Facebook Twitter

საქმე №ას-1355-1275-2017 10 იანვარი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ა-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. თ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ნინო ადამიამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. თ-ძის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) მიმართ და მოითხოვა ნოტარიუს ე. შ-ის მიერ 2015 წლის 21 ივლისს გაცემული #15... სააღსრულებო ფურცლის მე-8 პუნქტში მითითებული ჩანაწერის _ 2 970 აშშ დოლარის ნაწილში ბათილად ცნობა და აღნიშნულ სააღსრულებო ფურცლის მე-8 პუნქტში კრედიტორის აღსასრულებელი მოთხოვნის _ 8 470 აშშ დოლარის ნაცვლად 5 500 აშშ დოლარის მითითება.

2. მოპასუხეების პოზიცია:

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სრულად ცნო სარჩელი და მხარი დაუჭირა მის დაკმაყოფილებას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ე. შ-ის მიერ 2015 წლის 21 ივნისს გაცემული #15... სააღსრულებლო ფურცლის მე-8 პუნქტში მითითებული ჩანაწერი 2970 აშშ დოლარის ნაწილში და აღნიშნული სააღსრულებლო ფურცლის მე-8 პუნქტში კრედიტორის აღსასრულებელი მოთხოვნა 8 470 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვრა სესხის ძირი თანხით _ 5 500 აშშ დოლარით.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა ის გარემოება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხებოდა თუ არა მის კანონიერ ინტერესებს ან მის წინააღმდეგ იყო გამოტანილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის შინაარსობრივი და ლოგიკური განმარტებიდან გამომდინარე, პირს აქვს უფლება, იდავოს საკუთარი კანონიერი ინტერესების დასაცავად და გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებულია პირის უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, დარღვეულია სამართლიანი სასამართლო უფლება კერძო საჩივრის ავტორის მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. პალატის შეფასების საგანს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის კანონიერება წარმოადგენს, ამ საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით კი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე:

1.2.1. მოვალის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და აღსასრულებელი ვალდებულების _ 8 470 აშშ დოლარის (სესხის ძირი თანხა) 5 500 აშშ დოლარით განსაზღვრა;

1.2.2. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისას მოპასუხემ განკარგა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება და სრულად ცნო სარჩელი, რაც საფუძვლად დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების მიღებას;

1.2.3. მოსარჩელის მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარი, რომლის განსახილველად მიღებაზე უარი მას იმ დასაბუთებით ეთქვა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან, რომ გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც მოსარჩელე მოითხოვდა, მის სასარგებლოდ იყო გამოტანილი, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რაიმე არსებითი ხასიათის დარღვევაზე აპელანტი ვერ მიუთითებდა.

1.3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის (სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში) დანაწესი არ შეიძლება იმგვარად იქნას განხილული, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება დაიშვება ყველა შემთხვევაში. ხსენებული ნორმის როგორც შინაარსობრივი, ისე _ სისტემური განმარტების შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მხარის სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლება უნდა ემსახურებოდეს მისი ინტერესების დაცვას და მართლმსაჯულების განხორციელების შედეგად გარკვეული, მისთვის სასარგებლო შედეგის მიღწევას. როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, ისე _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით უზრუნველყოფილი უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა წარმოადგენს დავის კანონიერად გადაწყვეტის წინაპირობას. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის ყოველგვარი ინტერესი დავის მიმართ ამოწურულია, მან მიაღწია იმ შედეგს, რომლის დადგომაც სურდა სარჩელის წარდგენით, შესაბამისად, აღმოფხვრილია მისი, როგორც მოდავე სუბიექტის ინტერესი და ეს გარემოება გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის მოსარჩელის მხრიდან წარდგენის შესაძლებლობას.

1.4. საკასაციო პალატა ხაზგასმით არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი კანონიერი ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული და მხარემ ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რამდენადაც კერძო საჩივრის ავტორი ვერც კი მიუთითებს, თუ რაში გამოიხატა მისი უფლებების დარღვევა. ამგვარ ვითარებაში პალატას უყალიბდება შინაგანი რწმენა იმისა, რომ სააპელაციო/კერძო საჩივრის წარდგენა მოსარჩელის მხრიდან ემსახურება არა კანონიერი მიზნის მიღწევას, არამედ _ პროცესის გაჭიანურებას, რაც დაუშვებელია და არ გამომდინარეობს უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპიდან.

1.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა/განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი და მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, კერძო საჩივარი კი, არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ა-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი