Facebook Twitter

№ას-1120-1076-2016 31 მარტი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (პირველი მოსარჩელე) – ზ.ტ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ტ–ძე (მეორე მოსარჩელე), ბ.ტ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით:

2.1. ზ.ტ–ძის (შემდეგში - პირველი მოსარჩელე, მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი გ.ტ–ძის (შემდეგში მოპასუხე, მეორე მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით უარყოფილ იქნა;

2.2. მეორე მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა, ახალციხის რაიონში, სოფელ .... მდებარე უძრავი ნივთი (მიწის, უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი №.....) გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს;

2.3. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სახლთან მისასვლელი გზის (ლითონის კონსტრუქციის ხიდი) გათავისუფლება.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება და მეორე მოსარჩელის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

4. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 1232 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

4.2. 2016 წლის 11 ოქტომბერს აპელანტმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის დაახლოებით ერთი თვით გაგრძელება.

4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტს ამავე სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით გაუგრძელდა.

4.4. აღნიშნული განჩინება აპელანტს კანონით დადაგენილი წესით ჩაჰბარდა 2016 წლის 26 ოქტომბერს (იხ. ტ. 3. ს.ფ. 205).

4.5. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 27 ოქტომბერს დაიწყო და იმავე წლის 7 ნოემბერს (პირველსავე სამუშაო დღეს) ამოიწურა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადაგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა ის, რომ ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძოდ, არ გადახდილა სახელმწიფო ბაჟი, 160 ლარი. მისთვის გაუგებარია განჩინებაში მითითებული ამ ოდენობის თანხის შესახებ, რამდენადაც, ოჯახის ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ითხოვდა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას, ამ თანხას კი, როგორმე გადაიხდიდა. ასევე, ბუნდოვანი და გაურკვეველია ვინ არის განჩინებაში მითითებული აპელანტი თ.მ. და რითაა დაკავშირებული სააპელაციო საჩივართან.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

9. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.

10. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან იგი ბუნდოვანი და გაურკვეველია, კერძოდ, ამ განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიჩნეულია სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის გადაუხდელობა, მაშინ, როდესაც ხარვეზის განჩინებაში სახელმწიფო ბაჟის სხვა რაოდენობა იყო მითითებული. სწორედ ხარვეზის განჩინებაში მითითებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობიდან გამომდინარე ითხოვდა იგი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას; რომ სცონდოდა, რომ მხოლოდ 160 ლარი ჰქონდა გადასახდელი, როგორმე გადაიხდიდა.

11. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებული პრეტენზია დაუსაბუთებელია. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განხილვის საგანი იყო ორი სარჩელი. პირველი სარჩელის დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირვანდელი ვითარების აღდგენა, ხოლო მეორესი - უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და სახლთან მისასვლელი გზის გამოთავისუფლება. ეს ორი საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის განჩინებით (იხ. ტომი 3, ს.ფ. 17-19). ამავე სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, პირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ. ტომი 3, ს.ფ. 167-180). რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველმა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება და მეორე სარჩელის უარყოფა (იხ. ტომი 3, ს.ფ. 183-192). ამდენად, პირველმა მოსარჩელემ სრულად გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის განჩინებით სწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება და სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, პირველი სარჩელის ღირებულება 26 800 ლარი (სსსკ-ის 41.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი), ხოლო მეორესი - 4000 ლარია (სსსკ-ის 41.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი). აქედან გამომდინარე, პირველ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 1072 ლარი, ხოლო მეორეზე - 160 ლარია, რაც სულ 1232 ლარს შეადგენს (სსსკ-ის 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-40 მუხლი). სწორედ ამ ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაავალა ხარვეზის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ აპელანტს (იხ. ტომი 3, ს.ფ. 196-198). საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით კი, სასამართლომ ნათლად და გარკვევით განუმარტა აპელანტს, რომ პირველი განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადას უგრძელებდა 10 დღით (იხ. ტომი 3, ს.ფ. 202-203). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში 160 ლარის (როგორც ხარვეზის განჩინებით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის) მითითება წარმოადგენს სასამართლოს მიერ დაშვებულ მექანიკურ შეცდომას, რაც, სსსკ-ის 260-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომა) შესაბამისად, აღნიშნული განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების და არა მისი გაუქმების საფუძველს ქმნის. ზუსტად იგივე უნდა ითქვას გასაჩივრებულ განჩინებაში აპელანტად თ.მ–ის მითითების თაობაზეც, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც ეჭვგარეშეა, რომ ეს განჩინება გამოტანილია არა ამ პირის, არამედ პირველი მოსარჩელის მიმართ.

12. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მიუხედავად, აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ტ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი