საქმე №ას-323-323-2018 4 მაისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – თ. ხ-ი, ლ. კ-ია, ი. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ ბ. კორპუსი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ა(ა)იპ ბ. კორპუსმა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. კ-ას, ი. მ-ისა და თ. ხ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები ან მოვალეები) მიმართ, მოპასუხეებისათვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხის (ლ.კ-ასათვის 2 037,9, ლარის, თ.ხა-ათვის _ 2 147,37, ხოლო, ი.მ-ისათვის _ 1 389,47) დაკისრების მოთხოვნით
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხა მათ სასამართლო გადაწყვეტილების საუძველზე აქვთ მიღებული და არ არსებობს მისი დაბრუნების წინაპირობები.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაეკისრათ სარჩელით მოთხოვნილი თანხის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ .
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოვალეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მისი წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის მოტივით.
6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გასაჩივირებული განჩინების საფუძველს აპელანტების მიერ საპროცესო ვადის დარღვევა წარმოადგენს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან _ 2017 წლის 5 მაისიდან არაერთხელ შედგა კომუნიკაცია სასამართლოსთან, მათ შორის, სასამართლოში მოპასუხეთა გამოცხადების გზით, თუმცა, დასაბუთებული გადაწყვეტილების მოუმზადებლობის გამო, მისი ჩაბარება 2017 წლის 8 ნოემბრამდე შეუძლებელი აღმოჩნდა. თავად გადაწყვეტილებაში კი, მითითებულია, რომ გასაჩივრება დაიშვება მისი ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს განჩინების დაუსაბუთებლობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლი. მხარე, სასამართლოს გადატვირთულობიდან გამომდინარე, პრეტენზიას არ აცხადებს მისი მომზადების ვადის დარღვევიასთან დაკავშირებით, თუმცა, სრულიად ულოგიკოა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ამ თვალსაზრისით. იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ გადაწყვეტილება არ იყო მზად დადგენილ ვადაში, კერძო საჩივრის ავტორებმა მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ხ-ის, ლ. კ-იასა და ი. მ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 და 369-ე მუხლების გამოყენება-განმარტებისა და ამ კუთხით ფაქტობრივი გარემოებების შეფასების სისწორე.
1.3. გასაჩივრებული განჩინების თანახმად, აპელანტები და მათი წარმომადგენლები კანონით დადგენილი წესით გააფრთხილეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის, დროისა და გასაჩივრების წესის თაობაზე, ისინი ვალდებულნი იყვნენ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან (2017 წლის 5 მაისიდან) არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, (2017 წლის 5 ივნისის ჩათვლით) გამოცხადებულიყვნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაებარებინათ გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს (2017 წლის 2 ივნისი), რომლის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. აპელანტების წარმომადგენლებმა 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების ასლის მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს 2017 წლის 18 ივლისს, ასევე, 2017 წლის 2 და 3 ნოემბერს და ჩაიბარეს 2017 წლის 8 ნოემბერს, თუმცა, მათთვის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადა დაიწყო არა ჩაბარებიდან, არამედ 2017 წლის 5 ივნისიდან და დასრულდა 2017 წლის 19 ივნისს, 24:00 საათზე.
1.4. კერძო საჩივრის ავტორები სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვენ, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადა მათი ბრალით არ არის დარღვეული, საქალაქო სასამართლომ დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადება, ხოლო გადაწყვეტილების მზაობისა და მისი ჩაბარების თხოვნით მხარე ურთიერთობდა სასამართლოსთან. ამ ფაქტის დადასტურების ძირითად მტკიცებულებად მხარე განიხილავს საქმეში არსებულ განცხადებებსა და ხელწერილს.
1.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტს, რომ საპროცესო ვადა მხარის ბრალით არ დარღვეულა, ამ პრეზუმფციის დაშვების საფუძვლად პალატა სწორედ მხარეთა მიერ მოშველიებულ მტკიცებულებათა შეფასებას მიიჩნევს (სსსკ-ის 105-ე მუხლი). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ და ფაქტობრივ საკითხზე:
1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო/საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადით შეზღუდვა სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპს ემყარება, თუმცა ეს ვადა სასამართლოს მხრიდან ყოველთვის ზედმიწევნით უნდა იქნეს შესწავლილი, რათა დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს ამავე კოდექსის მე-2 მუხლით, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამასთანავე, სასამართლოს მხრიდან საკითხის ზედმიწევნითი ანალიზი უზრუნველყოფს მოგებული მხარის ინტერესების დაცვასაც, რაც გონივრული პროპორციაა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 მუხლი).
1.5.2. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის კონტექსტში უდავოა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე ინფორმირებული იყვნენ მხარეები, შესაბამისად, ხსენებული ნორმა მათ მიმართ მოქმედებს (გარდა ამისა, მოსარჩელე არ წარმოადგენს ამავე ნორმის მე-2 ნაწილის სუბიექტს). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე იყო 4 ივნისი, ზოგადი წესის თანახმად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენა (სსსკ-ის 369-ე მუხლი) დაიწყო 5 ივნისს და ამოიწურა 19 ივნისს (სსსკ-ის 61.2 მუხლის თანახმად, რადგან მე-14 დღე ემთხვეოდა კვირას). საქმეში არსებული განცხადებების თანახმად, მართალია, დასტურდება, რომ მხარემ დაარღვია ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრული 30-დღიანი ვადა გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის თაობაზე, თუმცა ის გარემოება, რომ 30-დღიანი ვადის დარღვევით, 2017 წლის 18 ივლისს, 2 და 3 ნოემბერს წარდგენილი განცხადების პასუხად მოპასუხეს მაინც არ ჩაბარდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში მოუმზადებლობის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიის გაზიარების საფუძველს ქმნის. უდავოა ისიც, რომ მოპასუხეებს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდათ 2017 წლის 8 ნოემბერს და ამ დღიდან დაცულია გასაჩივრების 14-დღიანი ვადა.
1.6. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუშვებელია მხარეს წაერთვას მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმის მასალების ანალიზი არ იძლევა უალტერნატივო დასკვნის საფუძველს იმისა, რომ თავად მხარემ დაარღვია ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.
1.7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 9 ნოემბერს და ამოიწურა 22 ნოემბერს, სააპელაციო საჩივარი კი, სასამართლოში რეგისტრირებულია 2017 წლის 21 ნოემბერს, რაც უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ აპელანტებს არ დაურღვევიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნა (სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა).
1.8. რაც შეეხება მხარეთა პოზიციას სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე, პალატა მას არ იზიარებს და განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მთავარ სხდომაზე განსახილველად მომზადების საკითხს (სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას) ამოწმებს სააპელაციო და არა საკასაციო სასამართლო, შესაბამისად, ეს პრეტენზია გაზიარებას არ ექვემდებარება, სწორედ, ამ მიზნითა და ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ხ-ის, ლ. კ-ასა და ი. მ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი