საქმე №ას-1494-1414-2017 15 თებერვალი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ე-იძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ო-ა (მოპასუხე)
თავდაპირველი თანამოსარჩელეები _ მ. გ-ი, მ. შ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მაია გოგოტიშვილმა მ. შ-ძემ და მ. ე-ძემ (შემდგომში _ მოსარჩელეები, მ.ე-ძე ასევე წოდებული, როგორც აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა. ო-ას (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვეს ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 3 ივნისს მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა (პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში).
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სანოტარო სააღსრულებო ფურცელი პროცენტის _ 140 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდა, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ამ ნაწილში ცვლილება იქნა შეტანილი სააღსრულებო ფურცელში და ნაცვლად 1 298 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 700 აშშ დოლარით.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ე-ძემ, მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2017 წლის 18 ოქტომბერს, 10:00 საათზე. სასამართლომ საჩივრის განუხილველად დატოვება დაასაბუთა იმით, რომ აპელანტი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. აპელანტის დაგვიანების მიზეზი იყო გზაზე შექმნილი საცობი, მხარე ცდილობდა მოსამართლის თანაშემწესთან დაკავშირებას, თუმცა მან არ უპასუხა ტელეფონს. იგი სასამართლოში გამოცხადდა 10:15 საათზე, თუმცა, ვერც ამჯერად დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს. 10:20 საათზე სხდომის დარბაზში გამოცხადდა თავდაპირველი მოსარჩელე მ. გ-ი, რომელიც დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა დაგვიანების საპატიო მიზეზის არსებობა, რასაც ვერც სხდომის მდივანი უარყოფს. გარდა ამისა, გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ სხდომა დაიწყო 10:15 საათზე, რაც არასწორია, რადგანაც ამ დროისათვის აპელანტი უკვე სასამართლო სხდომის დარბაზში იმყოფებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ე-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განჩინებით მ.ე-ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და 2017 წლის 18 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა;
1.2.2. საქმის განხილვის დროისა და ადგილის, ასევე, გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ მხარეებს;
1.2.3. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მხარეები, რის გამოც სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად;
1.2.4. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით _ საგზაო მოძრაობის გადატვირთულობით და ამის თაობაზე ვერ აცნობა სასამართლო.
1.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობები, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად კი, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიურ შედეგებს ითვალისწინებს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნტი.
1.4. მხარის გამოუცხადებლობის მოტივით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის). განსახილველ შემთხვევაში, მხარე განჩინების გაუქმებას სწორედ საპატიო მიზეზის არსებობის მოტივით მოითხოვს და საპატიოდ მიიჩნევს სატრანსპორტო შეზღუდვას, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლოს დროული ინფორმირება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპატიო მიზეზის ცნება დადგენილია ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით: საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ამ პირობებში კი, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მის არგუმენტაციას ვერც საპატიო მიზეზის არსებობის და ვერც სასამართლო მხრიდან სხდომის ოქმში ინფორმაციის არასწორად ასახვის თაობაზე და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.
1.5. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული შედავება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ე-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი