№ას-224-224-2018 18 მაისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ ზ.დ.ს.ი-ა.მ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ე.ზ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზაღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სსიპ დ.ს.ლ-ა.მ–ის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი ან მუზეუმი) დირექტორის 2011 წლის #21 ბრძანებით, ე.ზ. (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან დასაქმებული) 2011 წლის 16 მარტიდან დაინიშნა მუზეუმის ექსკურსიამძღოლის თანამდებობაზე.
2. მოსარჩელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 350 ლარს, შესაბამისად, მას შრომის წლიური ანაზღაურების სახით - 4200 ლარი უნდა მიეღო (იხ. ს.ფ. 31).
3. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ხელშეკრულება უვადოდ არის დადებული.
4. 2015-2016 წლების საშტატო განრიგის მიხედვთ, ხელფასის წლიური ფონდის ჩვენებით, საწარმოში არსებობდა 41 შტატი, (მათ შორის ექსკურსიამძღოლის 6 შტატი) მათი შრომის წლიური ანაზღაურება შეადგენდა 190 440 ლარს (იხ. ს.ფ. 31).
5. 2016 წლის 19 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დამსაქმებელ ორგანიზაციას სახელმწიფო ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო შემოსავლების კვარტალური გაწერა მოსთხოვა. კვარტალური განაწილების თანახმად, მოპასუხის საბიუჯეტო ასიგნება 180 000 ლარით განისაზღვრა, აქედან, 176 000 ლარი გათვალისწინებული იყო შრომის ანაზღაურებისათვის. გარდა ამისა, ორგანიზაციის წლიური არასაბიუჯეტო შემოსავალი 91 000 ლარით განისაზღვრა.
6. 2017 წლისათვის მუზეუმის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხა შემცირდა 31-მდე (მათ შორის ერთი ექსკურსიამძღოლით), მათთვის განკუთვნილი წლიური შრომის ანაზღაურება 155 340 ლარით განისაზღვრა, აღნიშნულის შესაბამისად, მოპასუხის მიერ განსაზღვრული წლიური შრომის ანაზღაურება, სახელმწიფოს მიერ ამ მიზნით გამოყოფილ თანხაზე 20660 ლარით ნაკლებია.
7. ასიგნებით გათვალისწინებული თანხის გარდა, მუზეუმის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 91 000 ლარის არასაბიუჯეტო შემოსავლები. ამ შემოსავლიდან 30 000 ლარი კი, გათვალისწინებული იყო შრომის ანაზღაურებისათვის, 2017 წლის საბიუჯეტო ასიგნებისა და არასაბიუჯეტო შემოსავლის ჩათვლით შრომის ანაზღაურებისათვის გამოყოფილი იყო 206 000 ლარი, რაც რეორგანიზაციამდე არსებულ სახელფასო ფონდს, 190 440 ლარს, აღემატებოდა. აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მუზეუმში ჩატარებული რეორგანიზაციის უპირობო შედეგი არ ყოფილა.
8. მუზეუმის დირექტორის 2017 წლის 1 თებერვლის #16 ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება), 2017 წლის 1 თებერვლიდან საწარმოს რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა ორი თვის კომპენსაცია.
9. 2017 წლის 10 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
9.1. მოსარჩელის მტკიცებით, დამსაქმებელმა იგი გაათავისუფლა უკანონოდ, პირადი შეხედულებითა და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე.
10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა რეორგანიზაციისა და ფინანსების შემცირების გამო. მოპასუხის მტკიცებით, შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა გამოცდილ ექსკურსიამძღოლებთან, რომელთაც შეეძლოთ ერთმანეთის ჩანაცვლება არასამუშაო პერიოდშიც.
11. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ-ის) მე-2, 32-ე, 37-2, 38-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) მე-4, 102-ე, და 103-ე მუხლები.
11.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადაგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგინდა, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა. ამდენად, სასამართლოს სადავოდ ქცეული ბრძანების კანონიერება უნდა შეემოწმებინა შრომის კოდექსის საფუძველზე.
11.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად, მოპასუხეს ბრძანებაში მითითებული ჰქონდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე - ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
11.3. სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გაიზიარა მოსაზრება, რომ უფლებამოსილების განხორციელებისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ამ უფლების რეალიზაციისათვის შესაბამისი, მართლზომიერი საფუძველი. საკითხი იმის შესახებ, თუ რა უნდა მიჩნეულიყო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერ საფუძვლად, უნდა შეფასებულიყო ცალკეულ შემთხვევაში, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
11.4. სასამართლომ დადაგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბრძანების ფაქტობრივი საფუძველი გახდა სწორედ ორგანიზაციული ცვლილებები. აღნიშნული ბრძანების მიღებასა და მოსარჩელესთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას წინ უძღვოდა მუზეუმის წლიური საბიუჯეტო დაფინანსების შემცირება, რის შედეგადაც საშტატო ნუსხა შემცირდა. ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელი, ნების ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე, შეზღუდული არ იყო სადავო ბრძანების გამოცემაში.
11.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია, არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის ეს დათქმები მოპასუხეს შესრულებული ჰქონდა.
11.6. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნისას მოპასუხეს კანონი არ დაურღვევია. იძულებითი განაცდურის (მიუღებელი ხელფასის) ანაზღაურების მოთხოვნა პირდაპირ უკავშირდებოდა პირის სამუშაოზე აღდგენას, განსახილველ შემთხვევაში კი, იძულებით მოცდენა დამსაქმებლის ბრალით არ იყო გამოწვეული.
11.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის ფაქტის მტკიცების ტვირთი აწევდა იმ მხარეს, რომელიც მიუთითებდა მასზე. ამიტომ განსახილველ დავაში დისკრიმინაციული ფაქტი მოსარჩელეს სარწმუნოდ უნდა დაედასტურებინა, თუმცა მან ვერ უზრუნველყო დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების არამართლზომიერებისა და, შესაბამისად, მის მიმართ დისკრიმინაციის არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთის რეალიზება.
11.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა დამსაქმებლის მიერ გამოცემული სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
12.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზეც იგი აფუძნებდა თავის მოთხოვნას, ასევე განხილვისა და შეფასების გარეშე დატოვა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სადავოა, რამდენად იყო მუზეუმში განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებები მუზეუმის შეცვლილი ეკონომიკური პირობების შესაბამისი, ანუ იყო თუ არა მისი შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმება ობიექტური საჭიროებით ნაკარნახევი. მოპასუხის განმარტებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან 2016 წლის 19 დეკემბერს მიღებული #04/14-5391 წერილის საფუძველზე, მუზეუმის ყოველწლიური ბიუჯეტი შემცირდა 20 000 ლარით, თუმცა ამ წერილში მოცემული ფაქტი პირდაპირ არ არის მითითებული. მუზეუმის 2016 წლის საშტატო ნუსხით წლიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 190 440 ლარს. 2017 წლის საშტატო ნუსხის თანახმად კი, წლიური შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 155 340 ლარი. თანხებს შორის სხვაობა 35 100 ლარია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მუზეუმის ორგანიზაციული ცვლილებების მასშტაბი აღემატებოდა შეცვლილი ეკონომიკური პირობებით ნაკარნახევ აუცილებლობას.
12.2. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მსჯელობის მიღმა დარჩა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებისა და 2017 წლის არასაბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების კვარტალური განაწილების დოკუმენტიც. რომლის თანახმად, საბიუჯეტო ასიგნებიდან გამოყოფილი თანხიდან შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებულია 176 000 ლარი, არასაბიუჯეტო ასიგნება კი, შრომის ანაზღაურებისათვის ითვალისწინებს 30 000 ლარს. ჯამში აღნიშნული თანხა შეადგენს 206 000 ლარს, მუზეუმის 2017 წლის საშტატო ნუსხით წლიური შრომის ანაზღაურება 155 340 ლარია. აღნიშნული ეკონომიკური გარემოება შესაბამისად არ არის ასახული მუზეუმის 2017 წლის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ასიგნებების დოკუმენტში, რომელშიც შრომის ანაზღაურებისათვის გამოყოფილი თანხა, ბევრად აღემატება საშტატო ნუსხის საფუძველზე რეალურად გაცემულ წლიურ შრომის ანაზღაურებას. აღნიშნული ეჭვს აჩენს მუზეუმის ორგანიზაციული ცვლილებების მიმართ, რომლის განხორციელების აუცილებლობაც მოცემული დოკუმენტაციის საფუძველზე არ საბუთდება.
12.3. მუზეუმში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდა შტატით გათვალისწინებული 3 თანამდებობა. დამატებით შეიქმნა ორი შტატი. ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში სამი შტატის თანამდებობრივი სარგო გაიზარდა, აღნიშნული გარემოებებიც ეჭვქვეშ აყენებს განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების მიზანშეწონილობას.
12.4. მოსარჩელის/აპელანტის გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩნენ და დარჩნენ სხვა თანამშრომლები აღნიშნულ თანამდებობაზე, რაც აჩენს ეჭვს, რომ მოსარჩელის მიმართ მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი და არაგონივრული გადაწყვეტილება.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა;
1.1. ბათილად იქნა ცნობილი მუზეუმის დირექტორის 2017 წლის 1 თებერვლის ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ;
1.2. მოსარჩელე აღდგენილ იქნა მუზეუმის ექსკურსიამძღოლის თანამდებობაზე;
1.3. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, 350 ლარის გადახდა დაეკისრა, 2017 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
1.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 250 ლარის გადახდა;
13.1. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა მიმდევრობით გრძელდებოდა 30 თვეზე მეტ ხანს და, ამასთან, 2013 წლის 4 ივლისის შემდეგაც გაგრძელდა ორ წელზე მეტი ვადით, შესაბამისად, მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება უვადოდ დაიდო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილება აპელანტთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ბათილი იყო.
13.2. სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა - მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან არამართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. პალატის აზრით, დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა, რომ აპელანტთან შრომითი ურთიერთობის მოშლა ორგანიზაციული ცვლილებების გარდაუვალი შედეგი იყო.
13.3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კვარტალური განაწილების თანახმად, მოპასუხის საბიუჯეტო ასიგნება 180 000 ლარით განისაზღვრა, აქედან, 176 000 ლარი, გათვალისწინებული იყო შრომის ანაზღაურებისათვის. გარდა ამისა, ორგანიზაციის წლიური არასაბიუჯეტო შემოსავალი განისაზღვრა 91 000 ლარით, შესაბამისად, 2017 წლის საბიუჯეტო ასიგნებისა და არასაბიუჯეტო შემოსავლის ჩათვლით შრომის ანაზღაურებისათვის გამოყოფილი იყო 206 000 ლარი, რაც რეორგანიზაციამდე არსებულ სახელფასო ფონდს, 190 440 ლარს, აღემატებოდა კიდეც. ამდენად, შრომის ანაზღაურებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა აპელანტისათვის ხელფასის გადასახდელად სავსებით საკმარისი იყო.
13.4. პალატამ მიუთითა, რომ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლომ, პირველ ყოვლისა, უნდა შეამოწმოს დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობა. აპელანტის სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის თაობაზე კი, მოპასუხეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია. შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაწილში, საფუძვლიანი იყო.
13.5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული მოპყრობა, რადგან ამისი დამადასტურებელი ფაქტები აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
14. კასატორმა აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემდეგი საფუძვლებით:
14.1. კასატორის მტკიცებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 19.12.2016 წლის #04/14/-5391 მიმართვით მუზეუმს ბიუჯეტი 20 000 ლარით შეუცირდა და გახდა 180 000 ლარი, ეს მაშინ, როცა წინა წლებში მხოლოდ სახელფასო ბიუჯეტი საშტატო თანამშრომლებისათვის შეადგენდა 190 440 ლარს. მუზეუმის დირექტორმა სამინისტროს წარუდგინა თანხების კვარტალური განაწილება, სადაც სახელფასო ანაზღაურებაში მითითებული ჰქონდა 175 000 ლარი, სამი საშტატო თანამშრომლის შემცირებით (ბიბლიოთეკარის ორი შტატიდან დარჩა ერთი; გაუქმდა ერთი ფონდი და მისი მცველის შტატი; შვიდი ექსკურსიამძღოლის შტატიდან გაუქმდა ერთი შტატი), თუმცა სამინისტრო დაეთანხმა 155 340 ლარამდე შემცირებულ საშტატო განრიგს და დამხმარე თანამშრომლები შტატგარეშედ, გადავიდნენ. დირექტორმა მუზეუმში ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში, ექსკურსიამძღოლის ექვსი საშტატო ერთეულიდან გააუქმა ერთი საშტატო ერთეული და მოსარჩელე გაათავისუფლა თანამდებობიდან. გათვალისწინებულ იქნა ის გარემოება, რომ მას მუშაობის ნაკლები გამოცდილება ჰქონდა მითითებულ თანამდებობაზე, ამასთან, მოსარჩელე დასაქმებული იყო სხვა სამუშაოზეც და დამატებითი შემოსავალი ჰქონდა, ანალოგიურ თანამდებობაზე დასაქმებულ სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით. მოსარჩელე უარს აცხადებდა დამატებითი ანაზღაურების პირობით დამატებით საათებში ან დასვენების დღეებში მუშაობაზე, შვებულებაში მყოფი თანამშრომლებისათვის განსაზღვრულ სამუშაო საათებში მუშაობაზეც, რაც ზიანს აყენებდა მუზეუმს. შესაბამისად, მოსარჩელე კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გათავისუფლდა სამსახურიდან და მიეცა ორი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია. მუშაობის პერიოდში მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა არ გამოვლინდა, იღებდა ხელფასსა და დანამატსაც, როგორც ყველა თანამშრომელი. საინტერესოა, კიდევ რა აუცილებლობა შეიძლება არსებობდეს იმაზე მეტი ვიდრე მძიმე ეკონომიკური გარემოებაა, რამაც გამოიწვია ორგანიზაციული ცვლილებები. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული, 2017 წლის დასაწყისში წარდგენილი კვარტალური განაწილების გეგმის საკუთარი სახსრებიდან ხელფასის ანაზღაურების გრაფაში აღნიშნული 30 000 ლარი, ის თანხაა, რომელიც წინა წლის გამოცდილებით მუზეუმს დამატებითი შემოსავლის სახით, სავარაუდოდ, უნდა მიეღო და რომლის მიღების შემთხვევაში დანამატების, წახალისების, პრემიებისა და ერთჯერადი მომსახურეობის სახით შეიძლება გაცემულიყო და არა წლიურ ხელფასად. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ არასაბიუჯეტო ასიგნაციებს, რომელიც წინა წლების მაგალითზე დაყრდნობით 91 000 ლარს შეადგენს, ეს ციფრი 2017 წლის დასაწყისში რეალურად არ არსებობდა და არასაბიუჯეტო ასიგნაცია მუზეუმის წინა წლის შემოსავლის ანალოგიითაა გამოანგარიშებული. ბიუჯეტის შემცირება კი, ხარჯების ოპტიმიზაციას იწვევს. სასამართლო სხდომაზე დეტალურად იქნა ახსნილი, თუ როგორ ისტუმრებს მუზეუმი ხარჯებს (კომუნალური თუ სხვა მრავალი) უმეტეს წილად, მხოლოდ დამატებითი შემოსავლიდან. სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ, თითქოს, სახელფასო ფონდი 17600 ყოფილიყო, მაშინ როდესაც დამტკიცებული საშტატო განრიგიდან აშკარად ჩანს, რომ ის 155 340 ლარს შეადგენს. ამდენად, მოპასუხის მხრიდან მტკიცების ტვირთი ზუსტად განისაზღვრა და წარდგენილ იქნა ყველა მტკიცებულება სადავო ბრძანების კანონიერებასთან მიმართებით.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორს მათ წინააღმდეგ დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილულია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.
22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთი სწორად გადანაწილდა მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც შრომითსამართლებრივი ურთიერთობისათვისაა დამახასიათებელი. განსახილველ დავაში დაცულია კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას.
23. შტატების შემცირება, მოცემულ შემთხვევაში, უკავშირდება მუზეუმის ბიუჯეტის შემცირებას. სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, რომ საწარმოს ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, სახელფასო ფონდში გათვალისწინებული თანხები არ იწვევდა შტატების შემცირების აუცილებლობას, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელფასო ფონდისთვის გამოყოფილი თანხა და თავად საწარმოს არასაბიუჯეტო შემოსავლების სახელფასო ფონდი, ჯამში უფრო მეტი იყო იმ თანხაზე, რომელიც მოპასუხემ წინა წელს ხელფასების სახით გასცა. აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია.
24. საკასაციო სასამართლომ დამატებით განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. ადმინისტრაციის მიერ ამგვარი ნების გამოვლენას, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არსებობს იგი (აქტი, ბრძანება, გარიგება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსი (საჯარო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგობა) ბათილად მიიჩნევს და მას იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს.
25. მოცემულ შემთხვევაში, მუზეუმში ჩატარებული რეორგანიზაციული ცვლილებების აუცილებლობას კასატორი უკავშირებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 19.12.2016 წლის #04/14/-5391 წერილს, რომლის საფუძველზეც მუზეუმს ბიუჯეტი 20 000 ლარით შეუცირდა და გახდა 180 000 ლარი, რამაც გამოიწვია რეორგანიზაციის განხორციელების და შტატების შემცირების აუცილებლობა.
26. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს შემდეგს:
26.1 აღნიშნული წერილი არ შეიცავს მოთხოვნას მუზეუმის საშტატო ერთეულის შემცირებაზე. შესაბამისად, რეორგანიზაციის საფუძველი და მიზანი ბუნდოვანი და სამართლებრივად დაუსაბუთებელია. მოპასუხეს არ მიუღია ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ და საშტატო ერთეულების შემცირება აისახა მხოლოდ მუზეუმის 2017 წლის საშტატო ნუსხაში. ამდენად, არც რეორგანიზაცია და არც ობიექტური რეალური საჭიროება არსებობდა, რაც აუცილებელს გახდიდა და გაამართლებდა მოსარჩელის შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმებას და მის სამუშაოდან დათხოვნას. შრომითი ურთიერთობის სფეროში მტკიცების დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია კონკრეტული დასაბუთება, რომ ის წინაპირობები, რაც უძღოდა შტატების შემცირებას, თავისი შინაარსით რატომ აძლევდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოშლის უფლებამოსილებას. პირიქით, მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ დამსაქმებლის მიერ მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები შინაარსობრივად არ გულისხმობდა რეორგანიზაციას და დამსაქმებელი არ დამდგარა შტატების შემცირებისა და თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. შესაბამისად, არ დასტურდებოდა მოსარჩელის საშტატო ერთეულის შემცირებისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერი საფუძველი. იმავდროულად, დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხე ორგანიზაციაში ექსკურსიამძღოლია, დასაქმებულია 2011 წლიდან. ამ ხნის მანძილზე მის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევა, თანამდებობისთვის შეუფერებლობა, არასაკმარისი კვალიფიკაცია, ფუნქციების განახლების ან საწარმოს მოთხოვნილებების გაზრდის ფაქტი, რის გამოც, მოსარჩელე ვერ დააკმაყოფილებდა დაწესებულ მოთხოვნებს (არაკომპეტენტურობა), საქმის მასალებით, არ დასტურდება. ამ წინაპირობების არსებობისას კი, თუნდაც ყოფილიყო შტატების შემცირების აუცილებლობა, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება მართლზომიერად ვერ ჩაითვლებოდა, ვინაიდან დამსაქმებელი ვალდებული იყო, ინდივიდუალურად შეეფასებინა დასაქმებულის სასარგებლო გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
26.2. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა არჩევანისას უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენაჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა. (იხ. სუსგ № ას-941-891-2015, 29.01.2016 წ.; შდრ. საქმე # 1124-1080-2016, 10.03.2017წ.).
27. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ისიცაა, რომ სააპელაციო სასამართლომ ანალოგიური საქმის პრეცედენტის განსახილველად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ორ გადაწყვეტილებაზე - #ას-1056-996-2015 და #ას-761-720-2017. აქედან ერთ-ერთი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე უარყოფილ იქნა, ხოლო მეორე გადაწყვეტილება საერთოდ ვერ მოიძიეს.
27.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებებზე მიუთითა მხოლოდ მტკიცების ტვირთის განაწილების თვალსაზრისით და არა რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების უკანონობის დასაბუთებისათვის. რეორგანიზაციის მართლზომიერების დასაბუთება დამსაქმებლის ვალდებულებაა (იხ. სუსგ #ას-1189-1109-2017; 10.01.2017წ; #ას-194-185-2016; 29.07.2016წ; #ას-13-12-2017; 15.05.2017წ;). განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის მართებულობა და, შესაბამისად, შტატების შემცირების აუცილებლობა.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
29. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ზ.დ.ს.ი-ა.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი