Facebook Twitter

საქმე №ა-2400-გან-6-2018 8 ივნისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ ვ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ქ-ი (ქოჯაოღლუ)

განმცხადებლის მოთხოვნა – უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინების განმარტება

დავის საგანი – არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თურქეთის რესპუბლიკის, ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ს-ს უფლება მიეცა, წაიყვანოს ბავშვი თავისთან და დაამყაროს პიროვნული ურთიერთობა:

ა) ყოველი თვის პირველ და მესამე შაბათ დღეს დილის 09:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე;

ბ) რელიგიური დღესასწაულების მეორე დღის დილის 10:00 საათიდან მესამე დღის საღამოს 17:00 საათამდე;

გ) სასწავლო პერიოდის სემესტრული არდადეგების პირველი კვირის შაბათ დილის 09:00 საათიდან მომდევნო პარასკევის 17:00 საათმდე, ასევე, ყოველწლიურად, პირველი ივლისს დილის 09:00 საათიდან 30 ივლისის საღამოს 17:00 საათამდე;

დ) წყვილ წლებში ბავშვის დაბადების დღეს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე;

ე) წყვილ წლებში 31 დეკემბერს 12:00 საათიდან მომდევნო დღეს _ პირველ იანვარს 12:00 საათამდე;

ვ) ყოველწლიურად, მამის დღეს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე.

ზ) გადაწყვეტილების თანახმად, მხარეს, რომელსაც მიეცა მეურვეობა, დაევალა, მეორე მხარეს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან; განათლებასთან (სემესტრული და სასწავლო წლის დასრულებისას, ბავშვის სწავლის მდგომარეობის შესახებ წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია ნიშნების ფურცლის ასლთან ერთად); ბავშვის საცხოვრებელი მისამართისა და მასთან დასაკავშირებელი ტელეფონის ნომრის შესახებ, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარისგან დამოუკიდებლად შეეძლება ბავშვს საუბარი. ამავე გადაწყვეტილებით განემარტათ მხარეებს, რომ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მეურვეობასთან და პიროვნულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია, მოხდეს მეურვეობისა და პიროვნული ურთიერთობის შეცვლა, ასევე, განისაზღვრა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ არასრულწლოვნის მეურვეობა მინიჭებული აქვს ა. ქ-ის.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ. ს-მა და აღნიშნა, რომ მას უფლება მიენიჭა, იქონიოს ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან თანაცხოვრებისას შეძენილ შვილთან _ ო. ს-თან, შესაბამისად, მხარემ მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით ვ. ს-ის შუამდგომლობა ა. ქ-ის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცა აღსასრულებლად თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც:

ა) ვ. ს-ს უფლება მიეცა, წაიყვანოს ბავშვი _ ო. ს-ი თავისთან და დაამყაროს პიროვნული ურთიერთობა:

ა.ა) სასწავლო პერიოდის სემესტრული არდადეგების პირველი კვირის შაბათ დილის 09:00 საათიდან მომდევნო პარასკევის 17:00 საათამდე;

ა.ბ) ყოველწლიურად, პირველ ივლისს დილის 09:00 საათიდან 30 ივლისის საღამოს 17:00 საათამდე;

ბ) მხარეს, რომელსაც მიეცა მეურვეობა, დაევალა, მეორე მხარეს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია:

ბ.ა) ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ საკითხებზე;

ბ.ბ) სემესტრული და სასწავლო წლის დასრულებისას ბავშვის განათლებასთან დაკავშირებით (სწავლის მდგომარეობის შესახებ) ნიშნების ფურცლის ასლთან ერთად;

ბ.გ) ბავშვის საცხოვრებელი მისამართისა და მასთან დასაკავშირებელი ტელეფონის ნომრის შესახებ, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარისგან დამოუკიდებლად შეეძლება ბავშვს საუბარი. დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

4. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ვ.ს-მა და მოითხოვა ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“, „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების განმარტება, კერძოდ, ხსენებული პუნქტებიდან გამომდინარე, ვ.ს-ს აქვს თუ არა უფლება, საკუთარი შვილის _ ო. ს-ის საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში საკუთარ საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლება, დედის _ ა.ქ-ის თანხმობის გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. განჩინების განმარტებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. დასახელებული ნორმა სამართლიანი სასამართლოს პრინციპის პრაქტიკულ რეალიზაციას წარმოადგენს და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, განმარტოს გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება სასამართლო აქტით დადასტურებული უფლების სწორი რეალიზაციის წინაპირობები. კონვენციური სამართლის თანახმად, აღსრულების უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებული იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 (§1) მუხლის გაგებით (იხ. Hornsby c. Grèce, 19 mars 1997, §40, Recueil 1997-II). მე-6 (§1) მუხლი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებული საჩივარი (იხ. Golder c. Royaume-Uni, 21 février 1975, §§ 28-36, série A no 18). სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ, no 40765/02).

1.2. განმცხადებელი მოითხოვს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტრიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას და იმის განსაზღვრას, მას აქვს თუ არა დედის თანხმობის გარეშე შვილის საკუთარ საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლება. საკასაციო პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“; „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად კი: ვ. ს-ს უფლება მიეცა, წაიყვანოს ბავშვი _ ო. ს-ი თავისთან და დაამყაროს პიროვნული ურთიერთობა: სასწავლო პერიოდის სემესტრული არდადეგების პირველი კვირის შაბათ დილის 09:00 საათიდან მომდევნო პარასკევის 17:00 საათამდე; ყოველწლიურად, პირველ ივლისს დილის 09:00 საათიდან 30 ივლისის საღამოს 17:00 საათამდე.

1.3. პალატა განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას გაამახვილებს განსამარტი განჩინების სამოტივაციო ნაწილზე, რომელიც მიღებული სამართლებრივი შედეგის ფუნდამენტია და მასში გადმოცემულია ყველა ის ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოება, რაც სასამართლოს შინაგან რწმენას დაედო საფუძვლად უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის შეფასებისას. ხსენებული განჩინების გამოტანისას საკასაციო სასამართლომ შეამოწმა რა თურქეთის რესპუბლიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, აღნიშნა შემდეგი: საკასაციო სასამართლო, ბუნებრივია, ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ხედავს იმაში, რომ მამამ იქონიოს ყოველდღიური ან დროის ხანმოკლე ინტერვალებით ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, რომელიც მასთან არ ცხოვრობს, ამგვარი მიდგომა, პალატის მოსაზრებით, ბავშვის ინტერესების შესაბამისიც კი არის, თუმცა, ... უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას საკასაციო პალატა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის გადასინჯვას ვერ განახორციელებს. როგორც საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეთა წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ შეიცვალა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლისა და შესაბამისად, თავად ო. ს-ის ძირითად საცხოვრებელ ადგილს ამჟამად საქართველო წარმოადგენს, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე განმარტებას მამა-შვილის ურთიერთობის იმ წესების თაობაზე, რომლებიც ხანმოკლე, ერთდღიან ურთიერთობას შეეხება, კერძოდ, იგი უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ შესაძლებელია ბავშვის ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანა. ამასთანავე, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოც ვერ განმარტავს გადაწყვეტილებას [თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება], ამ თვალსაზრისით მივიღებთ შემთხვევას, როდესაც მართლმსაჯულების აქტი პრაქტიკულად, აღუსრულებელი გახდება, ანუ სახეზე გვექნება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. გარდა აღნიშნულისა, პალატის მოსაზრებით, როდესაც საკითხი სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები). თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ცნობაზე უარი, ბუნებრივია, არ უკრძალავს მამას შესაძლებლობას, ინახულოს არასრულწლოვანი შვილი, აღნიშნულით არ შეიძლება დაირღვეს ბავშვის ოჯახთან გაერთიანების უფლება, რადგანაც, მშობლისა და შვილის ურთიერთობა სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაში ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმადაც: ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას, ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც _ ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი (ECHR, Judgement: Johansen v. Norway).

1.4. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ ვ. ს-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის, ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების თაობაზე არ დააკმაყოფილა იმ ნაწილში, რომლითაც განსაზღვრული იყო მამის საცხოვრებელ ადგილას ბავშვის წაყვანა დროის არარეალურად მცირე მონაკვეთში (რომლითაც განსაზღვრულია მისი უფლება, წაიყვანოს ბავშვი თავისთან და დაამყაროს პიროვნული ურთიერთობა: ა) ყოველი თვის პირველ და მესამე შაბათ დღეს დილის 09:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე; ბ) რელიგიური დღესასწაულების მეორე დღის დილის 10:00 საათიდან მესამე დღის საღამოს 17:00 საათამდე; გ) წყვილ წლებში ბავშვის დაბადების დღეს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე; დ) წყვილ წლებში 31 დეკემბერს 12:00 საათიდან მომდევნო დღეს _ პირველ იანვარს 12:00 საათამდე; ე) ყოველწლიურად, მამის დღეს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე).

1.5. ამდენად, საკასაციო სასამართლო ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ 2016 წლის 29 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი სრულიად ნათელია, სამოტივაციო ნაწილში გადმოცემული განმარტებების ანალიზიდან გამომდინარე სწორად ირკვევა ვ.ს-ის უფლებრივი მდგომარეობა და არ არსებობს რაიმე ბუნდოვანება, რაც განჩინების განმარტების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ს-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე