საქმე №ას-902-2018 6 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „თ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. თ-ა, რ. ლ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „თ-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. თ-ასა და რ. ლ-ას (შემდგომში – მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა, 2013 წლის 21 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 3315.12 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა – 2275.84 ლარი, სარგებელი – 371.07 აშშ დოლარი და ჯარიმა – 668.21 აშშ დოლარი.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 21 იანვარს სს „ბ-ამ“ ზ. თ-ასთან (შემდგომში – მსესხებელი) გააფორმა 3000 აშშ დოლარის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
3. 2013 წლის 21 იანვარს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკსა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.
4. მსესხებელს 2013 წლის შემდეგ თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეუსრულებია.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხეებმა წარადგინეს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ბანკსა და მსესხებელს შორის 2013 წლის 21 იანვარს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის ვადაა 24 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 33%. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 18 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო პირველი 10 დღის ვადაგადაცილების განმავლობაში გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში – გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მსესხებლის სასესხო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა – მოპასუხეებთან.
10. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მსესხებელმა ბოლო გადახდა ბანკში განახორციელა 2013 წლის 18 ნოემბერს. მომდევნო თანხა უნდა გადაეხადა 2013 წლის 18 დეკემბერს, რაც მას არ შეუსრულებია. ანუ ბანკს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 18 დეკემბრიდან.
11. წინამდებარე სარჩელი სასამართლოში აღიძრა 2017 წლის 10 იანვარს. 2013 წლის 18 დეკემბრიდან 2017 წლის 10 იანვრამდე გასულია სამი წელი. ამდენად, დადგენილია, რომ მოპასუხემ სესხი მიიღო 2013 წელში. მან სესხი არ დაფარა. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2017 წლის 10 იანვარს. ვალდებულების დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია სამ წელზე მეტი დრო, რის გამოც სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულად ცნობის თაობაზე.
12. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მსესხებელი 2015 წლის 6 ივლისს გარდაიცვალა.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, 867-ე მუხლით და განმარტა, რომ ამ ურთიერთობის რეგულირებისას, ასევე, გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.
14. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მსესხებლის კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებობს მოსარჩელის წინაშე სასესხო დავალიანება, თუმცა წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
15. სსკ-ის 128-ე, 129-ე, 130-131-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.
16. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მსესხებელმა ბოლო გადახდა ბანკში აწარმოვა 2013 წლის 18 ნოემბერს. მომდევნო გადახდა მას უნდა განეხორციელებია 2013 წლის 18 დეკემბერს. მოპასუხემ 18 დეკემბერს გადასახადი აღარ გადაიხადა, ანუ ბანკს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 18 დეკემბრიდან. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 10 იანვარს. 2013 წლის 18 დეკემბრიდან 2017 წლის 10 იანვრამდე სამი წელი გასულია, რის გამოც სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
18. კასატორმა მიიჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტი და არ გაითვალისწინა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების პერიოდულად შესასრულებელი ხასიათი, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო ხელშეკრულების პირველი დარღვევიდან – 2013 წლის 18 დეკემბრიდან.
19. კასატორის მოსაზრებით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის გადახდის ვალდებულება ითვლება პერიოდულად შესასრულებლად და მის მიმართ მოქმედებს სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აუცილებელია, აღნიშნული მუხლის სწორი განმარტება და კონკრეტული სიტუაციის მიმართ შეფარდება. მსესხებელი ვალდებულია, ყოველთვიურად გადაიხადოს არა სესხის მთლიანი თანხა, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის კონკრეტული ნაწილი, რომელიც მოიცავს სესხის ძირითადი თანხის ნაწილს და მასზე დარიცხულ პროცენტს, სესხის სრულად დაფარვის ვალდებულება წარმოიშობა უკვე სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ.
20. ბანკსა და მსესხებელს შორის 2013 წლის 21 იანვარს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძველი გამომდინარეობს მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობიდან, რომლის შესაბამისად, მოვალეს ყოველთვიური გადახდით უნდა შეესრულებინა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულება. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნაზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება კრედიტორს წარმოეშობა გრაფიკით გათვალისწინებული თითოეული გადახდის ვადის დარღვევიდან სამი წლის ვადაში. შესაბამისად, სარჩელის შეტანიდან უკუსვლით 3 წელზე გაანგარიშებით 2014 წლის 20 იანვრიდან 2015 წლის 15 იანვრის ჩათვლით არსებული გრაფიკით გადასახდელი თანხის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა ვერ გავრცელდება.
21. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 15 იანვრამდე. მართალია, მსესხებელმა ბოლო გადახდა განახორციელა 2013 წლის 12 ნოემბერს, მაგრამ ბანკს არ გამოუყენებია სსკ-ის 873-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება. მითითებული ნორმა ითვალისწინებს კრედიტის გამცემის მიერ საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის შესაძლებლობას, თუკი კრედიტის მიმღები გადააცილებს ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას, მაგრამ ეს კრედიტის გამცემის უფლებაა და არა ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში ბანკმა ვადაზე ადრე არ შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა და სწორედ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ წარმოეშვა მსესხებლის მიმართ სესხის სრულად დაფარვის მოთხოვნის უფლება. ხანდაზმულობის ვადის ათვლაც სწორედ ამ დროიდან უნდა დაიწყოს. შესაბამისად, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 15 იანვარს და სწორედ ამ მომენტიდან წამოიშვა სესხის სრულად დაფარვის მოთხოვნის ვალდებულებაც.
22. აღნიშნული დასაბუთებაა მოცემული საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 23 თებერვლის №ას-1144-1090-2014 გადაწყვეტილებაში, რომელიც განმარტავს, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. შესაბამისად, თუ, მაგალითად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დადებულია ერთი წლის ვადით და გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად განსაზღვრული ოდენობებით, ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა თორმეტივე შესრულებისთვის ცალ-ცალკე აითვლება და შესაძლებელია ასეთ შემთხვევაში დადგეს მოთხოვნის არა სრულად, არამედ ნაწილობრივ ხანდაზმულობის საკითხი.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
24. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სრული მოცულობით ხანდაზმულად ცნობის ნაწილში და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
25. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკსა და მსესხებელს შორის 2013 წლის 21 იანვარს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის ვადაა 24 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 33%. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 18 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო პირველი 10 დღის ვადაგადაცილების განმავლობაში გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში – გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
26. მსესხებლის სასესხო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოპასუხეებთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
27. მსესხებელმა მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკით გათვალისწინებული 172,41 აშშ დოლარი ბანკში უკანასკნელად გადაიხადა 2013 წლის 18 ნოემბერს. მომდევნო თანხა უნდა გადაეხადა 2013 წლის 18 დეკემბერს, რაც მას არ შეუსრულებია.
28. განსახილველი სარჩელი სასამართლოში აღიძრა 2017 წლის 10 იანვარს.
29. 2015 წლის 6 ივლისს მსესხებელი გარდაიცვალა.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თავად იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში.
32. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე მხოლოდ ნაწილობრივაა ხანდაზმული.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007, გვ.63.).
34. სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
35. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
36. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
37. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-868-830-2014).
38. თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010).
39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე {სსკ-ის 144.1-ე მუხლი}.
40. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
41. განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა {სსკ-ის 873-ე მუხლი}. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს.
42. უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (სუსგ 20.05.2013წ. №ას-1432-1351-2012, 14.02.2017წ. ას-934-899-2016, 22.06.2018წ. საქმე №ას-462-462-2018, 12.06.2018წ. საქმე №ას-440-440-2018).
43. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოვალეს ყოველთვიურად შესატანი თანხა უნდა გადაეხადა 2013 წლის 18 დეკემბერს, რაც მას არ შეუსრულებია. ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, თანხის ყოველი გადახდის მიმართ უნდა აითვალოს დამოუკიდებლად. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის – 2017 წლის 10 იანვრისათვის ხანდაზმული იყო სასარჩელო მოთხოვნა 2014 წლის 10 იანვრამდე გადასახდელის თანხის ანაზღაურების ნაწილში, 2014 წლის 10 იანვრის შემდეგ კი მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული გრაფიკის (ს.ფ. 24) საფუძველზე თანხის გადახდის შემდეგი თარიღი იყო 2014 წლის 20 იანვარი, რის შემდეგაც სარჩელი 2014 წლის 20 იანვარს, 18 თებერვალს, 18 მარტს, 18 აპრილს, 19 მაისს, 18 ივნისს, 18 ივლისს, 18 აგვისტოს, 18 სექტემბერს, 20 ოქტომბერს, 18 ნოემბერს, 18 დეკემბერს ყოველთვიურად გადასახდელი 172,41 აშშ დოლარისა და 2015 წლის 15 იანვარს გადასახდელი 169,36 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება, შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულობის მოტივით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მხარეს არასწორად უთხრა უარი.
44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას სრულად არ გამოუკვლევია მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებანი და მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არსებითად არ შეუფასებია მოსარჩელის მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების ნაწილში, როგორც ძირითადი საკრედიტო დავალიანების, სარგებლის, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრებისა და გადასახდელი თანხის ოდენობის ნაწილში.
45. ამდენად, სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 10 იანვრის შემდეგ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების განხორციელების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. 2014 წლის 10 იანვრამდე გადასახდელი თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში კი, გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება 2014 წლის 10 იანვრის შემდეგ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების განხორციელების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. 2014 წლის 10 იანვრამდე გადასახდელი თანხის ანაზღაურებაზე მოსარჩელისათვის უარის თქმის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი