოდა აწ. გარდაცვლილი ნ. ს-ის სახელზე რიცხულ სამკვიდრო ქონებას, კერძოდ: საცხოვრებელ ბინას, მდებარე: ქ. ჭიათურა, თ-ის ქ. №13-ში, სასარგებლო ფართით - 56.10 კვ.მ., საცხოვრებელი ფართით - 35.60 კვ.მ., დამხმარე ფართით - 20.50 კვ.მ. და ავტომანქანა ოპელ ასტრა G-ს, გამოშვების წელი - 1999, სახელმწიფო ნომრით - P-, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო №W- (შემდგომში - „ავტომანქანა“).

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული - ქ. ჭიათურაში, თ-ის ქ. №13-ში, მდებარე უძრავი ქონების, სართული 1, ბინა №2, (ფართით - 56.10 კვ. მ., ს/კ: 3-) შესაბამისი წილის გასხვისება. ასევე მას აეკრძალა აწ. გარდაცვლილი ნ. ს-ის (პ.ნ. 5-.) სახელზე რიცხული ავტომანქანის შესაბამისი წილის გასხვისება. სარჩელის უზრუნველყოფის განცხადება (შუამდგომლობა) დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

5. პირველმა და მეორე მოპასუხემ აღძრეს შეგებებული სარჩელები და მოითხოვეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

6. მოსარჩელემ შეგებებული სარჩელები არ ცნო.

7. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი პირველი, მეორე და მესამე მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მეოთხე მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელები არ დაკმაყოფილდა.

8. საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც მოსარჩელემ, ასევე პირველმა და მეორე მოპასუხემ.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სამკვიდრო მოწმობა ½ ნაწილში (№160644924 15/06/2016-4/97474), რომლითაც პირველმა და მეორე მოპასუხემ მემკვიდრეობით მიიღეს ავტომანქანა და აღნიშნულ ავტომანქანაზე პირველ და მესამე მოპასუხეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება და დადგინდა ავტომანქანის ½ წილის უფლებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხვა მოსარჩელის სახელზე. პირველ და მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 2000 ლარი. სარჩელი პირველი და მეორე მოპასუხის მიმართ თანხის 3300 ლარის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. სარჩელი პირველი და მეორე მოპასუხისთვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. მეორე მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან ქ. ჭიათურა, თ-ის ქ. №13-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის გამოთხოვა და მისი თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა პირველი და მეორე მოპასუხისთვის. მოსარჩელეს დაეკისრა 260 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. პირველ და მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 140 ლარი.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება.

12. 2018 წლის 20 მარტს პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის განჩინების გაუქმება და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ჭიათურა, თ-ის ქუჩა №13 (ს/კ: 3-), ყადაღის მოხსნა.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით პირველ მოპასუხეს დაევალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის წერილობით წარდგენა.

14. 2018 წლის 16 აპრილს პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა საბანკო ქვითარი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩარიცხა 2140 ლარი.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით პირველი მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა. გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით განხორციელებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული - ქ. ჭიათურაში, თ-ის ქ. №13-ში მდებარე უძრავი ქონების, სართული 1, ბინა №2 (ფართი: 56.10 კვ.მ., ს/კ: 3-), შესაბამისი წილის გასხვისება და აღნიშნული ქონება გათავისუფლდა გასხვისების აკრძალვისაგან.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში მხარეებს შორის დავა ჯერ არ იყო დამთავრებული, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში კი მოწინააღმდეგე მხარე გაასხვისებდა სადავო უძრავ ქონებას.

17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

19. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულება სრულად იყო შესრულებული, შესაბამისად, მოსარჩელის სარჩელთან დაკავშირებით პირველი მოპასუხის მიმართ, არ იყო უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობის საჭიროება.

20. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით პირველი მოპასუხის მოთხოვნა საფუძვლიანად დაკმაყოფილდა და არ არსებობდა აღნიშნული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

21. მოსარჩელის იმ მითითებასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის დავა არ იყო დასრულებული და სამკვიდროსთან დაკავშირებით ისევ მიმდინარეობდა, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის გაუქმებასაც განმცხადებელი ითხოვდა, სრულიად კონკრეტული დავის პირობებში, კონკრეტული სარჩელის უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული და თუ რაიმე დავა ისევ არსებობდა მხარეთა შორის, მასზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად ვერ გამოდგებოდა წინამდებარე პირობებში გამოყენებული უზრუნველყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

24. აღნიშნული ნორმა ავალდებულებს სასამართლოს, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თავისი ინიციატივით, გააუქმოს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც უნდა აისახოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით, სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა აღნიშნული საკითხი და თავისი გადაწყვეტილებით არ გააუქმა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, შესაძლებელია ეს ხარვეზი გამოსწორდეს საპროცესო კანონის ანალოგიის გამოყენებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი და 261-ე მუხლი), იმ თავისებურების გათვალისწინებით, რომ შესაბამისი განჩინების გამოტანა არ იქნება შეზღუდული რაიმე ვადით და გასაჩივრდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით (იხ. სუსგ №ას-806-773-2016, 29 დეკემბერი, 2016 წელი).

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე და 420-ე მუხლების შესაბამისად, 197-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1991-ე მუხლის დანაწესი ვრცელდება ასევე საკასაციო სასამართლოში საჩივრის შეტანის წესზე.

26. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ნაწილობრივ ეთქვა უარი. ხსენებული გადაწყვეტილებით არ გაუქმებულა სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა. დადგენილია ასევე, რომ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში ვალდებულება მოპასუხეთა მიერ შესრულებულია.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლი და მართებულად გააუქმა სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მხარეთა შორის დავა ჯერ არ არის დამთავრებული, რის გამოც არ უნდა გაუქმდეს უზრუნველყოფის ღონისძიება და მიუთითებს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს უკანასკნელი შევიდა კანონიერ ძალაში და მოცემული საქმის წარმოება დასრულდა. ამასთან, არ არსებობს გარემოება, რომელიც გამორიცხავს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას.

29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მხარეთა შორის სხვა სასარჩელო წარმოების ფარგლებში რაიმე დავა კიდევ არსებობს, მოსარჩელეს მის ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

32. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს მოსარჩელის საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197, 1971, 1991, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. ყ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განჩინებები დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე