Facebook Twitter

¹ბს-1120-133-კს-03 9 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

ი. ლეგაშვილი

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 17 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელე გ. ჩ-ემ და მოითხოვა “გ. ჩ-ის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 14 ნოემბრის ¹564 ბრძანებულების ბათილად ცნობა. სასარჩელო განცხადებით გ. ჩ-ემ ასევე ითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული ბრძანებულების მოქმედების შეჩერება.

ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2003წ. 17 ნოემბრის განჩინებით სარჩელი მიიღო წარმოებაში და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში მიუთითა, რომ გასაჩივრებული ბრძანებულება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეჩერებულია საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ი. კ-ემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 17 ნოემბრის განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება შეეჩერებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, ვინაიდან, აღნიშნული 29-ე მუხლი და მთლიანად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შეჩერების მექანიზმსა და შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მითითებული 29-ე მუხლით შეიძლება ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტში მოცემული დეფინიციის მიხედვით წარმოადგენს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-11, მე-12 მუხლების მიხედვით არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს იმ გარემოებასაც, რომ სარჩელის არდაკმაყოფილების შემთხვევაში პარლამენტის წევრად არჩეული აღმოჩნდება უცხო ქვეყნის მოქალაქე, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსით დაუშვებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, ი. კ-ის, კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატას.

სამოტავიციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივრის საფუძვლებსა, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას ადგილი არა აქვს კანონის არასწორ გამოყენებასა და მის მცდარ განმარტება, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას. ამდენად, აღნიშნული მუხლის დებულებები განსაზღვრავენ ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების ავტომატურ რეჟიმს, რაც გამორიცხავს სასამართლოს ნებელობის პრინციპს. ყველა ის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც თავისი შინაარსით არ შეესაბამება ამავე მუხლის მე-2 ნაწილს, კანონის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე მოკლებულია უნარს, წარმოშვას სამართლებრივი შედეგი.

რაც შეეხება ,,გ. ჩ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან მითითებული აქტი მართებულადაა მიჩნეული ადმინისტრაციულ აქტად. მართალია, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, მაგრამ ზემოღნიშნული კანონის შემდეგ მიღებულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელმაც კანონმდებლობაში ,,სამართლებრივი აქტის” ფაქტობრივად ახლებური გაგება შემოიტანა. ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად მოიაზრება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, ხოლო ადმინისტრაციულ აქტად – ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდულურ სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. გასაჩივრებული ბრძანებულება უშუალოდ შეეხება მხოლოდ ერთი პირის - გ. ჩ-ის ინტერესებს, აღნიშნული არ ადგენს ქცევის ზოგად წესს და არ შეეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, რის გამოც, მითითებული ბრძანებულება განეკუთვნება ადმინიტრაციულ აქტს, რომლის მოქმედების შეჩერების სავალდებულობასაც, როგორც აღვნიშნეთ, ადგენს თავადვე კანონი.

ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ი. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 17 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.