Facebook Twitter

№ას-711-711-2018 27 სექტემბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ი.ნ.

მოწინააღმდეგე მხარე – (მოპასუხე) შპს „ბ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.ნ–ამ (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ სააღსრულებო ფურცელში აღსრულების წესის განსაზღვრის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით სარჩელი უარყოფილ ქნა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის, 1200 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

4.1. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2018 წლის 20 აპრილს, აპელანტმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო, მოითხოვა მისი გადავადება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, ხოლო დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით, მოპასუხის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის, გამო დარჩა განუხილველად.

4.3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, დავალებული ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა. აპელანტმა სასამართლოში წარმოადგინა მხოლოდ განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ამდენად მან ვერ შეძლო დადგენილი ხარვეზის სრულად შევსება.

4.4 სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 368.7 მუხლის იმპერატიული დანაწესით, რომლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება, გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის ასეთი თხოვნით არ მიუმართავს, რის გამოც, სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა. შესაბამისად, სსსკ-ის 368.5 მუხლის თანახმად, სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

5.1. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2018 წლის 20 აპრილს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მიუხედავად იმისა, რომ განცხადებას ერთვოდა უტყუარი მტკიცებულებები მძიმე ფინანსური ვითარების დასადასტურებლად და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასამტკიცებლად, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

5.2. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო საჩივარში მითითებულია საჩივრის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები. მხოლოდ არსებითი შეფასების შემდეგ შეიძლება დასკვნის გამოტანა საფუძვლიანია თუ არა სააპელაციო საჩივარი და რა დამატებითი ახსნა-განმარტება შეიძლება იქნეს წარმოდგენილი. სააპელაციო სასამართლომ ფორმალისტურად განიხილა საქმე, რამაც დაარღვია სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

9. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის.

10. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის არასწორად თქმისა და მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ საპროცესო მოვალეობების შეუსრულებლობა, არსებული საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, იმ მხარის მიმართ იწვევს ნეგატიურ შედეგებს, რომელსაც ეკისრებოდა შესრულება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ფორმალური თვალსაზრისით და ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოს დასკვნებს მის კანონთან შეუსაბამობის თაობაზე (სსსკ-ის 368-ე მუხლი), ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია, რომ მან წარადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, უსაფუძვლოა, ვინაიდან, საჩივრის ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებთან მიმართებით თავადვე უთითებდა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის დამატებით წარდგენის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით აღიარებული შეჯიბრებითობის პრინციპის კერძო გამოხატულებას წარმოადგენს ისიც, რომ სასამართლო სამოქალაქო საქმის განხილვისას ხელმღვანელობს მხოლოდ მხარის შედავებით და ამ შედავების საფუძვლიანობის კვლევით ადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობას. სასამართლოს როლი, საპროცესო სამართლის ნორმის დარღვევის საკითხის შემოწმებისას, შეზღუდულია მხოლოდ მხარის მითითებით და, თუნდაც დაადგინოს ამა თუ იმ დარღვევის არსებობა, არ შეუძლია, საკუთარი ინიციატივით მოძიებული გადაცდომა დაუდოს საფუძვლად გადაწყვეტილების გაუქმებას. იმ პირობებში, როდესაც მხარე რეალურად არ გამოთქვამს პრეტენზიას გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან სამართლებრივი უსწორობის თაობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლო არ იქნებოდა უფლებამოსილი, განეხილა საქმე.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება, გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა სასამართლოში მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ წარადგინა განცხადება, რომელიც მსგავს თხოვნას არ შეიცავდა, შესაბამისად, ხარვეზი სრულყოფილად არ შეუვსია, სააპელაციო პალატა საკუთარი ინიციატივით კი, ვერ იმსჯელებდა საპროცესო ვადის გაგრძელების საკითხზე, ამ ვითარებაში, მან სწორად იხელმძღვანელა ამავე ნორმის მე-5 ნაწილით.

12. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე (1) მუხლით, ისე _ „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონისმიერ მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, პალატის განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.

13. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. ამ განჩინების წინააღმდეგ კი, კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად (შდრ. სუსგ: №ას-501-469-2017; 2017 წლის 23 ივნისის განჩინება).

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ნ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი