Facebook Twitter

საქმე №ას-852-2018 2 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ღ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ. ღ-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ბ-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 1150 ლარის დაბრუნების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 5 ოქტომბერს ნ. ფ–ი (შემდგომ – კლიენტი) დააპატიმრეს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებით. შექმნილი სიტუაციის გამო, მან პოლიციის შენობიდან დაურეკა მესამე პირს, რომელმაც მოსარჩელეს შესთავაზა, საადვოკატო მომსახურება მიეღო მოპასუხისაგან. მოდავე მხარეებმა გააფორმეს ხელშეკრულება და მომსახურების საფასურად განსაზღვრეს 2000 ლარი. მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა 1150 ლარი.

3. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე მას დაპირდა, რომ ადვოკატად მისი მონაწილეობის შემთხვევაში, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ შეუფარდებდნენ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას, თუმცა მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა.

4. ადვოკატმა განუმარტა მოსარჩელეს, რომ პატიმრობის შეცვლა შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულს გადაუხდიდა 3200 აშშ დოლარს. მოპასუხემ არასწორი განმარტებები და არასრული ინფორმაცია მიაწოდა მოსარჩელეს კლიენტთან დაკავშირებით. მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა მხოლოდ ორჯერ, არ გაასაჩივრა სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ განჩინება. არ გაითვალისწინა კლიენტის პოზიცია, რითაც დააზარალა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ინტერესები.

5. მოსარჩელემ კლიენტთან შეუთანხმებლად მოპასუხესთან კონსულტაციის საფუძველზე 2011 წლის 9 ნოემბერს დაზარალებულთან გააფორმა ხელშეკრულება მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

6. ყოველივე ზემოაღნიშნული გახდა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ ადვოკატისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმად განისაზღვრა გაფრთხილება.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან ყველა აუცილებელი ქმედება განახორციელა, რაც საჭირო იყო ბრალდებულის დაცვის უზრუნველსაყოფად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1150 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 387-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით შეუძლია, გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

11. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი შეიძლება დატოვოს განუხილველად, თუ: 1. არ გამოცხადდება აპელანტი (მისი წარმომადგენელი); 2. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; 3. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 14 მარტს, 15:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მოითხოვა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

13. სსსკ-ის 70-ე მუხლის, 73-ე მუხლის პირველი ნაწილისა მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ აპელანტს სააპელაციო სასამართლოში დანიშნული მთავარი სხდომის შესახებ ეცნობა უწყებით, რომელიც ჩაბარდა ოჯახის წევრს – დისშვილს 2018 წლის 17 იანვარს, სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, თუმცა მხარე სხდომაზე არ გამოცხადდა.

14. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

15. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით არ მიუმართავს და არც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ არ უცნობებია.

16. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ, სხდომის გადადების მიზნით, მხარემ სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს საპატიო მიზეზის არსებობა.

17. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებანი.

18. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რადგან 2018 წლის 14 მარტის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა კანონით დადგენილი წესით და მისი გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის უცნობია, უნდა დაკმაყოფილდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

20. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდა, რადგან მას სასამართლო უწყება არ ჩაბარებია. აღნიშნული საპროცესო დოკუმენტი გაიგზავნა არასწორ მისამართზე მაშინ, როდესაც მხარემ მიუთითა მისი რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი – ქ.თბილისი, ვ. ბ-ის და არა ხ-ის ქ.№-- და მობილური ტელეფონის ნომერი. ძველ მისამართზე მოპასუხე ცხოვრობდა რამდენიმე წლის წინ და საკმაოდ იშვიათი კონტაქტი აქვს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

22. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება მხარის გამოუცხადებლობის მოტივით.

23. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

24. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

25. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

26. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს.

27. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ყველა ელემენტი, კერძოდ: 1. აპელანტი სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით; 2. მხარის გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნა არასაპატიოდ; 3. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

28. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 14 მარტს, 15:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მოითხოვა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

29. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მოპასუხემ სარჩელზე შეტანილ შესაგებელში (ტომი 1, ს.ფ 49) და სააპელაციო საჩივარშიც (ტომი 1, ს.ფ 111) თავის მისამართად მიუთითა ქ.თბილისი, ვ. ბ-ის 7-.

30. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

31. მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარისათვის სასამართლო კორესპონდენციის გაგზავნის პროცედურას და ადგენს, რომ მხარისათვის ჩასაბარებელი სასამართლო უწყება შეიძლება გაიგზავნოს მის მიერვე მითითებულ ფაქტობრივ, ალტერნატიულ ან სამუშაო ადგილის მისამართზე.

32. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელზე შეტანილ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში დააფიქსირა ერთი და იგივე მისამართი, რომელზეც სურდა სასამართლოსაგან გამოგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მიღება. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ საქმის განხილვის შესახებ უწყება აპელანტს გაუგზავნა სარჩელში მოსარჩელის მიერ მოპასუხის მისამართად დასახელებულ ადგილზე (ტომი 1, ს.ფ 1). აღსანიშნავია, რომ თავად კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი სასამართლოს მიერ გაგზავნილ მისამართზე რამდენიმე წლის განმავლობაში აღარ ცხოვრობს. სასამართლო უწყება ჩაიბარა მოპასუხის დისშვილმა, რაც მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

33. საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის მისამართებიდან სააპელაციო პალატას უპირატესობა უნდა მიენიჭებინა თავად მხარის მიერ ისეთ საპროცესო დოკუმენტებში მითითებული მისამართისათვის, როგორიცაა სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი და სააპელაციო საჩივარი. აპელანტმა სააპელაციო ეტაპზე სააპელაციო საჩივრის შეტანისას თავის საცხოვრებელ ადგილად დააფიქსირა ქ.თბილისი, ვ. ბ-ის 7-. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს აპელანტისათვის საპროცესო დოკუმენტები უნდა გაეგზავნა სწორედ სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე.

34. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და თვლის, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ხელშემშლელი გარემოება – აპელანტს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის თარიღი კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილების, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე