Facebook Twitter

№ას-1020-2018 27 სექტემბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – გ.შ.; ნ.კ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ტ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ტ–მა“ (შემდგომში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.შ–ას (შემდგომში - პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), უ.ვ–ძისა (შემდგომში - მეორე მოპასუხე) და ნ.კ–ას (შემდგომში - მესამე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით:

2.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2.2. მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2014 წლის 7 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის, 9535,39 ლარის, პროცენტის - 581,38 ლარისა და პირგასამტეხლოს - 1600 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ.

2.3. სარჩელი, 2014 წლის 20 მარტიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს, ძირითადი თანხის 0.1%-ის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე უარყოფილ იქნა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა და მესამე მოპასუხეებმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განჩინებით, აპელანტებს, სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ, დაევალათ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

4.2. აღნიშნული განჩინება აპელანტებს კანონით დადაგენილი წესით ჩაჰბარდათ 2018 წლის 28 მაისს (იხ. ს.ფ. 123-124)

4.3. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 29 მაისს დაიწყო და იმავე წლის 4 ივნისს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსთვის.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, არ არიან დასაქმებული, ამდენად, სიდუხჭირის გამო, ვერ მოახერხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ მოკლე ვადაში თანხის შეგროვება. ამჟამად მზად არიან, გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

9. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მოპასუხეთა მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.

10. კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან, უსასხსრობის გამო, ვერ შეძლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორების განმარტება, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა ფინანსური პრობლემებით იყო განპირობებული, დაუსაბუთებელია, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით არ მოუთხოვიათ და ამ მიმართებით რაიმე მტკიცებულება არც წარუდგენიათ. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად დაუდგინა ხარვეზი სააპელაციო საჩივარს და აპელანტებს მისცა ვადა მისი გამოსწორებისათვის. კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავთ სასამართლოსთვის, რის გამოც სასამართლო, საკუთარი ინიციატივით კერძო საჩივარში მითითებულ მხარის ქონებრივ ვითარებას ვერ გამოიკვლევდა.

11. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ 2018 წლის 21 მაისის განჩინება პირველ მოსარჩელეს/აპელანტს ჩაჰბარდა როგორც პირადად, ასევე -მეუღლისთვის/მესამე მოსარჩელისათვის/აპელანტისათვის გადასაცემად 2018 წლის 28 მაისს (იხ. ს.ფ. 123-124), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 29 მაისს დაიწყო და იმავე წლის 4 ივნისს დასრულდა, თუმცა აღნიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით, არ მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსთვის.

12. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

13. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავთ სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.შ–ასა და ნ.კ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი