Facebook Twitter

საქმე №ას-769-718-2017 27 სექტემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.თ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისის მერიასა (შემდეგში: მოსარჩელე, შემსყიდველი, მერია აპელანტი ან კასატორი, ) და სს „ს.კ.თ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მიმწოდებელი ან კომპანია ) შორის, 2013 წლის 26 თებერვალს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1.1.1./30/88 ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება). შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მხარეს არსებული გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 9 915 931.52 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა - 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (ტ.1,ს.ფ. 118-123).

2. ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემსყიდველის მიერ მიმწოდებელს ეტაპობრივად ეცნობებოდა შესაკეთებელი კონკრეტული ობიექტების მისამართი, პროექტი და შესრულების გეგმა-გრაფიკი (ტ.1,ს.ფ. 118). ამავე ხელშეკრულების მე-18 მუხლის თანახმად, მხარეთა შორის ყველა ურთიერთობა წერილობით ფორმდებოდა (ტ.1,ს.ფ. 122).

3. ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებული იყო ეცნობებინა შემსყიდველისათვის შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის დასრულების შესახებ. ამავე ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ დაქირავებული საექსპერტო ჯგუფი განახორციელებდა შესყიდვის ან მისი ნაწილის რაოდენობრივ და ხარისხობრივ შემოწმებას, რის შემდეგაც შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი.

4. ხელშეკრულების მე-12 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის განისაზღვრა საჯარიმო სანქციები, კერძოდ მე-12 მუხლის 2-ე პუნქტის შესაბამისად, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის ერთიდან ათ კალენდარულ დღეზე ვადით დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.25%-ის ოდენობით; გეგმა-გრაფიკის ათიდან ოცდაათ კალენდარულ დღეზე - გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.5%-ის ოდენობით, ხოლო გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.7%-ის ოდენობით.

5. შემსყიდველმა, 2013 წლის 17 ოქტომბერს, №07-18/13290870 წერილით მიმართა კომპანიის დირექტორს, რათა მას უზრუნველეყო ...... ქუჩის, .....№12 კორპუსთან, ..... ქუჩის ასფალტო-ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება 2013 წლის 31 ოქტომბრამდე (ტ.1,ს.ფ.17).

5.1 თითოეული ქუჩის მონაკვეთის შესრულების დრო და ხარისხობრივი მაჩვენებელი, ასევე ჩატარებული სამუშაოების ღირებულება 2013 წლის 6, 13 და 19 ნოემბრის, აგრეთვე, ამავე წლის 17 და 23 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება (ტ.1, ს.ფ. 18-29).

6. შემსყიდველმა, 2013 წლის 18 ოქტომბერს, 07-18/13291767 წერილით კომპანიის დირექტორს აცნობა, რომ მას უნდა უზრუნველეყო აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტო-ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება 2013 წლის 31 ოქტომბრამდე (ტ.1.,ს.ფ. 30).

6.1 მითითებული მონაკვეთის შესრულების დრო და ხარისხობრივი მაჩვენებელი, ასევე, ჩატარებული სამუშაოების ღირებულება 2013 წლის 20 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება (ტ.1,ს.ფ. 31-32).

7. შემსყიდველმა, 2013 წლის 5 ნოემბერს, წერილობით აცნობა კომპანიის დირექტორს, რომ მას უნდა უზრუნველეყო მუხათგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე ბეტონის კიუეტების მოწყობის სამუშაოების დასრულება 25 ნოემბრამდე, ..... ქუჩის მოასფალტების დასრულება 2013 წლის 10 დეკემბრამდე, .... ქუჩის მოასფალტების დასრულება 2013 წლის 10 დეკემბრამდე, ..... მე-12 კორპუსის ტერიტორიის მოასფალტების დასრულება 2013 წლის 15 ნოემბრამდე, დ..... , სკოლა „ქ–ის“ მიმდებარედ მოასფალტების დასრულება 2013 წლის 10 ნოემბრამდე, ...... ქუჩის მოასფალტების დასრულება 2013 წლის 15 ნოემბრამდე, .... დასახლების მოასფალტების დასრულება 2013 წლის 15 ნოემბრამდე (ტ.1~,ს.ფ. 33).

7.1 წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული მონაკვეთების შესრულების დრო და ხარისხობრივი მაჩვენებელი, ასევე, - ჩატარებული სამუშაოების ღირებულება 2013 წლის 17, 19, 23, 24, 25, 27, 30 დეკემბრისა და ამავე წლის 13 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება (ტ.1,ს.ფ. 34-57).

8. მხარეთა მიერ 2013 წლის 31 დეკემბერს შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ქ. თბილისში, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მხარეს არსებული გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები შესრულებული იყო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. შესრულებული სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენდა 9 743 486,65 ლარს, მათ შორის, დღგ - 1 486 294,57 ლარი იყო (ტ.1,ს.ფ. 87; 96-106).

9. მერიამ 2014 წლის 31 დეკემბრის №07-15/14365513 წერილით კომპანიას წერილობით აცნობა, რომ 2013 წლის ნოემბერსა და დეკემბრის თვეში შესრულებული სამუშაოები დასრულდა შეთანხმებული ვადის დარღვევით, შესაბამისად, მიმწოდებელს უნდა გადაეხადა საჯარიმო თანხა - 183 281,88 ლარი. აღნიშნულ წერილს არ დაეთანხმა მიმწოდებელი და მითითებული თანხა არ გადაუხდია (ტ.1,ს.ფ.58; 80-106).

10. დადგენილია, რომ კომპანიამ ქ. თბილისის სხვადასხვა უბნებში გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების განხორციელებისას დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადები.

11. სარჩელის საფუძვლები

11.1 მერიამ 2016 წლის 4 თებერვალს სარჩელი აღძრა კომპანიის წინააღმდეგ და მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს 183 281.88 ლარის დაკისრება მოითხოვა.

11.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია სამუშაოები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდა „ფორს-მაჟორულ“ გარემოებებს, რა დროსაც შესაძლებელი იყო მხარეს დადგენილ ვადაში ვერ შეესრულებინა ხელშეკრულების პირობები, მოპასუხეს, ასეთი გარემოებების თაობაზე არ უცნობებია.

12. მოპასუხის შესაგებელი

12.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით, აგრეთვე, სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე, სამართლიანია 0.05%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მისთვის, რაც მთლიანობაში 15 609.45 ლარს შეადგენს. ხოლო, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო და დამატებით 2015 წლის 3 თებერვალს მოსარჩელისათვის წარდგენილ №1-14/25 და №1-14/26 წერილებზე მიუთითა, რომლებზეც ამ უკანასკნელისაგან პასუხი არ მიუღია. მოპასუხის მტკიცებით, აღნიშნული წერილების მიხედვით დეტალურად, დოკუმენტურად და ფაქტობრივად დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით 183 281.88 ლარის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

12.2 საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების დროს მოსარჩელეს არ განუცხადებია რაიმე სახის პრეტენზია ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას. ამასთან, ადგილზე სამუშაოების მიმდინარეობის დროს იყო გარკვეული მიზეზები, რის გამოც მოხდა სახელშეკრულებო პირობების დარღვევა, მათ შორის, სხვა სამუშაოების გამო ასფალტის საფარის მოწყობის შეფერხება და, 2013 წლის დეკემბერში, მეტეოროლოგიური პირობების გამო, რამდენიმე დღით ქუჩების გზის საფარის მოასფალტების გადადება, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენდა სერიოზულ დარღვევას და ვადის გადაცილებაც არ გამოუწვევია.

13 . თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

13.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

13.1.1 კომპანიას მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 18 425.82 ლარის გადახდა დაეკისრა.

13.2 სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე, 649-ე, 653-ე, 417-420-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი და მე-4 პუნქტები).

13.3 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად ხელშეკრულების სათაურისა, მხარეთა შორის დაიდო არა ნასყიდობის, არამედ - ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელის შეკვეთების შესაბამისად, მოპასუხე მოაასფალტებდა კონკრეტული ქუჩის მონაკვეთებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და შესაბამისი ხარისხით.

13.4 სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების დროს რაიმე სახის „ფორსმაჟორული“ სიტუაციის არსებობაზე, რამაც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოიწვია ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევა. სასამართლოს შეფასებით, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ გეგმა-გრაფიკი სავალდებულო ხასიათს არ ატარებდა და შემსყიდველს შეეძლო ნებისმიერ დროს კონკრეტული ობიექტის შეკეთების თაობაზე ეცნობებინა მიმწოდებლისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხეს არც ხელშეკრულების დადების დროს და არც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში - 2014 წლის 31 დეკემბრამდე, რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია. შესაბამისად, მოპასუხისათვის ხსენებული პირობები მისაღები იყო და სწორედ მათ შესაბამისად იღებდა სამუშაოებს (შეკვეთებს) მერიისგან.

13.5 სასამართლოს შეფასებით მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სამუშაოების მიმდინარეობისას აკორექტირებდა დავალებებს, რამაც განაპირობა ვალდებულების შესრულების ვადების გაზრდა, რაიმე სახის მტკიცებულებები არ წარუდგენია მხარეს.

13.6 სასამართლოს დაასკვნა, საქმეში არსებული მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდებოდა, რომ შესრულებული სამუშაოები შეთანხმების შესაბამისი ხარისხის იყო, თუმცა, ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ამ სამუშაოების ვადის დარღვევით შესრულებაში გამოიხატებოდა. ის, რომ ვადის დარღვევით სამუშაოს შესრულებამ ზიანი გამოიწვია, მოსარჩელემ კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენით ვერ დაადასტურა,თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების საგანს დედაქალაქის ცენტრალური გზების მოასფალტება წარმოადგენდა, სამუშაოების დროში გაწელვამ ინფრასტრუქტურის შეფერხება გამოიწვია. ამდენად, ასეთი ხელშეკრულების დროულად შესრულების ინტერესი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ვინაიდან სამუშაოთა შესრულების ვადის დარღვევით იზრდება საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების საფრთხე.

13.7 სასამართლოს პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, მოპასუხეს დაეკისრა, შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან გამომდინარე, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, შემცირებული პროცენტი, კერძოდ:

13.7.1 ......ქუჩის ჩიხი - 35 058.9 ლარის ღირებულების სამუშაოების 48 დღის გადაცილებით შესრულებისათვის, 0.07%, შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 1177.97 ლარით;

13.7.2 ..... ქუჩიდან მე-12 კორპუსთან მისასვლელის - 49 755.16 ლარის ღირებულების სამუშაოების 7 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისათვის, 0.025%, შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 87.07 ლარით;

13.7.3 .... ქუჩიდან მე-12 კორპუსთან მისასვლელის - 140 505.97 ლარის ღირებულების სამუშაოების 14 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისათვის, 0.05%, შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 983.54 ლარის ოდენობით;

13.7.4 ....... ქუჩიდან მე-12 კორპუსთან მისასვლელის - 7 897.57 ლარის ღირებულების სამუშაოების 20 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისთვის, 0.05%, შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 78.97 ლარის ოდენობით;

13.7.5 ...... ქუჩიდან მე-12 კორპუსთან მისასვლელის - 97 285.59 ლარის ღირებულების სამუშაოების 54 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისათვის, 0.07%, შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 3677.39 ლარის ოდენობით;

13.7.6 თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიის - 32 711.26 ლარის ღირებულების სამუშაოების 21 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისთვის - 0.05%, შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 343.47 ლარის ოდენობით;

13.7.7 ...... ქუჩის - 53 746.55 ლარის ღირებულების სამუშაოების 8 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისათვის 0.025%, შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 107.51 ლარის ოდენობით;

13.7.8 ........ - 32 751.74 ლარის ღირებულების სამუშაოების 14 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისთვის 0.05%, შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 229.26 ლარის ოდენობით;

13.7.9 ....... ქუჩის - 87 060.71 ლარის ღირებულების სამუშაოების 15 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისათვის 0.05% შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 652.95 ლარის ოდენობით;

13.7.10 ..... ქუჩის - 26 132.87 ლარის ღირებულების სამუშოების 16 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისთვის 0.05%, შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 209.06 ლარის ოდენობით;

13.7.11 ..... ქუჩის - 149 260.08 ლარის ღირებულების სამუშაოების 21 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისთვის 0.05%, შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 1 567.23 ლარის ოდენობით;

13.7.12 დ....., სკოლა „ქ–ის“ მიმდებარედ - 18 771.26 ლარის ღირებულების სამუშოების 20 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისათვის, 0.05%, შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 187.71 ლარს;

13.7.13 სკოლა „ქ–ის“ მიმდებარედ - 190 852.48 ლარის ღირებულების სამუშაოების 28 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისთვის 0.05%, შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 2 671.93 ლარის ოდენობით;

13.7.14 სკოლა „ქ–ის“მიმდებარედ - 17 442.77 ლარის ღირებულების სამუშაოების 28 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისთვის 0.07%, შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 341.86 ლარის ოდენობით;

13.7.15 სკოლა „ქ–ის“ მიმდებარედ - 6 275.62 ლარის ღირებულების სამუშაოების 31 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისთვის 0.07%, შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 172.35 ლარის ოდენობით;

13.7.16 ლ.დ–ის - 172 352.31 ლარის ღირებულების სამუშაოების 4 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისათვის 0.025%, შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 172.35 ლარის ოდენობით;

13.7.17 .... დასახლების - 192 736.31 ლარის ღირებულების სამუშაოების 4 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისთვის 0.025%, შესაბამისად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 172.35 ლარის ოდენობით.

14 სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

14.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (შემსყიდველმა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

14.2. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად მოპასუხის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, თუმცა, მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო სრულიად დაუსაბუთებლად შეამცირა.

14.3. პირგასამტეხლო მხარეების მიერ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში იყო განსაზღვრული, რაც იმას გულისხმობს, რომ მოპასუხეს, როგორც იურიდიულ პირს, სრულად ჰქონდა გაცნობიერებული ვალდებულების დარღვევის შედეგი პირგასამტეხლოს დაკისრების სახით, შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

15 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

15.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მიმწოდებელს, მერიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 45 820.47 ლარის გადახდა.

15.2 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ წინამდებარე შემთხვევაში, აპელანტს ვალდებულების დარღვევის ფაქტი, პირგასამტეხლოს გადახდის წინაპირობების არსებობა და პირგასამტეხლოს დაანგარიშებული ოდენობა სადავოდ არ გაუხდია. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.

15.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისს წარმოადგენს, რა დროსაც დასაშვებია სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევა. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება, შემცირებას ექვემდებარება არა მაღალი პირგასამტეხლო, არამედ - „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო.

15.4 წინამდებარე შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოპასუხის მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა, შესრულების ხარისხი (რომელზეც მოსარჩელეს პრეტენზია არ გააჩნია), ასევე მოპასუხე კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხასიათი და დაადგინა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 45 820,47 ლარით.

16. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

16.1 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მერიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

16.2 კასატორის მტკიცებით, პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა, სახელშეკრულებო ურთიერთობებში სუსტი მხარის ინტერესების დაცვას ემსახურება, რა დროსაც ასეთი მხარე ხელშეკრულების დადებისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. წინამდებარე შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მიმწოდებელი გამოცდილი სამეწარმეო სუბიექტია, ივარაუდება, რომ პირგასამტეხლოს ოდენობაზე შეთანხმება, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი ყოფილიყო, მხარის ნამდვილ ნებას გამოხატავს და შემცირებას არ ექვემდებარება.

16.3 კასატორის განმარტებით, იმ ფონზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ვალდებულების შესრულების ვადის დაცვასთან დაკავშირებით, რა დროსაც, ვადის დარღვევის შემთხვევაში იზრდება საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების საფრთხე, ხოლო წინამდებარე შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევა, სწორედ შესასრულებელი სამუშაოების ვადაგადაცილებაში გამოიხატებოდა, უსაფუძვლოა პირგასამტეხლოს შემცირება.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

17.1 შემსყიდველის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

23. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია:

23.1 ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება;

23.2 პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

24. წინამდებარე შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის საკითხს.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმებისას გასათვალისწინებელია ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ და სხვ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნით შედავების პერიოდამდე, რაც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში.

26. საგულისხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.,სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “

27. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მხარეს არსებული გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი). საქმის მასალებით დასტურდება და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჩასატარებელ სამუშაოებთან მიმართებით, კერძოდ, შესრულებული სამუშაოს ხარისხი შეესაბამებოდა შეთანხმებულ პირობებს, ხოლო ვალდებულების დარღვევა გამოიხატა შესრულების ვადის გადაცილებაში, რასაც კონკრეტული ზიანი მხარისათვის არ მოუტანია. შესაბამისად, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების დაუსაბუთებლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.

28. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

30. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე