საქმე №ას-1334-2018 9 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შ. ა-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ა-ისა (შემდგომ – აპელანტი მოპასუხე) და ჯ. გ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ მოპასუხეებისათვის სახელმწიფოს სასარგებლოდ სოლიდარულად 17400 ლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით დადგინდა, რომ მოპასუხეებმა წინასწარი შეთანხმებით შეცდომაში შეიყვანეს სარეგისტრაციო სამსახური და მოტყუებით დაეუფლნენ უძრავ ქონებას. მათი ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 17400 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი. ამჟამად ყველა უძრავი ნივთი გასხვისებულია და მათი სახელმწიფოსათვის დაბრუნება შეუძლებელია. შესაბამისად, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს იმ პირების მიერ, რომელთა ქმედებითაც სახელმწიფოს მიადგა ქონებრივი ზიანი.
მოპასუხის პოზიცია:
3. აპელანტმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ქონების სარჩელში მითითებული ღირებულება გასხვისებისას ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეალურ ოდენობაზე არათანაზომიერად მეტია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 17400 ლარის ანაზღაურება, რაც აპელანტმა მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით აპელანტი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხე აპელანტს პირადად ჩაბარდა 2018 წლის 15 ივნისს (ს.ფ 375), სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების ჩაბარების მეორე დღიდან – 2018 წლის 16 ივნისიდან და ამოიწურა 2018 წლის 29 ივნისს. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით წარადგინა 2018 წლის 30 ივნისს, რითაც დაარღვია კანონმდებლობით დადგენილი ვადა.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
8. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყევტილება გაასაჩივრა კანონით დადგენილ ვადაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
11. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას აწესებს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
12. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი 2018 წლის 15 ივნისის აქტით დასტურდება, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა 2018 წლის 15 ივნისს (ს.ფ 379).
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს საწინააღმდეგოდ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ გარემოების გასაქარწყლებლად, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხე აპელანტს პირადად ჩაბარდა 2018 წლის 15 ივნისს (ს.ფ 375).
14. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
15. საკასაციო სასამარტლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან – 2018 წლის 16 ივნისიდან და ამოიწურა 2018 წლის 29 ივნისს. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით წარადგინა 2018 წლის 30 ივნისს (ს.ფ 399), კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე