საქმე №ას-1040-960-2017 30 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
კასატორი – ნ. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ-ია (მოსარჩელე)
კასატორი – ნ. დ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ტ-ძე, ქ. კ-ი, შპს „ა. ჯ.“, ლ. ა-ძე, ნ. მ-ი, რ. კ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის 568 000 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ნ. დ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით (მე-3, მე-4, მე-6, მე-7 პუნქტები) მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. დ-იას სარჩელი ნ. მ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა; ნ. დ-იას ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2 500 ლარის გადახდა; გ. ტ-აძესა და ქ. კ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 3 000 ლარის ოდენობით; ნ. დ-იას შპს „ა. ჯ.“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო სასამართლოში ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი ბაჟის _ 4 500 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2018 წლის 12 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.
3. საკასაციო პალატას 2018 წლის 26 ოქტომბერს განცხადებით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სადაც განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელში მოვალის, გ. ტ-აძის რეკვიზიტები არასწორადაა მითითებული.
4. საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ გ. ტ-აძის პირადი ნომერია „01019001860“.
5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილსა და სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია, როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე, ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტსა და ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.
7. ამასთანავე, რადგანაც საპროცესო კანონმდებლობა სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების შესაძლებლობას პირდაპირ არ ითვალისწინებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ანალოგიის წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე დაყრდნობით, რადგანაც, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
8. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტსა და ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე 2018 წლის 12 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გ. ტ-აძის პირადი ნომრის - „5....“ ნაცვლად უნდა მიეთითოს „0...“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 284-ე 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის №ას-1040-960-2017 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტსა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2018 წლის 12 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის №ას-1040-960-2017 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტსა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2018 წლის 12 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული გ. ტ-აძის პირადი ნომერი „5...“ გასწორდეს შემდეგნაირად: „0...“.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე