Facebook Twitter

№ას-769-769-2018 27 სექტემბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ლ.კ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „პ.ფ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „პ.ფ–იმ“ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.კ–ას (შემდეგში - მოპასუხე საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ქალაქ თბილისში, ..... მდებარე ბინა #20-ის (მიწის, უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი #......) გამოთხოვის მოთხოვნით.

2. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 14 დეკემბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

3. 2018 წლის 22 იანვარს მოპასუხემ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით. საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

5. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. გასაჩივრებული განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, რომლითაც სრულყოფილად განიმარტა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრების წესი და ვადა, მოპასუხის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2018 წლის 10 აპრილს (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 100).

6.2. მოპასუხისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 11 აპრილიდან და ამოიწურა ამავე წლის 24 აპრილს. სააპელაციო საჩივარი სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრირებულია 2018 წლის 2 მაისს ( ს.ფ. 105).

7. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია სსსკ-ის 369-ე და 2591 მუხლებით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

8.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში დაშვებული იყო უსწორობა, კერძოდ, 2018 წლის 7 თებერვლის ნაცვლად, მითითებული იყო 2017 წლის 7 თებერვალი. უსწორობის გასწორების შესახებ მიღებული განჩინება, ჩაიბარა 2018 წლის 20 აპრილს და 2018 წლის 1 მაისს წარადგინა სააპელაციო საჩივარი, ამდენად, მას ვადა არ დაურღვევია. რაც შეეხება მის წარმომადგენელს, მას განჩინების ასლი პირველად 2018 წლის 16 მარტს გადაეცა, იმავე წლის 10 აპრილს კი, კვლავ უსწორო განჩინება ჩააბარეს. ამდენად, მხოლოდ უსწორობის გასწორების თაობაზე მიღებული განჩინების ჩაბარების შემდეგ შეძლო სააპელაციო საჩივრის წარდგენა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

12. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით წარადგინა. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მისი მხრიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ დარღვეულა, ვინაიდან, მხოლოდ სასამართლოს მიერ უსწორობის გასწორების თაობაზე მიღებული განჩინების ჩაბარების შემდეგ შეძლო სააპელაციო საჩივრის წარდგენა.

13. სსსკ-ის 240.3 მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით.

14. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

15. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

16. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე.

18. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).

19. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა გასაჩივრებული განჩინება 2018 წლის 16 მარტს ჩაიბარა (იხ. ხელწერილი ს.ფ. 91). შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა, 2018 წლის 17 მარტიდან დაიწყო და იმავე წლის 30 მარტს ამოიწურა. საქმის მასალებითვე დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს გასაჩივრებული განჩინების ასლი განმეორებით, 2018 წლის 10 აპრილს გადაეცა, თუმცა გასაჩივრების ვადა მოცემული თარიღიდანაც რომ აითვალოს, სააპელაციო საჩივარი მაინც ვადის დარღვევითაა წარდგენილი, რადგან ამ შემთხვევაშიც ვადა 2018 წლის 24 აპრილს ამოიწურა. საქმის მასალებით კი, ირკვევა, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2018 წლის 2 მაისს, წარადგინა (იხ. ს.ფ. 105). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.

20. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტიც, რომელიც სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენას უკავშირებს გასაჩივრებულ განჩინებაში დაშვებულ უსწორობას და ამ უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარების თარიღს.

21. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რაც არაფრით უკავშირდება საპელაციო საჩივრის წარდგენის ვადას. აღნიშნული გარემოება არ შეიძლება, გახდეს სასამართლო გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაუბარებლობად მიჩნევისა და სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადის სხვაგვარად ათვლის საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ზღუდავს პროცესის მონაწილე მხარეს, მოითხოვოს გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გასწორება მათი აღმოჩენისთანავე. შესაბამისად, არ შეიძლება გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომის გასწორებამ და შესწორებული გადაწყვეტილების მხარისთვის გადაცემამ გავლენა მოახდინოს იმავე გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილ წესზე.

22. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება, #ას-1424-1344-2017, 2018 წლის 16 იანვრის განჩინება).

23. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას უკავშირდება, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ, სააპელაციო საჩივარის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენით, თავად არ ისარგებლა სასამართლო განხილვის უფლებით, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მისი ეს უფლება არ შეზღუდულა.

24. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.კ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი