საქმე №ას-29-29-2018 15 თებერვალი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჩ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ლ. ჩ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მფლობელი) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, ო. ქ#....-ში მდებარე, მოსარჩელის კუთვნილი #8 ბინის გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ქონების მესაკუთრისათვის გადაცემის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ის არ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს, რადგანაც სადავო სახლში ცხოვრობენ სხვა პირები.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, ო. ქ#....-ში, მესამე სართულზე მდებარე #8 ბინა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად და აპელანტს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ, იმ დასაბუთებით, რომ სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, აპელანტს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა მხარეს 160 ლარის გადახდა. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატა ადგენს, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს ფოსტით იქნა წარდგენილი ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა აპელანტს ხარვეზი 2017 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გამოესწორებინა. სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ სახელმწიფო ბაჟი 2017 წლის 23 ოქტომბერს არის გადახდილი და იმავე დღეს ჩაბარდა დოკუმენტები ფოსტას. ის გარემოება, რომ კორესპოდენცია სასამართლოში 24 ოქტომბერს შევიდა, არ მიუთითებს მხარის მიერ საპროცესო ვადის დარღვევის ფაქტზე. გარდა ამისა, 24 ოქტომბერს ფოსტისათვის კორესპოდენციის ჩაბარების შემთხვევაში, განცხადება სასამართლოში იმავე დღეს ვერ შევიდოდა. კერძო საჩივარს ერთვის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გასაჩივრებული განჩინების უსწრობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მხარის მხრიდან ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დაცვის საკითხი ამ თვალსაზრისით საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ;
1.2.2. სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა კანონის მოთხოვნებს _ მასზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა პროცესის ხარჯის გადახდის გადავადების თაობაზე. ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა განისაზღვრა 7 (შვიდი) დღით და აპელანტს განემარტა საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის შედეგები;
1.2.3. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა ფოსტით სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა ადრესატს 2017 წლის 16 ოქტომბერს;
1.2.4. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას საპროცესო ვადის გამოანგარიშების ნაწილში და მიიჩნევს, რომ საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს და ამოიწურა 2017 წლის 23 ოქტომბერს (სსსკ-ის 60.2 და 61.3 მუხლები).
1.2.5. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ბილის თანახმად (UNIPOST #0...), კორესპოდენცია ფოსტას ჩაბარდა 2017 წლის 24 ოქტომბერს და სააპელაციო სასამართლოში მიტანილ იქნა 25 ოქტომბერს.
1.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოსწორების თაობაზე, ვინაიდან, მიუხედავად კერძო საჩივარში მითითებისა, მას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლის ანალიზითაც სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ მან მართლაც დადგენილ ვადაში განახორციელა დაკისრებული საპროცესო მოქმედება, გარდა ამისა, სინამდვილეს არც ის გარემოება შეესაბამება, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნა 2017 წლის 23 ოქტომბერს, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი #0 საგადახდო დავალებით უტყუარად დგინდება, რომ ბაჟი ბიუჯეტში მხარემ 2017 წლის 24 ოქტომბერს გადარიცხა.
1.4. ამდენად, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ აპელანტმა დაარღვია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა, რის გამოც არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 368-ე (5) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი